ბოისი იოზეფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოზეფ ბოისი. როგორ ავუხსნათ სურათები მკვდარ კურდღელს, 1965; პერფორმანსის მსვლელობისას გადაღებული ფოტო

იოზეფ ბოისი – (Joseph Beuys, 1921-1986) არტისტის მონაყოლით, II მსოფლიო ომის დროს, ის სამხედრო მფრინავად მსახურობდა გერმანულ ლუფთვაფეში. მისი თვითმფრინავი ყირიმში ჩამოაგდეს, სადაც ადგილობრივმა თათრებმა იპოვეს, ცხოველურ ქონსა და ქეჩაში გაახვიეს და ასე გადაარჩინეს სიკვდილს. რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ მონაყოლში ასახული ამბები ბოისს ნამდვილად გადახდა არ არსებობს, თუმცა ისიც აშკარაა, რომ ომის დროს რაღაც ძლიერი ტრავმა მას ნამდვილად ჰქონდა მიღებული. როგორც არტისტი, ბოისი იდუმალ, შამანურ პერსონად ჩამოყალიბდა და შექმნა მნიშვნელოვან მასალათა და ობიექტთა მთელი რეპერტუარი, რომელსაც სიმბოლურად და ქმედითად იყენებდა თავის ხელოვნებაში და მათი მეშვეობით, მაყურებლისთვის აუხსნელის ახსნას ცდილობდა. ბოისის სიმბოლიზმი ღრმად პიროვნულია და ამდენად, სხვებისთვის რთულად გასაგები. თავის ხელოვნებაში ის ურთიერთობის სურვილზე და ამ პროცესის სირთულეზე ამახვილებს ყურადღებას.

ნამუშევარში როგორ ავუხსნათ სურათები მკვდარ კურდღელს, საკუთარი ნამუშევრებით გარშემორტყმული ბოისი, გალერეის დარბაზში თავიდან სკამზე იჯდა, თავი თაფლითა და ოქროს ფურცლებისგან დამზადებული ნიღბით ჰქონდა დაფარული. ის მკლავებში მოქცეულ მკვდარ კურდღელს არწევდა და თან, გაურკვევლად ებუტბუტებოდა რაღაცას. სულიერი სითბოს ნიშნად, მას მარცხენა ფეხი ქეჩაზე ჰქონდა დადგმული, მარჯვენას ქვეშ დადებული ფოლადი კი სიმბოლურად, ცივ გონებას განასახიერებდა. შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში, ბოისი გალერეის გარშემო დაატარდებდა კურდღლის მკვდარ სხეულს და მშვიდად უხსნიდა საკუთარი ნამუშევრების არსს და მსჯელობდა იმაზე, რომ მას მკვდარ კურდღელთან სრულფასოვანი ურთიერთობის ისეთივე შესაძლებლობა ჰქონდა, როგორც სხვა ადამიანთან. ასეთნაირად, არტისტი წარმოაჩენდა იმ პრობლემებს, რომლებიც ნორმალური ურთიერთობებისთვის იყო დამახასიათებელი. ბოისი ამბობდა: "მკვდარი ცხოველიც კი ინტუიციის უფრო მეტ ძალას ინარჩუნებს, ვიდრე ზოგიერთი ადამიანი".



წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები