არაბული შაბურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შაბურა არაბული

არაბული შაბურა – (1952 – 2003), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ჯუთაში (ყაზბეგი). სკოლის დამთავრების შემდეგ თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯუთაში დაბრუნდა და ერთი წელი ყაზბეგის სკოლა-ინტერნატში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1996 წელს კვლავ თბილისში დაბრუნდა, მაგრამ თავისი პროფესიის შესატყვისი სამსახური მას აღარ ჰქონია. გარდაიცვალა 2003 წლის ზაფხულში, მშობლიურ სოფელში. იქვე დაკრძალეს. მის საფლავის ქვაზე ორი სტრიქონია ამოკვეთილი მისივე ლექსიდან: „მივალ... წავედი, ჯვარი გეწეროთ, ჩემო მთებო და ჩემო ნისლებო!“ გამოცემულია მისი კრებულები: „ლექსები” (1978), „იმედის ვარსკვლავები” (1996), „უღელტეხილი” (2005).


* * *
დევების ქვაბში გვენთო კოცონი
და ნაქალაქარ გულებს ვითბობდით
და მას, რაც გვწამდა, ანდა მოგვწონდა,
ვადღეგრძელებდით ყანწით თითოთი.
წვიმდა... ამინდი უცბად გაცუდდა,
ცეცხლს თაყვანს ვცემდით სამი წარმართი;
და გვიხაროდა, რომ ხარბ საწუთროს
ერთი კარგი დღე კიდევ წავართვით.
სასთუმლად ქვები გვეწყო მომცრონი,
ღონიერ მთაზე ბეჭებმინდობილთ,
დევების ქვაბში გვენთო კოცონი
და ნაქალაქარ გულებს ვითბობდით.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები