ანტონი მესხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტონი მესხი — წმინდანი (ხსენების დღე 16/29 03).

ანტონი ღრმად განათლებული „მოღვაწე და მმართველობითა სრული“ წმ. მამა დავით გარეჯელის ლავრაში მოღვაწეობდა, ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ არ შემონახულა, მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ მას „სახელსდვეს ქართველთა მზედ“, ბევრ რამეზე მეტყველებს.

ანტონი პიმენ სალოსთან ერთად მოღვაწეობდა ღვთის სადიდებლად და ქვეყნის სასარგებლოდ. ქვეყანა კი ამ დროს საოცრად დაცემული და განადგურებული იყო: მონღოლთა შემოსევებით გამწარებულ მოსახლეობაში იმძლავრა ურწმუნოებამ, თვით წმ. მეფე დემეტრე თავდადებულიც აღერია უწესობაში, მაგრამ იყვნენ ღვთისა და ერის წინაშე თავდადებულნი, რომლებიც ყოველნაირად ცდილობდნენ ხალხის ქრისტესკენ მობრუნებას. კათოლიკოსმა ნიკოლოზმა მეფე დემეტრე ამხილა უსჯულოებაში. მეფის ურჩობამ კათოლიკოსი აიძულა, თავისი ნებით დაეთმო საპატრიარქო ტახტი და უბრალო განდეგილი ბერის ცხოვრებით ეცხოვრა.

საღვთო მადლით გაბრწყინებულმა მამებმა – პიმენმა და ანტონმა – კარგად იცოდნენ, თუ მეფე და მთავრები შეინანებდნენ, შეინანებდა ხალხიც, და ამიტომ მათ ერზე ზრუნვა მეფის დამოძღვრითა და მხილებით დაიწყეს. „ქართლის ცხოვრებაში“ წერია, რომ წმ. ბერები ამხელდნენ „მეფესა და ყოველსა ერსა, გარნა არარაჲ ისმინეს“.

ბერებმა სალოსობის, მეფისა და ერის მხილების საოცრად დიდ და გაბედულ ღვაწლს წარმართებს შორის ქადაგებაც დაუმატეს. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, რომ წმ. პიმენმა „ნათესავი ლეკთა წარმართობისაგან მოაქცია, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა“.

ღვთის ნებითა და წმინდანთა ლოცვით აღსრულდა წმ. პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის დიდი სურვილი – მეფე დემეტრემ არა მარტო თავისი უსჯულოება შეინანა, არამედ მოწამებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე. ერი ფეხზე წამოდგა, მისთვის თავდადებული ბერები წმინდანთა დასში შერაცხა და მათი ხსენება ერთად დააწესა.

ლიტერატურა

ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი, თბ., 2004.


Logo1.JPG ანტონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები