ბენგალური თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბენგალური თეატრი – ბენგალური დრამა სათავეს იღებს რელიგიურ-ეპიკური პოემიდან „გიტა-გოვინდა“, რომელიც დაწერილია მე-12 საუკუნეში სიმღერა-მონოლოგების ფორმით. მასში ასახულია კრიშნას სიყვარული მწყემსი გოგონა რადჰუსადმი.

მე-16 ს. ბენგალური დრამის ფორმირებას ხელი შეუწყო პოეტისა და მსახიობის ჩაიტანიის და მისი მოწაფეების რელიგიურ-საგანმანმანათლებლო მოღვაწეობამ. მე-18 საუკუნის შუა წლებამდე, დრამატურგები სიუჟეტებს იღებდნენ ვიშნუიდურ-კრიშნაიდური ლიტერატურიდან. პიესები იწერებოდა სანსკრიტზე და მხოლოდ მე-18 საუკუნეში ითარგმნა ბენგალურ ენაზე.

მე-18 საუკუნის შუა წლებში ინგლისელებმა ბენგალიაში დააარსეს კალკუტისა და „ჩაურანგის“ თეატრები. მათ რეპერტუარში შედიოდა ინგლისელი ავტორების ნაწარმოებები. მე-18 სუკუნის ბოლოს, რუსმა აღმოსავლეთმცოდნემ და მუსიკოსმა გ. ლებედევმა კალკუტაში დააარსა პირველი ნაციონალური, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი თეატრი. მან ბენგალურ ენაზე თარგმნა და ბენგალურ სინამდვილესთან მიმართებაში გადაამუშავა ევროპული პიესები. ამ თეატრში ქალის როლებს პირველად ასრულებდნენ მსახიობი ქალები.

1831 წელს პ. თჰაკურმა დააარსა „თეატრი ჰინდუ“. ამ თეატრში დაიდგა შექსპირის „იულიუს კეისარი“ და „წარმოდგენა რამას შესახებ“ – ბჰავაბჰუტის პიესების მიხედვით. ამ დროიდან მოყოლებული, დაჩქარებული ტემპით მოხდა ბენგალური თეატრის ევროპეიზაცია. დაიდგა პირველი ბენგალური ტრაგედია გუპტოს „დიდებით ტკბობა“ (1852), პირველი კომედია – სიკდარას „ბჰადრაარჯუნი“ (1852). ამავე წლებში მოხდა ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურება. დაიწერა პიესები სოციალურ თემებზე, მრავალცოლიანობის წინააღმდეგ, სიღატაკისა და შიმშილის აღმოსაფხვრელად, ინდოელი ქვრივი ქალების უუფლებობაზე, ბავშვების დაქორწინების ფეოდალურ, მავნე ჩვეულებაზე.

ბენგალური თეატრის განვითარებაში დიდი როლი ითამაშეს მაიკლ მოდჰუშუდონ დოტომ, დინობონდჰუ მიტრომ, ჯოტინდრა-ნატ თაგორმა (თაკურმა), დიდჟენდროლალა რაიმ და დრამატურგმა, რეჟისორმა და მსახიობმა გირიშჩონდრო გხოშმა, რომელმაც, ამასთანავე, მკაცრი და პროფესიული მოთხოვნები წაუყენა მსახიობებს. მე-19 საუკუნის დამლევს, მწერალმა, მსახიობმა, რეჟისორმა და კიმპოზიტორმა, „ინდოეთის სინდისად“ წოდებულმა რაბინდრანატ თაგორმა (უფრი ზუსტია – რავინდრანათ თაკური), დიდად შეუწყო ხელი არა მარტო ბენგალურ, არამედ მთლიანად ინდური კულტურის განვითარებას. თაგორმა (თაკურმა) გააცოცხლა სახალხო ოპერა ჯატრა. მისი პიესები იყო მისივე იდეების ხორცშესხმის საშუალება, ამიტომ მათში ნაკლებად არის მოცემული სიუჟეტური ინტრიგა, სამაგიეროდ გამძაფრებულია პუბლიცისტური ჟღერადობა. თაგორის (თაკური) სოციალური კომედიები გამოირჩევა ხალისიანი, მახვილი, სატირული ხასიათით. მეტად საყურადღებოა მისი პიესები: „ვალმიკის გენიოსი“, „ილუზიის თამაში“, „ბუნების შურისგება“, „მსხვერპლშეწირვა“ „საშემოდგომო ზეიმი“ და სხვ.

ეროვნული დრამატურგიის განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა დ. რაის პიესებმა „ნურ ჯეხანი“, „ჩანდრა გუპტა“. მისი შემწეობით ბენგალურ თეატრში დამკვიდრდა ისტორიული ჟანრის დრამატურგია.

XX ს. 20-40-იან წწ. ბენგალურ სცენაზე წარმოდგენილ იქნა ტ. ბონდოპათჰაიას ნაწარმოებების ინსცენირებები.

ბენგალური თეატრი წარმოიშვა სოციალურად და პოლიტიკურად ყველაზე განვითარებულ რაიონში მთელი ინდოეთის მასშტაბით. მან დიდად შეუწყო ხელი დრამატურგიის ჩამოყალიბებას ჰინდის, გუჯარატის, ორიას ენაზე, ინდოეთის სხვა ნაციონალური თეატრების ფორმირებას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები