ბერე-ჟიფარი (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერე–ჟიფარი

ბერე-ჟიფარი - (Beurré Giffard). მსხლის ჯიში ბერე-ჟიფარი, ჟიფარის მიერ ნაპოვნი თესლნერგია. იგი ფრანგული წარმოშობის ჯიშია და უმთავრესად საფრანგეთშია გავრცელებული. საქართველოში გვხვდება მისი თითო-ოროლა ხე ქართლის მეხილეობის რაიონებსა და აფხაზეთში.

სამრეწველო მნიშვნელობა ამ ჯიშს ჩვენში, წარსულში, საკმაოდ დიდი ჰქონდა, ამჟამად კი მხოლოდ ბაღის მოყვარულთა ასორტიმენტში აქვს დათმობილი ადგილი.

ნაყოფი პატარაა, 65–75–55–60 მმ ზომის და 120–140 გრ. წონის, ვიწრო მსხლისებრი მოყვანილობისაა. მოკრეფისას ნაყოფის კანი მომწვანოა, ხოლო სრული სიმწიფისას კი მოყვითალო-მომწვანო ელფერს ღებულობს და მზის მხარეზე მცირედ შეწითლებული ლოყა უჩნდება. ნაყოფის ყუნწი მოკლეა, თავკომბალა, ზის ნაყოფის ხორცის ზევიდან.

ჯამი დახურულია, აქვს დიდრონი ჯამის ფურცლები და ზის პატარა ღრუში.

ნაყოფის ხორცი მოთეთროა, მთლად მდნარი, სასიამოვნო მოტკბო-მომჟავო გემოსი. სუფრის ძვირფასი საზაფხულო სიმწიფის ჯიშია (ივლისი). ნაყოფი ხიდან 4–5 დღით ადრე უნდა მოიკრიფოს, ვიდრე სრულ მოხმარებით სიმწიფეში შევიდოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გადამწიფდება და მიიღებს ქაშისებრ სიმკვრივეს; დროულად მოკრეფილი კი წვნიანი და გემრიელი ნაყოფია.

ხე კარგად ჰგვარობს ძლიერ საძირეზე; მოითხოვს კომშზე ჩართულ მყნობას. ადრეულად შედის მსხმოიარობაში, მოსავლიანობა მცირე ან საშუალო აქვს.

ახასიათებს ადრეულა ყვავილობა და ზოგჯერ პართენოკარპულ ნაყოფს იძლევა.

ძლიერ კარგია მისი გაშენება პატარა ფორმიან ხეებად. სხვლა სჭირდება მოკლე. დიდი ქალაქების ახლოს, როგორც საზაფხულო ძვირფასი გემოს ნაყოფის მომცემი ჯიში, შეიძლება საწარმოო ასორტიმენტშიაც იქნეს შეტანილი.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები