ბაკურ იბერიელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაკურ იბერიელი – (დაახლ. 396-416), ფარნავაზიანთა სამეფო სახლის რევიანთა შტოს ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი.

ირანისა და რომის მიერ ქართლის ორ სამეფოდ გაყოფის (309) შემდეგ რევიანთა კუთვნილი ქართლი (ცენტრით არმაზში) რომის გავლენის ქვეშ მოექცა. ქართლის ამ ნაწილის მეფეები უფლისწულებს მძევლებად იმპერიაში გზავნიდნენ; ასე მოხვდა ბაკურ იბერიელი რომის იმპერიაში და სამხედრო ასპარეზზე დაწინაურდა. მან, როგორც რომაელთა ერთ-ერთმა სარდალმა, თავი გამოიჩინა ადრიანოპოლთან გუთებისა (378) და უზურპატორი იმპერატორის, ევგენიოსის, წინააღმდეგ ფრიგიდუსთან (394) გამართულ ბრძოლებში, 392 წელი. ბაკურ იბერიელი ანტიოქიაში (სირია) ჩანს, შემდეგ იყო „პალესტინის სამხედრო ნაწილის“ სარდალი. ერთ დროს ცხოვრობდა იერუსალიმში, სადაც მეგობრობდა ფილოსოფოს ლიბანიოსთან. ბაკურ იბერიელი, როგორც ჩანს, იცნობდა საეკლესიო ისტორიკოსებს – გელასი კესარიელსა (გ. 395) და რუფინუსს (გ. 410). მის შესახებ ცნობები აქვს წარმართობის დიდ პატივისმცემელს, უკანასკნელ რომაელ ისტორიკოსს – ამიანუს მარცელინუსს (გ. 400).

პეტრე იბერის ასურულ „ცხოვრებაში“ ბაკურ იბერიელი „დიდ ბაკურად“ და ქართლის პირველ ქრისტიან მეფედ იხსენიება. ამ ცნობამ საფუძველი მისცა ზოგიერთ მკვლევარს (ვ. ბოლოტოვი, ივ. ჯავახიშვილი, გ. გოზალიშვილი), რომ ბაკურ იბერიელი ქართლის პირველ ქრისტიან მეფედ მიეჩნიათ. ძველი ავტორები, რომელთაგან ზოგი ბაკურ იბერიელის თანამედროვე იყო, მას მოიხსენიებენ, როგორც „გაწვრთნილს საომარ საქმეებში“, რომაელ „სარდალთა შორის უმამაცესს“ (ზოსიმე); თვლიან „ყოვლად ღირსეულ კაცად, როგორც რწმენით, ისე სათნოებით, სულიერი და ხორციელი სიკეთით“ (რუფინუსი). გელასი კესარიელი მას „ფრიად სარწმუნოს“, „ფრიად ღვთისმოშიშს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქართველთა გაქრისტიანების ისტორია მას ბაკურ იბერიელმა უამბო, ლიბანიოსი ბაკურ იბერიელისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ იგი იყო „საყვარელი ღმერთებისათვის“.

ბაკურ იბერიელი უნდა იყოს ბაკურ III, რომელიც კონსტანტინოპოლიდან გამოქცეული ფარსმანის (ბაქარიანის) მიერ „ყოველი ქართველის“ ტახტიდან ბაკურ იბერიელის მამის, თრდატ რევის ძის, გადაყენების (395) შემდეგ (დაახლ. 396), პალესტინიდან ქართლში დაბრუნდა და, როგორც „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკაშია ნათქვამი, „სპარსთა შიშისათჳს“ „იმიერ განვიდა და განაახლა არმაზნი“ – ე.ი. რევიანთა კუთვნილ ქართლში გამეფდა.

ვ. გოილაძე

წყაროები

  • გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1961;
  • ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955;
  • „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, წგ.: შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილის და ე. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979;
  • ცხოვრება პეტრე იბერისა, ასურული რედაქცია ი. ლოლაშვილის გამოც., თბ., 1988.

ლიტერატურა

  • გოილაძე ვ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ., 1990;
  • მისივე, „ფრიად სარწმუნო ბაკური“ რატომ იყო „საყვარელი ღმერთებისათვის?“, „გივი ჟორდანია 90“, თბ., 1986, №5.


Logo1.JPG ბაკური მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები