გაფანტული სკლეროზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაფანტული (მრავლობითი) სკლეროზი - განვითარებული ქვეყნების ახალგაზრდებში გაფანტული სკლეროზი შრომისუნარიანობის დაქვეითების გამომწვევ ყველაზე გავრცელებულ ნევროლოგიურ დაავადებას წარმოადგენს. მისი შედეგები, მოგვიანებით სტადიაზე მძიმე ტვირთად აწვება ოჯახებსა და პაციენტის მომვლელებს.

გაფანტული სკლეროზი დაკავშირებულია გამოხატულ ოკუპაციურ და ინტერპერსონალურ პრობლემებთან. დაავადების ადრეულ სტადიაზე მისი დიაგნოსტირება რთულია; ხშირად სომატურ ჩივილებს შეცდომით ფსიქიკურ აშლილობად მიიჩნევენ. იშვიათად დაავადება ფსიქოპათოლოგიური სიმპტომებით ვლინდება, თუმცა შემთხვევათა ორ მესამედში, დაავადების სხვადასხვა სტადიაზე, აღინიშნება დეპრესია, ეიფორია, ემოციური ლაბილობა და ადვილად დაღლა. ეს ნიშნები, შესაძლოა, უშუალოდ დაავადებით იყოს განპირობებული ან თანმხლები შრომისუნარიანობის დაქვეითების შედეგს წარმოადგენდეს. გაფანტული სკლეროზის დროს სუიციდის რისკი შვიდჯერაა გაზრდილი.

სხვა ნევროლოგიურ დაავადებებთან შედარებით, გაფანტული სკლეროზის შემთხვევაში დეპრესია უფრო ხშირად ვითარდება. ცხოვრების მანძილზე დეპრესიის განვითარების რისკი 50%-ს აღწევს. მისი განვითარება, როგორც ჩანს, არ არის უშუალოდ დაკავშირებული მდგომარეობის სიმწვავეს ან დაზიანების მხარესთან. სავარაუდოა, რომ ბიოლოგიურ ფაქტორებს აფექტური პათოლოგიების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება (Siegert and Abernethy, 2005). დეპრესია, შესაძლოა, ბეტა ინტერფერონის (რომელსაც ზოგჯერ გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ იყენებენ) გვერდითი ეფექტიც იყოს.

პაციენტთა 40 %-ს აღენიშნება კოგნიტური დაქვეითება. ეს, შეიძლება, დაავადების ადრეულ მანიფესტაციას წარმოადგენდეს. იშვიათად ვითარდება სწრაფად პროგრესირებადი დემენცია (Zarei et al., 2003). უმეტეს შემთხვევაში, ინტელექტუალური დაქვეითება გვიან ვლინდება, ნაკლები სიმწვავით ხასიათდება და ნელა პროგრესირებს. პრობლემის გადაჭრის, აბსტრაქტული აზროვნებისა და დასწავლის უნარის, ასევე, მეხსიერების დაქვეითების მიუხედავად, სიტყვათა მარაგი, ჩვეულებრივ, შენახულია. კოგნიტური დაქვეითება კორელირებს დაზიანების საერთო მოცულობასთან და კალოზური ატროფიის ხარისხთან. მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევების ჩვენებით დემიელინიზაციაზე მეტად გამოხატულია აქსონური დაზიანება.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები