ანთროპონიმიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანთროპონიმიკა − ონომასტიკის დარგი, რომელიც მეცნიერულად შეისწავლის ადამიანთა ნებისმიერი საკუთარი სახელის წარმოშობისა და ცვლა-განვითარების ისტორიას, მათ სტრუქტურას, ფუნქციებს, გეოგრაფიის გავრცელების იზოგლოსებს. როგორც ენათმეცნიერების დარგი, 1960-70-იან წლებში ჩამოყალიბდა. არჩევენ თეორიულ და გამოყენებით ანთროპონიმიკას.

თეორიული ანთროპონიმიკა თანმიმდევრულად შეისწავლის საკუთარ სახელთა წარმოქმნისა და განვითარების საფეხურებს იმ პროცესების გათვალისწინებით, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე მიმდინარეობდა ენაში. თეორიული ანთროპონიმიკის სფერო მოიცავს ისეთ კარდინალურ საკითხებს, როგორიცაა: ანთროპონიმთა სტრუქტურა, მათი მოდელირება, ანთროპონიმებში ისტორიული პლასტების, ანუ ენობრივი დანაშრევების გამოვლენა და ენათა ურთიერთგავლენის ხასიათი, მასშტაბები, ანთროპონიმული უნივერსალიები. თეორიული ანთროპონიმიკა ემყარება კვლევა-ძიების იმავე ფორმებსა და მეთოდებს, რომლებსაც ონომასტიკის სხვა – ძირითადი და მომიჯნავე დარგები (ტოპონიმიკა, ისტორიული გეოგრაფია, რელიგიის ისტორია.) იყენებენ.

გამოყენებითი ანთროპონიმიკა ძირითადად შეისწავლის პირთა სახელების ნორმების პრობლემატიკას, არკვევს საკუთარი სახელის შეღწევისა და ადაპტირების მექანიზმს მონათესავე და არამონათესავე ენებში. გამოყენებითი ანთროპონიმიკის ერთ-ერთი ამოცანაა ანთროპონიმული ლექსიკონების შედგენა. ამას გარდა, ანთროპონიმიკის სპეციალისტი მოვალეა აქტიურად ეხმარებოდეს სათანადო სახელმწიფო ორგანოებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაფორმებისას ზოგი სადავო სახელის მართლწერის მოგვარებაში. გამოყენებითი ანთროპონიმიკა უშუალოდ არის დაკავშირებული მეცნიერების ისეთ დარგებთან, როგორიცაა: ისტორია, ეთნოგრაფია, ლინგვისტური გეოგრაფია, ანთროპოლოგია, იურისპრუდენცია, ფოლკლორი, კულტუროლოგია.

საქართველოში ონომასტიკური მუშაობის დიდი ტრადიცია არსებობს.

გ. ბედოშვილი



ლიტერატურა

  • ლორთქიფანიძე ი. ქვემო ქართლი XVIII ს. პირველ მეოთხედში, ნაწ. I-II, თბ., 1935; ნაწ. III-IV, თბ.. I938:
  • ლეონიძე გ. ქართული სახელები. – გაზ. „ლიტერატურული საქართველო“. 1967, I7 მარტი. № 12;
  • „ტბეთის სულთა მატიანე" (გამოსაცემად მოამზადა. გამოკვლევა და საძიებელი დაურთო თ. ენუქიძემ), თბ., 1977;
  • მაისურაძე ი. ქართული გვარსახელები, თბ., 1981. (1990);
  • ჭუმბურიძე ს. რა გქვია შენ?, თბ., 1982;
  • მისივე, დედაენა ქართული, თბ., 1987;
  • ღლონტი ა. ქართველური საკუთარი სახელები. თბ. 1986;
  • პირთა ანოტირებული ლექსიკონი, თბ.. ტ. I. 199!; ტ.II, 1993: ტ. III,2004 (გამოცემულია საქართველოს მეცნ. აკად. კ· კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტის კოლექტივის მიერ);
  • გურიის თავადთა და აზნაურთა ოჯახები (ს. ჭუმბურიძისა და ქ. ჩხატარაიშვილის რედაქციით, ფოტოტიპური გამოცემა). თბ. 1993;
  • გაგულაშვილი ი. ქართული გვარები, საკუთარი სახელები (ებრაულ. სახელთა მცირე ლექსიკონი), ქუთაისი, 1991;
  • ახუაშვილი ი. ქართული გვარ-სახელები, თბ., 1994;
  • ჯომიდავა ნ. კოლხური გვარ-სახელები, თბ., I996;
  • ბექირიშვილი ი. ასი აჭარული გვარი, ბათ., 1996;
  • სილაგაძე ა. თორაძე ა გვარსახელები საქართველოში (საცნობარო გამოცემა). თბ., 1997.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები