ბრინჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრინჯი - (Oryza sativa L.). „ჩელთუქი“ – ბრინჯი, „ორიზა“ // „ორზა“ // „ორგზა“ (მეგრულად). დასავლეთ საქართველოში ბრინჯის მოყვანის მდიდარ ტრადიციებზე მიუთითებს ეთნოგრაფიული მასალები და ისტორიული ცნობები.

ბრინჯი

არქანჯელო ლამბერტის (XVII ს.) მოწმობით, სამეგრელოში ბრინჯი იმდენი მოჰყავდათ, რომ ის ექსპორტის საგნადაც იყო ქცეული. „... ქვეყნის მრავალ ნაწილში, სადაც წყალი დგას და არ შეიძლება ღომის თესვა, თესავენ ბრინჯს, რომელიც ისე ბლომად მოდის, რომ არამცთუ აქაურებს ყოფნის, არამედ მიაქვთ თურქეთის გემებს, რომელნიც აქ მოდიან“ (ლამბერტი, 1938).

ვახუშტი ბაგრატიონი (XVIII ს.) სამეგრელოს (ოდიშის) აღწერისას აღნიშნავს: „...ბრინჯი ნაყოფიერებს ურწყავად“ (ვახუშტი, 1941).

საქართველოში გავრცელებული ყოფილა, აგრეთვე, მთის ანუ მშრალი ბრინჯის (Oryza montanaLour.) კულტურაც.

გ. ჯალაბაძის (1990) ცნობით, გურიაში ბრინჯის ორი სახეობა ითესებოდა, მშრალი და ნოტიო ნიადაგებისათვის. ბრინჯის თესვა 20 აპრილამდე უნდა დამთავრებულიყო. აღმოცენებას ორი კვირის შემდეგ იწყებდა. ჯერ გამარგვლავდნენ მერე კი გათოხნიდნენ; როდესაც თესლი ოქროსფერს მიიღებდა, შემოსულად ითვლებოდა და ენკენისთვეში ნამგლით ძირში მოჭრიდნენ, შეკონავდნენ პატარა კონებად და გადაჰქონდათ, აწყობდნენ გადახურულ ადგილზე, რომ კარგად გამომშრალიყო, შემდეგ მას ფიცარზე „დარეკავდნენ“, კაკალს გააყრევინებდნენ და ბეღელში ინახავდნენ. გამოყენების წინ ბრინჯს ჩამურში ყრიდნენ და ჩენჩოს აცლიდნენ. მშრალი ბრინჯი გავრცელებული ყოფილა, როგორც გურიაში, ისე სამეგრელოში, აჭარასა და ლაზეთში (ჯალაბაძე, 1990).

ივ. ჯავახიშვილი (1930) ითვალისწინებდა რა ნ. მარის ცნობებს, აღნიშნავდა: „ჭანეთში ყოფილა ბრინჯის ადგილობრივი მუქი, მაგრამ გემრიელი ჯიში, რომელიც თურმე ურწყავია, მთაშიც კი ხარობს და მშრალ ადგილებშიც იზრდება“

ჯ. რუხაძე (1976) აღნიშნავს, რომ მშრალი ბრინჯი ძირითადად მთაში იყო გავრცელებული.

ლაზები ბრინჯის თესვას 15 აპრილიდან იწყებენ. ბრინჯს ქალები თესავენ. მაისში ბრინჯის თესვა დამთავრებულია. დადგება თუ არა შემოდგომა, იწყება ბრინჯის მკა. მომკილ ბრინჯს კონებად კრავენ. მამაკაცები მხოლოდ მკისა და შემოზიდვის დროს ეხმარებიან დედაკაცებს და გოდრების საშუალებით ჭერში აზიდავენ. თუ ბევრია, ზვინს დგამენ. დროდადრო გამხმარ კონებს მინდორში შლიან და სარს ურტყამენ; ქარიან ამინდში „აბაით“ (ჩანგლით) ანიავებენ, რასაც „ოხინწუ“ ეწოდება. ზამთარში ჭერიდან ჩამოყრიან და ხარით ან ცხენით ლეწავენ (ვანილიში, თანდილავა, 1964).

ბრინჯის კულტურას მისდევდნენ ზღვისპირა ზოლში, მდ. ჩოლოქიდან სოფ. მაკრიალამდე. მოგვიანებით თესავდნენ ურწყავ ბრინჯს, ძირითადად მშრალ ფერდობებზე (თურმანიძე, 2004)

ნ. კეცხოველის (1957) მონაცემებით, ბრინჯის გავრცელების ზონაა კოლხეთის დაბლობი, კახეთისა და ქვემო ქართლის დაბლობები.

ქართული საისტორიო საბუთების თანახმად, ბრინჯი კახეთში „ჩელთუქის“ სახელით მოიხსენიებოდა; ხოლო ნაკვეთი, რაზედაც ბრინჯი მოჰყავდათ, საჩელთუქე ალაგად. კახეთში ბრინჯის მოყვანაზე მიუთითებს ვახუშტი ბატონიშვილი (ბატონიშვილი, 1941). ი. გიულდენშტედტი (XVIII ს.) თავისი მოგზაურობის აღწერილობაში აღნიშნავს, რომ ბრინჯი მოჰყავდათ კახეთში (გიულდენშტედტი, 1962)

სამეგრელოში მცხოვრებ უხუცესთა ცნობებით, „ბრინჯი – „ორიზა“ ან „ორზა“ ითესებოდა აბაშის რაიონში, ჭალადიდში, მდ. ნოღელას ჭენჭყობიან ნაპირებზე. საკმაოდ უხვ მოსავალს იძლეოდა. მარცვლის შეფერილობა ოდნავ ღვინისფერი იყო. იყენებდნენ ფაფის დასამზადებლად. ბრინჯის ფაფა მაწიერ, დიეტურ, სამკურნალო საკვებად ითვლებოდა. ღვინის ნარევთან ერთად დამზადებულ ფაფას იყენებდნენ ოფლის მოსადენად გრიპისა და სურდოს დროს, „ტიბუს“ სახით“ (აბაშის რ-ნი, სოფ. სეფიეთი, მთხრ. ვ. ბაღათურია, 1999).

ბრინჯი ითესებოდა ადრე გაზაფხულზე. შემოდგომაზე მოსავალს ჭრიდნენ ნამგლით, ახმობდნენ და შემდეგ რბილად ცეხვავდნენ. ძველად ბრინჯისაგან დამზადებულ შეჭამანდს „მასულყას“ უწოდებდნენ. მისი სამკურნალო დანიშნულება უმთავრესად შემკვრელი თვისება იყო (წუწუნავა, 1960; მაისაია და სხვ., 2005).

საქართველოს ტერიტორიაზე ბრინჯის კულტურის მოსაყვანად სათანადო აგროპირობები არსებობს, შავი ზღვის სანაპირო ზოლში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები