აღმოსავლური გრეიპფრუტი (ნაცუ-დაიდაი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აღმოსავლური გრეიპფრუტი

აღმოსავლური გრეიპფრუტი - გრეიპფრუტების ჯგუფზე პირობითადაა მიკუთვნებული. ციტროლოგების აზრი ამ ფორმაზე მეტად სხვადასხვანაირია: ზოგი ხედავს მასში დამოუკიდებელ თავისებურ სახეობას (Hayata),ზოგი მეტ მსგავსებას პოულობს გრეიპფრუტებთან (მარკოვიჩი) და ზოგიც უნათესავებს ფორთოხლებს. არსებობს აგრეთვე აზრი, რომ აღმოსავლური გრეიპფრუტი არის გარდამავალი ფორმა პომპელმუსებსა, კოტოკანსა და ფორთოხლებს შორის.

აღმოსავლური გრეიპფრუტი ფართოდ გავრცელებულია იაპონიაში, სადაც ამ ფორმამ განიცადა ხანგრძლივი სელექციური დამუშავება და მეტად საინტერესო ჯიშებიც მოიპოვება; მას იქ მანდარინების შემდეგ პირველი ადგილი უჭირავს.

ხე

აღმოსავლური გრეიპფრუტი ძლიერ ცვალებადია და ჩვენს ნარგავებშიც ვხვდებით მეტად განსხვავებულ და საინტერესო ფორმებს. მცენარე წარმოადგენს ფართოდ გაშლილ ხეს; დატოტიანება ძლიერი აქვს, ვარჯი შედგება რამდენიმე მაგარი, ძლიერ გატოტვილი, უეკლო შტოსაგან. ეკალი უჩნდება, ძლიერ პატარა ზომის, ფორთოხლის ეკლისმაგვარი.

ფოთოლი ფორთოხლის მსგავსია, საშუალო სიდიდისა, ვიწროდ შემორკალული ფრთებით. ნორჩი ყლორტები მცირედ შებუსვილია;

ყვავილი საშუალო ზომისაა; გვირგვინის ფურცლები ცოტა მომწვანოა, ჯამი შებუსვილი; დინგი მსხვილია, ზედა ნაწილში გაფართოებულია; მტვრიანები მრავალი აქვს. მცენარე საკმაოდ ყინვაგამძლეა.

უხვმოსავლიანობა, ადრეულობა, კარგი ტრანსპორტაბელობა, დიდხანს შენახვის უნარიანობა, აგრეთვე ნაყოფის მრავალმხრივი გამოყენება ყურადღების ღირსად ხდის ამ ნარინჯოვანს. აღმოსავლური გრეიპფრუტის უფასო მაღალხარისხოვანი ფორმების გამოსავლინებლად საჭიროა კლონური სელექცია და შემდგომი სელექციური მუშაობა უკეთესი ჯიშების შესაქმნელად. ჩვენ დღესაც მოგვეპოვება რამდენიმე საინტერესო ფორმა, რომლებიც აღმოჩენილ იქნა საქართველოს ძველ პლანტაციებში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლების მიერ.

ეს ფორმები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიტკბო-სიმწარე-სიმჟავის სხვადასხვა შეფარდებით.

ნაყოფი

ნაყოფი საკმაოდ დიდი, მსხლისმაგვარია, ხორკლიანი ზედაპირით. სიმაღლე – 7,7–9,2 სმ, დიამეტრი – 8,4–10,0 სმ. წონა – 263–371 გრამი, ფერი ყვითელი. წვერი მოსწორებული აქვს, ფუძე ძლიერ ბორცვიანი, წაწვრილებული, შემოჭერილი რკალისმაგვარად.

კანი სქელია – 0,6–0,7 სმ. გარე შრიდან ქვეფენისაკენ თანდათანობით შეყვითლებული, გემო მწარე. შებმულობა ქვედა ფენასთან და რბილობთან ძლიერია. გულის ღერძი დიდია 2 სმ. დიამეტრი ამოვსებული. სეგმენტები თანაბარი, ბლაგვსოლისებრია; სირბილე ყვითელი ნარინჯისფერია, მსხვილი და გრძელი საწვნე უჯრედებით.

წვენი უხვი, ძლიერ მჟავე და უფერული აქვს. სირბილის კონსისტენცია მსხვილმარცვლოვანია, თესლი მრავალია, 25–30, თეთრი და სქელი გარსით. თესლის ქვედა საფარი ვარდისფერია, ქალაძასთან მუქი ვარდისფერი. ლებნები თეთრია – 3–4 რაოდენობით.

ნაყოფი შეიცავს ვიტამინ „C“-ს, მაღალი ხარისხის ეთეროვან ზეთს და პექტინის დიდ რაოდენობას. ნაყოფი შენახვისას უმჯობესდება. აჭარაში ნაპოვნია აღმოსავლური გრეიპფრუტის ადრეულა ფორმა, რომელიც შეიძლება ნოემბერში დაიკრიფოს.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები