ბიომექანიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიომექანიკა – (ბერძნ. bios – სიცოცხლე, mechanike – მანქანა) – მსახიობის წვრთნის და სცენური განწყობის შემუშავების სისტემა. თეატრალურ ხელოვნებაში დაინერგა ვსევოლოდ მეიერხოლდის მიერ. ეს არის სპეციალური ვარჯიშების წყება (გიმნასტური, პლასტიკური, აკრობატული), რომელთა შესრულებით მსახიობის ტანი მოქნილი და გამომსახველი ხდება. ამასთანავე, ამ გზით იგი თავისუფლდება კუნთური დაძაბულობისაგან, რაც ხელს უწყობს ფსიქიკური დაძაბულობის მოხსნასაც.

ზოგად ტრეინინგულ ამოცანებთან ერთად, ბიომექანიკა მიზნად ისახავდა მხატვრულ ამოცანებსაც. მეიერხოლდის თეატრალური ესთეტიკა მსახიობისგან მოითხოვდა როლის პლასტიკურ გახსნას, ტანის მხატვრულ ამეტყველებას. სწორედ ამ გზით მსახიობს უნდა აესახა პერსონაჟის ფსიქიკური და მენტალური თავისებურებანი. მეიერხოლდს ეს გზა მიაჩნდა სცენური შტამპების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებად.

ბიომექანიკას დიდი როლი ენიჭებოდა სარეპეტიციო პერიოდში. მისი შემწეობით ხდებოდა სცენური განწყობის შემუშავება. მსახიობს სიტყვებზე და მოვლენებზე ჯერ ტანით (პლასტიკით) უნდა მოეხდინა რეაგირება და მხოლოდ ამის შედგომ – სიტყვით ან ჟესტით.

მეიერხოლდი მოდერნისტთა შორის ერთ-ერთი იმათგანია, ვინაც შეძლო თავისი შეხედულებების არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული „დასაბუთებაც“. ამ თვალსაზრისითაც იგი უნიკალური მოვლენაა თეატრალურ კულტურაში.

მ. გეგია


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები