ბოლქვაძე ზაურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაურ ბოლქვაძე

ბოლქვაძე ზაურ– (1933 – 1997), პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ გუთურში (ჩოხატაური). 1941 წლიდან სწავლობდა სოფელ გუთურის რვაწლიან სკოლაში, 1948-51 წლებში კი – ჩოხატაურის საშუალო სკოლაში. 1956 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1962-65 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის” განყოფილების გამგე, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის” მთავარი რედაქტორი. პირველი ლექსი 1951 წელს გამოაქვეყნა, ლექსთა პირველი კრებული „ღელვის დასაწყისი“ _ 1961 წელს. ავტორია რამდენიმე პოეტური კრებულისა: „ლექსები“ (1964, 1968, 1972), „მიწის სიმწვანე“ (1966), „ვარსკვლავები“ (1970) და სხვა. თარგმნა ტიხონოვის, ტვარდოვსკის, ახმადულინას, კუპალას, ლოტიანუს და სხვების ნაწარმოებები.


* * *
დახუჭულ თვალებს ჩამოსწყდა ნელა,
თვალებში ჩადგა მარადი ბნელი...
სულ ერთი წამი იცოცხლა ცრემლმა
და მერე მოკვდა პატარა ცრემლი.
უკანასკნელი სათქმელი მისი –
უსიტყვოდ მოკვდა პატარა ცრემლი...
ჯერ დაიკარგა წერტილი მიწის
და მერე გაქრა სამყარო მთელი.
დაცურდა ერთი ვარსკვლავი ცაში,
დააწყებინა კანკალი სანთლებს...
ო, რა ძნელია სიცოცხლე მაშინ,
როცა ერთ ცრემლში ათავსებ სათქმელს!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები