წმინდა ნინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წმინდა ნინო - კაპადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. საეკლესიო გადმოცემით ცნობილია, რომ იგი წმ. გიორგის უახლოესი ნათესავი გახლდათ. წმ. ნინო განთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის - სოსანას ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ.

წმინდა ქალაქში მისვლის შემდეგ ნინოს მამამ, ზაბულონმა, ბერად აღკვეცა გადაწყვიტა; გამოემშვიდობა ოჯახს და იოდრანეს გაღმა უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ.

ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა მისივე სურვილით უძლურ დედათა მომვლელად განაწესა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, ბათლემელ სარა ნიაფორას, ქრისტეს საფლავის მომვლელს.

აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი საქართველოში. ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღმრთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: „წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი“. ამაზე ნეტარმა ნინომ უპასუხა: როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: „მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა“. გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეჭირა ხელში. მან სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმებით შეკრა იგი. ამით წმ. ნინომ თავი იესო ქრისტეს ტყვედ გამოაცხადა.

ამის შემდეგ ნინომ ბიძას, პატრიარქ იუბენალს უამბო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ და გაუმჟღავნა სურვილი საქართველოში საქადაგებლად წასვლისა. პატრიარქმა იუბენალმა აღსავლის კარებთან დააყენა დისწული, ხელი დაადო თავზე და უფალს შეჰღაღადა: „უფალო ღმერთო მარადისობისაო, შეგავედრებ ობოლსა შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ მას ქადაგებად ღმრთაებისა შენისა, რათა ახაროს აღდგომა შენი და სადაც სასურველი იყოს შენთვის მიმოსვლა და ქადაგება მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, მას მეგზურად, ნავსადგურად, მოძღვრად და ენის შემაცნებელად ისე, ვითარცა იქმოდი ამას წინამორბედთა, მოშიშთა სახელისა შენისათა მიმართ.“

წმ. ნინოს ზეციურმა ხმამაც მოუწოდა, აღმოსავლეთით წასულიყო და ის საქმე აღესრულებინა, რაც ღმრთისმშობელმა დაავალა.

ზეციური ხმით გაძლიერებული წმ. ნინო ჯვრით, უფლისადმი რწმენითა და სიყვარულით აღსავსე გულით უმალვე გამოეშურა იბერიისაკენ. იგი 1 ივნისს შემოვიდა საქართველოში. ფარავნის ტბასთან გაიცნო მცხეთელი მწყემსები. მან ისევ მიიღო ღმრთისაგან ზეგარდმო ლოცვა-კურთხევა „მცხეთას წარმართ ქადაგებისა“, თანამგზავრებიც იპოვა და ტანჯვა-წამებით მიაღწია ურბნისს. წმინდანმა იქ სულ ერთი თვე დაყო. არმაზის კერპის საცემად მიმავალ ხალხს ისიც შეუერთდა და მცხეთაში ჩავიდა.

საშინელი სანახაობა დახვდა იქ წმინდანს: „მეფენი, მთავარნი და ყოველი ერი შიშით ძრწოდნენ კერპთა წინაშე“. შეწუხდა ქალწული: „უფალო, მოხედენ წყალობით ამათ ზედა ნათესავთა, რათა ყოველმან ერმან მხოლოსა ღმერთსა თაყვანი გცენ იესოს მიერ ძისა შენისა“, - შეჰღაღადა მან ღმერთს. უეცრად ამოვარდა საშინელი ქარი, წამოვიდა სეტყვა და კერპები შემუსრა. შეშინებული ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტა. ეს მოხდა 19 აგვისტოს ახალი სტილით (ძვ. სტილით 6 აგვისტოს) ფერისცვალება დღეს, რაც სიმბოლურად ქართველთა სულიერ ფერისცვალებას წარმოადგენდა, რადგან იწყებოდა საქართველოს მოქცევა წარმართობიდან ქრისტიანობისაკენ. როცა ყველაფერი დასრულდა, წმ. ნინომ ნაციხართან მდგარ ე.წ. „ბრინჯის ხეზე“ ჯვარი გამოსახა და ღმერთს შეცდომილი ერის ხსნა შეავედრა. იგი 6 დღე ლოცულობდა ამ ჯვართან.

წმ. ნინო ექვსი დღის მერე მცხეთაში ჩამოვიდა. მას პირველად დედოფლის სეფექალი - შროშანა შეხვდა, რომელმაც სთხოვა სასახლეში წაჰყოლოდა, მაგრამ წმ. ნინომ არ ინება. იგი სამეფო ბაღის მცველის მეუღლეს ანასტოს (ანასტასიას) დაუმეგობრდა და მის ბინასში ცხოვრობდა 9 თვე. ცოლ-ქმარი ძალზე განიცდიდა უშვილობას. ერთხელ წმ. ნინომ იხილა ნათლით მოსილი კაცი, რომლის რჩევით ცოლ-ქმარს შეაჭამა მიწა, რომელიც აიღო იმ მშვენიერი კვიპაროსის ძირიდან, რომელიც საოცარ სურნელებას გამოსცემდა და ყოველგვარ ტკივილს უამებდა წმ. ნინოს. ცოლ-ქმარს შვილი შეეძინა.

გახარებულმა ცოლ-ქმარმა აღიარა ქრისტე და დაემოწაფა წმიდანს. ნინოს ირგვლივ თანდათან იკრიბებოდნენ ქრისტეს რჯულის თაყვანისმცემლები. ერთხელ ნანა დედოფალი სასიკვდილოდ დასნეულდა, სასოწარკვეთილი დედოფლის მსახურნი წმ. ნინოსთან მივიდნენ, აუწყეს ყოველივე და სასახლეში გაყოლა სთხოვეს. „არა ბრძანებულ არს ჩემდა, რათა განვიდე, სადა შვება ჩვენი არა არს. არამედ დედოფალი, მოვედინ სოფელსა ამას ჩემდა და ჭეშმარიტად განიკურნოს ძალითა ქრისტესითა“ - უპასუხა წმიდანმა.

ნანა დედოფალი დაემორჩილა წმიდანის სურვილს. წმ. ნინომ ილოცა, ჯვარი გარდასახა და განკურნა იგი. ამის შემდეგ ნანა დედოფალმა აღიარა ქრისტე.

წმ. ნინოს მიერ უამრავი კურნებანი აღესრულებოდა და ქრისტიანთა რიცხვიც იზრდებოდა.

წმ. ნინო ხანდაზმული გარდაიცვალა სოფელ ბოდბეში, სადაც დღეს არის მისი სახელობის მონასტერი. წმ ნინი ბოდბეშივეა დასაფლავებული და მის საფლავზე აგებულია წმ. გიორგის სახელობის ტაძარი.



წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები