ბოჭორიშვილი ქეთევან-ბაია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქეთევან-ბაია ბოჭორიშვილი

ბოჭორიშვილი ქეთევან-ბაია – (1958), ქართველი პოეტი. დაიბადა ქუთაისში. 1981 წელს დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, 1996 წელს – ქუთაისის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სასულიერო სასწავლებელი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქუთაისის პედინსტიტუტის ადგილობრივი რადიოს ხელმძღვანელად და მოსამზადებელი განყოფილების მდივნად, ქართული ბიბლიის კვლევის ინსტიტუტის ლაბორანტად, გელათის სასულიერო აკადემიისა და ქუთაისის საქალაქო რადიოს რელიგიურ გადაცემათა ხელმძღვანელად. 1998 წლიდან ლექციებს კითხულობს გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. იყო ჟურნალისტიკისა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ამჟამად არის პრორექტორის თანაშემწე. გამოცემული აქვს წიგნები: „ვინ არის ილიას განდეგილი?” (1999), „უქმსიტყვაობა – საცდური კაცთა” (2005), გონიერი დედაკაცი უფლისგან არის” (2007), დაუჯდომელი საგალობელი „ყოვლისა სოფლისა სალხინებელი” ( 2015), ლექსების კრებული ტაო-კლარჯეთზე – „ჩემს ტკივილს ხანძთა ჰქვია სახელად” (2014, 2018), საბავშვო ლექსები „ნიკუშას ლექსები” (2014, 2017, 2018), პოეტური კრებული „სიჩუმის ბინადარი” (2018).


გ ა ხ ა რ ე ლ
ტაო. პარხალი. 2018 წელი. ბრწყინვალე
შვიდეული. ბუბა კუდავამ ამოიკითხა კირითხუროს
სახელი – გ ა ხ ( ა ) რ ე ლ, X ს. II ნახევარი.
ქართველი ვაჟკაცი – სახელად გახარელ...
ტაოდან გვიხმობს და ოშკიდან გვახარებს.
ვიღაცა ტირის და ვიღაცა ხარხარებს,
ვიღაცა საერთოდ არც იცნობს ამ მხარეს...
მაგრამ ჩვენ ტაოში წამოვალთ ახლავე,
ოღონდაც ქართულად მოგვიხმე, გახარელ!
ჩვენ ახლა მარტოდენ წარსული გვახარებს
და სანამ დარდები სულს და გულს დახრავენ,
ამ ფიქრებს, ამ საქმეს – ყოველთვის ნახვალევს...
მომავლის სანთელად აენთე, გახარელ!
გადარბის სოფელი, დარდები გვლახავენ,
შენ კი, შენ...ქარ-წვიმა და თოვლი გნახავენ...
არ ვნატრობ მავანის ნაძარცვს და ნახარბევს,
მე ახლა წარსული მიხმობს და მახარებს.
გული და თვალები ნეტავ, როს ნახავენ –
პარხალი... ბზარები.... ბზარებში – გ ა ხ ა რ ე ლ!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები