არქაიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არქაიზმი – (ბერძნ. archaios – ძველი), მოძველებული სიტყვა ან გამოთქმა, გრამატიკული ფორმა ან კონსტრუქცია, რომელიც გამოსულია თანამედროვე ენის აქტიური სიტყვა ხმარებიდან.

არქაიზმი შემორჩენილია მხოლოდ პასიურ ლექსიკაში. თუმცა მეტ-ნაკლებად მაინც გასაგებია სათანადო ენობრივი კოლექტივისათვის. გამოიყოფა ლექსიკური და გრამატიკული არქაიზმები. ლექსიკური არქაიზმი შეიძლება იყოს საკუთარიც (ჭამადი, მეზუერე, ჰრქუა, მოსთულა, მიერითგან, რამეთუ) და ნასესხებიც (არშინი, უსალთუნი, ვერსი). გრამატიკული არქაიზმია: სახელობითი ბრუნვის –ი ფუძეხმოვნიან სახელებთან (დაი, მზეი), მოთხრობითი ბრუნვის -მან (ცამან), -ში და -ზე თანდებულთა სრული ფორმები (ცათა შინა, ქუეყანასა ზედა), მოქმედებითი ბრუნვის უთანდებულო ფორმა გამოსვლითის ფუნქციით („გველსა ხვრელით ამოიყვანს“), -ის დაბოლოება ვნებითის III პირის აწმყოში (თბების), ზმნისწინთა ძველი ფორმები (აღვიდა, განერიდა, შთავარდა, წარიღო). ზოგჯერ ეს ზმნისწინები მნიშვნელობათა გასამიჯნავად იხმარება თანამედროვე ქართულში. შდრ.: აღდგომა – ადგომა, განგება – გაგება, წარმატება – წამატება; სინტაქსურ არქაიზმს ქმნის გაუფორმებელი სახელური ფუძის ხმარება სახელობითი და მოთხრობითი ბრუნვების ფუნქციით ანთროპონიმებში (აბრაამ შვა ისააკ), სახელობითში დასმული ობიექტის მრავლობითობის აღნიშვნა ზმნაში (განახვნა ბჭენი), ნაწევრის ხმარება სახელთან (კაცი იგი, კაცსა მას), მსაზღვრელ-საზღვრულის შებრუნებული წყობა (ძლიერნი ამა ქვეყნისანი) და სხვ.

მხატვრულ ლიტერატურაში არქაიზმი სტილისტიკურ ხერხად გამოიყენება, კერძოდ, ისტორიულ რომანებსა და ლირიკაში ემსახურება გარკვეული ეპოქის კოლორიტის ან ამაღლებული განწყობილების გადმოცემას: „არ განერება (=მოშორდება, მოსცილდება) ხატი ძლიერი იმ წმიდა ადგილი!“ (ე. ბარნ.); „საქართველოის ყოვლის მპყრობელმან ვისურვე, დავით“ (ა. კალანდაძე). პუბლიცისტიკასა და ორატორულ მეტყველებაში არქაიზმი გამოიყენება საზეიმო სტილის, აგრეთვე კომიკური ეფექტების, უარყოფითი დამოკიდებულების (ირონიის, სარკაზმის, სატირის) გამოსახატავადაც. ზოგ გრამატიკულ არქაიზმს თანამედროვე ენაში ტერმინოლოგიის საწარმოებლად იყენებენ. მაგ. ნარიანი მრავლობითი იხმარება ბიოლოგიურ ტერმინთა საწარმოებლად (ბაიასებრნი, ტუჩოსანნი, ჩანოოსანნი), თანიანი ნათესაობითის ფორმები კი – სხვადასხვა (გეოგრაფიულ-პოლიტიკური საზოგადოებრივი გაერთიანებების) სახელწოდებებში (ერთა ლიგა, ქალთა სკოლა, მხატვართა კავშირი).

ამა თუ იმ მიზეზით არქაული ფორმა შეიძლება კვლავ გაცოცხლდეს თანამედროვე ენაში.

მ. აფრიდონიძე



ლიტერატურა

  • გიგინეიშვილი ი. არქაიზმების საკითხისათვის. – კრ: „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“. წგ II. თბ. 1997.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები