ბლოელი მწყემსი ქალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბლოელი მწყემსი ქალი – ფშავში ერთ ბლოელ ქალს ქალქვისთავისაკენ (ადგილის სახელია) ძროხები დაუდიოდა საზაფხულო საძოვარზე. როგორც კი ქალი ძროხებს არეკდა ქალქვისთავს, მაშინვე მის გვერდით ერთი ლამაზი ყმაწვილი გაჩნდებოდა. ქალმა არ იცოდა, ვინ იყო, ან საიდან მოდიოდა. ძროხებს რომ შინისკენ დააბრუნებდა, ვაჟი ისე მოხერხებულად გაიპარებოდა, რომ ქალი ვერ ხვდებოდა, როგორ ან რა დროს და სად წავიდა. უკვირდა ქალს და თანდათან ეჭვი ეპარებოდა. ის კი მთელი დღე ქალს ესაუბრებოდა, ეთამაშებოდა და თითქოს სიყვარულსაც იჩენდა, თითქოს უამქალოდ გაძლება არ შეეძლო. ქალმა ბევრჯერ ჰკითხა: ვინ ხარ, საიდან მოდიხარ და სად მიდიხარ, რომ ერთხელ ვერა გნახე ვერც მიმავალი და ვერც აქეთკენ მომავალიო? ყმაწვილი ამ კითხვაზე გაიცინებდა და სულ სხვა რამეს ეტყოდა.

ასე გავიდა დრო, ქალი ამ ყმაწვილს ისე დაუახლოვდა, რომ ხელდახელაც დაუწყო თამაშობა-ხუმრობა. ერთხელ ქალმა მის მკლავზე მძივებით გაწყობილი სამაჯური შეამჩნია, ქალმა მკლავი დაუჭირა და, ხედავს, რომ მისი მკლავი ადამიანის მკლავს არა ჰგავს – ძალიან ბალნიანია. ქალი შეკრთა, გაიხედა კარატის წვერისაკენ, სადაც კოპალას და იახსრის ნიშებია და თქვა: იახსარო და კოპალავ, თქვენ დამწერეთ ჯვარი, ამას როგორი მკლავი ჰქონიაო? ყმაწვილი ამ სიტყვაზე შეკრთა და უთხრა ქალს: რაზე დამღუპე, ეს რა თქვიო! ამ დროს კარატის წვერიდან აღიმართა სალუდე ქვაბის ოდენა ღრუბელი, ჯერ მაღლა ავიდა და წამოვიდა ქალქვისთავისაკენ. გზაში ცეცხლად იქცა, დაეცა ზედ ქალის გვერდზე მდგარ ყმაწვილს და ფერფლად აქცია, ქალი კი უვნებლად გადარჩა. მერე ქალის მშობლები მკითხავთან წავიდნენ იმის გასაგებად, თუ რა მოეჩვენა მათ ქალიშვილს. მკითხავმა უთხრა: ის ვაჟი დევის შვილი იყო, იმ ქალს დაიახლოვებდა და ბოლოს ავნებდაო. მაგრამ ქალი ყისმათიანი ყოფილა, რომ კოპალა და იახსარი ახსენაო. იმ დროს კარატის წვერზე იახსარი ყოფილა ჩამოსული, ქალს მოშველებია და დევის შვილი დაუწვავსო.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები