ბირკავა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბირკავა

ბირკავა – (Agrimonia eupatoria L.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae).

მეგრულად – იახსარი.

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 30-100 სმ სიმაღლის, მსხვილი, მეტწილად მოკლე. ღერო მარტივია ან მცირდ დატოტვილი. ფოთლები რთულია, წყვეტილკენტფრთისებური. ყვავილედი თავთავისებური მტევანია, გრძელი – 10-30 სმ სიგრძის; ყვავილები მოკლეყუნწიანია. გვირგვინის ფურცლები კვერცხისებურ-ლანცეტაა, ყვითელი ფერის. ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება მეჩხერ ტყეებში, ტყის პირას, ბუჩქნარებში, ნათესებში, ტყის მდელოებსა და ბალახოვან ფერდობებზე, მთის შუა სარტყლამდე. კახეთში მისი ნახავა შესაძლებელია თითქმის ყველგან. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.

ჰემიკრიფტოფიტია; იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში სტეპებზე, ბუჩქნარების რაყებში, გზის პირებზე, ბორცვებზე, მდელოებზე და საძოვრებზე.

სამკურნალოდ გამოიყენება ფოთლები, ბალახის მოყვავილე ყლორტები, ფესვები. ბალახი შეიცავს დიდი რაოდენობითმთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს, ლორწოს, მინერალურ მარილებს, ფლავონოიდებს, სტეროიდულ საპონინებს და სხვა გლიკოზიდებს, B ჯგუფის ვიტამინებს, ფიტოსტერინს, ფისებს, ალკალოიდებს. ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, შარდმდენი, ოფლმდენი, სპაზმოლიტური, ამოსახველებელი, ჭიისმდენი, ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებით.

მას იყენებენ ონკოლოგიური დაავადებების (ნაწლავებისა და შინაგანი ორგანოების), ნეიროცირკულარული დისტონიის, თავის ტკივილითა და სიმპათიკურ - ადრენერგული კრიზის თანმხლები სიმპტომებით, ქოლეცისტექტომიური სინდრომის შემდგომ პერიოდში და პანკრეატიტის დროს. მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ შინაგანად უტარებენ მიკროკლიზმებს. კარგი შედეგებია მიღებული ბირკავით ნაწლავებსა და კუჭში პოლიპების მკურნალობისას, ასევე ქრონიკული ბუასილისა და ვარიკოზების შემთხვევაში.

მისი უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე, ხალხურ მედიცინაში ბალახი გამოიყენება კრაზანის მსგავსად: ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზის, ქოლეცისტიტის, ხოლანგიტის, სიყვითლის, სახსრების დაავადებების, ნაღვლის ბუშტსა და თირკმელებში კენჭების საწინააღმდეგოდ. ბირკავას ნახარშს იყენებენ პირის ღრუს გამოსავლებად ლარინგიტის,ფარინგიტის, ანგინის, გინგივიტის, სტომატიტის დროს, აგრეთვე საფენების, კომპრესის, აბაზანების სახით გამოიყენება ჭრილობების, წყლულების, დამწვრობის, ეგზემის, ფურუნკულოზის, ბუასილის, დერმატიტის განსაკურნავად, სურდოს დროს ცხვირის გამობანვაში. როგორც წესი, ბირკავას გამოყენება გართულებებს არ იწვევს, მაგრამ არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც აქვთ მიდრეკილება ყაბზობისადმი (ბიძინაშვილი, 2016).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები