ჩაქურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აჭარელი

ჩაქურა - მამაკაცის ტანსაცმლის კომპლექტი, რომელიც გავრცელებული იყო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურია-აჭარასა და სამეგრელოში. ამ ტიპის ტანსაცმლისათვის დამახასიათებელია ჩოხა–ახალუხის უჩვეულო სიმოკლე, რომელთა სიგრძე მამაკაცის წელს ეთანასწორება.

მასალად გამოიყენებდნენ როგორც ადგილობრივი, ისე ფაბრიკულ ნაწარმს, კერძოდ, საჩოხე შალეულს, ახალუხებისათვის კი აბრეშუმის ტილოს ან ბამბის ქსოვილების, ელეგისათვის შალს და მაუდს. ამავე მასალისაგან ამზადებდნენ შარვლებს. სარჩულად იყენებდნენ ატლასს, სატინას, ნარმას.

კომპლექტის ძირითადი ელემენტებია: მოკლე, წინჩახსნილი, მასრებიანი ჩოხა - „ჭონია“ // „კვარტუა]“, მოკლე, ორჯიბიანი, საყელოიანი და გულდახურული ახალუხი - „ზუპუნა“ და მის შიგნით ჩასაცმელი უსახელოებო ზედატანი - „ელეგი // ელეღი // კანთარი (რაჭ.) // საბეჭური (ლეჩხ.) // დუშლუღი (კახ.)“, განიერუბიანი შარვალი „ჩაქურა“, რომლის სახელწოდება შემდგომ კომპლექტის აღმნიშვნელიც გამხდარა, ამ ტიპის კომპლექტის თავსაბურავში შედის ცხვრის ტყავისა და ქეჩის ქუდები, ასევე ყაბალახი და ფაფანაკი, ფეხზე წინდა-პაიჭებთან ერთად ქალამანი, მესტები, ჩექმები.

ჩაქურიან მამაკაცებს წელზე ერტყათ ჭრელი აბრეშუმის ფართე და გრძელი „თოლაბულუხის სარტყელი“ და ტყავის ქამარი - „ბელყაიში“, რომელზედაც ეკიდათ ან გაჩრილი ჰქონდათ იარაღი (მოკლე სატევარი, დამბაჩა - „ფიშტო“ და სხვადასხვა ნივთები (სავაზნე, საქონე, მათარა, ქისა და სხვ.).






წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები