გუმაშვილი სულეიმან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სულეიმან გუმაშვილი

გუმაშვილი სულეიმან – (1944), ქისტი პოეტი, ჩეჩნეთისა და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. დაიბადა სოფელ ჯოყოლოში (ახმეტა). ჯოყოლოს შვიდწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ბეთანიის და წყალტუბოს რაიონის სოფელ ბროწეულას სკოლა-ინტერნატებში. 1963 წელს სწავლის გასაგრძელებლად მისაღები გამოცდები ჩააბარა ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. სტუდენტობის პერიოდში გახდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ჩემპიონი „თავისუფალ ჭიდაობაში” და „სამბოში”. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, გარკვეული პერიოდი, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ჩეჩნეთის სხვადასხვა სკოლებში. 1970 წლიდან მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა და მუშაობა დაიწყო მატნის საშუალო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1979-1991 წლებში იყო სოფელ ომალოს საშუალო სკოლის დირექტორი, 1991-1995 წლებში კი სოფელ ბირკიანის საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობდა. 1999 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1999-2007 წლებში ლექციებს კითხულობდა თსუ-ს სიღნაღის ფილიალში. 1995 წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული „ჩემო ჩეჩნეთო” (ჩეჩნურ ენაზე), 2001 წელს იგივე კრებული გამოიცა ქართულ ენაზე. 2002 წელს გამოიცა მისი მეორე წიგნი (ლექსების კრებული) „ჩემო საქართველო“ (ქართულ ენაზე).


აფხაზეთი
ვუძღვნი აფხაზ პოეტს – ვანო მერქანიანს
თვალ-მარგალიტი, ედემის ბაღი –
მსგავსი არ ჰყავდა ძველად და ახლაც,
ცად ატყორცნილი ამაყი მთები,
რომელთაც ნოხად შავი ზღვა ახლავს.
სადაც ყოველი ხილი რომ გვარობს
და ჰავა გახლავთ ძლიერ ჯანსაღი,
სადაც ყოველი კუთხე კუნჭული
კურორტი არის ღმერთის ნასახი.
სად ცხოვრობს, შრომობს აფხაზი ხალხი,
ჯიშით და მოდგმით იბერიული,
ნაშთი ქაშქების და აბშილების,
სისხლით და ხორცით ძმები ქართული.
როგორ მოვიდნენ უძველესიდან,
რა არ გადახდათ ბრძოლებში მტერთან,
მაინც შემორჩნენ, არ გადაშენდნენ,
შეიძლეს ყოფნა, ცხოვრება ერთად.
ერთ ქვეყნად ოდეს გაერთიანდნენ,
ჰქონდათ საერთო ლხინი და ჭირი,
ამიტომ მტერი ძრწოდა და ცხროდა,
მას აშინებდა ძმათა კავშირი.
დღეს რაღა მოსდით, ძმებს ვინღა ურევს,
რუსმა შემოჰყო დინგი ბინძური,
არ წამოვეგოთ ჩვენ სხვის ანკესზე,
გვესმას ქართული და აფხაზური.
არ შეიძლება, აფხაზეთი რომ
იყოს გარეშე საქართველოსი,
ან საქართველო უაფხაზეთოდ _
შვენება ჩვენი მთის და მდელოსი.
მიყვარს აფხაზი და აფხაზეთი,
მიყვარს ქართველი და საქართველო,
ქისტი მზად არის ცხოვრობდეს მათთან,
რომ ძმებს ამ ქვეყნად სულ ერთად გვევლო.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები