ბერიძე სანდრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანდრო ბერიძე

ბერიძე სანდრო − (1957), ჟურნალისტი, პოეტი და პედაგოგი. დაიბადა ბათუმში. სხვადასხვა დროს მუშაობდა სკოლის პედაგოგად, ქედის რაიონული გაზეთის განყოფილების გამგედ, გაზეთ „აჭარის” ლიტერატურულ მუშაკად, ქედის რაიონის პრეფექტად, 1995 წლიდან კი ჟურნალ „ჭოროხის” მთავარი რედაქტორია. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1987 წელს ჟურნალ „ცისკარში”. ავტორია პოეტური კრებულებისა: „თეთრი ქორწილი~, „სიკვდილ-სიცოცხლის სიმღერები”, „უფლის ოქროს ჭურჭელი”, „დღეები და ღამეები”, „ჰოდა, იმას ვამბობდი”, „სანთლის ხომალდი რვა პოეტით”, „Pro and Contra”.


სიცოცხლე მღერის
სიცოცხლე მღერის: „დავრჩე ეგება”...
სიკვდილი მღერის: „რა დროს ეგ არი”...
მკვდარ-ცოცხალს ერთად მიერეკება
ჟამი მკაცრი და დაუდეგარი.
მიუწვდომელი ბუდე ციერთა,
დასავანებლად სულებს რომ სურდათ,
ისე გაცვდა და გამიწიერდა,
რომ მასზე ფიქრიც მექცა აბსურდად.
დაშრა უცრემლოდ გრძნობა ფარული,
გულში რომ კრძალვით მარტოს უვლია.
ბანალურია დღეს სიყვარული
და სიძულვილიც ბანალურია.
პოეტი, სხვათა დარდის მპარავი,
გულგრილი მზერით ხვდები ალიონს.
ცოდვებით სავსე მადლის კარავში
ნეტა ვინ უნდა მოინანიოს.
სიცოცხლე მღერის: „დავრჩე ეგება”...
სიკვდილი მღერის: „რა დროს ეგ არი”...
მკვდარ-ცოცხალს ბნელში მიერეკება
ჟამი მკაცრი და დაუდეგარი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები