დერვიშთა ბრუნვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დერვიშთა ბრუნვა

„დერვიშთა ბრუნვა“ – დერვიშთა, მორწმუნე, ხშირად მოხეტიალე სუფისტთა - ბრუნვა, ანუ ექსტაზის მომნიჭებელი მისტიკური ცეკვაროკვა.

ტრადიციულად დერვიში, უკიდურეს სიღარიბესთან ერთად, იყო ლამაზი, ენამოსწრებული, ამაყი და თავმომწონე. იგი საღვთო წერილის კარგ მცოდნედ ითვლებოდა. ხალხისათვის საღვთო წერილის თეატრალური თხრობა (ხშირად გაუგებარ ტექსტსაც წარმოთქვამდა), ცეკვა, სიმღერა და ხანაც მკითხაობა, მისი ძირითადი სამუშაო იყო, აღებული გასამრჯელო კი – მისი უმთავრესი შემოსავალი. წესის მიხედვით, დერვიში მხოლოდ ყოველდღიურ ლუკმა-პურს უნდა შოულობდეს. დღეს ისეთი დერვიში არიან, რომლებიც დიდ სიმდიდრეს ფლობენ. დერვიშები იყვნენ სახელგანთქმული სპარსელი პოეტები საადი და ჯელალედინ რუმი (იგივე მოლანა, XIV ს.). ძველად დერვიშთა ორმოცდაათამდე ორდენი არსებობდა, დღეს ოცამდეა. ყოველი ორდენის წევრი განსხვავებულ სამოსს ატარებს, რითაც მათი გარჩევა ადვილია. ამ ორდენის წევრებს დღემდე მოცეკვავე ან ბრუალა დერვიშები ჰქვიათ. არსებობს ორთოდოქსული სკოლის მონაცემები, რომელიც ასახავს სუფისტურ რიტუალურ ცეკვას, ტრიალს, „ბრუნვას“, მათ შორის ჯელალედინ რუმის როკვას. „დერვიშთა ბრუნვა“ ძველი სპარსული თეატრის მესამე ფორმაა („თა’ ზიე“, „მასხარბაზობა“, სუფიზმი).

სპარსული თეატრის ერთ-ერთ პირველ მკვლევარს, ე. ბერტელს აღწერილი აქვს ჯელალედინ რუმის მიერ დაარსებული დერვიშთა შეკრებები. აქ მთავარ სანახაობრივ ელემენტს დერვიშის ცეკვა („დერვიშთა ბრუნვა“) წარმოადგენდა.

დარბაზი, სადაც შეკრება მიმდინარეობდა, საკმაოდ დიდი იყო და გაჩირაღდნებული. გამოდიონენ. დერვიშები (9-11 ან 13) მუქ-ყავისფერ კოსტიუმებში და მუქ მოცისფრო-მომწვანო მანტიებში. ისინი წრეში, ცხვრის ტყავზე სხდებოდნენ, ჩუმად და გაუნძრევლად. გულზე ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდათ, თავი ჩაქინდრული, თვალები დახუჭული. ასე ისხდნენ დაახლოებით ნახევარი საათი. სიჩუმეს არღვევდა შეიხი, რომლის შესავალი სიტყვის შემდეგ (აქებდა მუჰამედს, სხვა შეიხებსა და დერვიშებს) იწყებოდა ცეკვა. ჯერ ნელა ცეკვავდნენ, შემდეგ ტემპი მატულობდა, იხდიდნენ მანტიებს და თეთრ (იგი სუფოზმის ფერია) პერანგებში ცეკვავდნენ და სათითაოდ მიდიოდნენ შეიხთან. რამდენიმე საათის შემდეგ ცეკვის ტემპი კლებულობდა და ტამბურინის (დაირას) დარტყმის შემდეგ, დერვიშები ჩუმად ტოვებდნენ დარბაზს.

დერვიშობა დღემდე პოპულარულია ირანში ისინი ერთი შეხედვისთანავე იცნობიან გამორჩეული ჩაცმულობით, თეთრი სამოსით და თავზე ორი მოსახვევით ან კიდევ თეატრალური, ფერადი, უმეტესად მწვანე სამოსითა და მაღალი, წაწვეტებული ქუდით. ისინი დაუსრულებლად დაეხეტებიან ქუჩებში, მღერიან, გოდებენ, ყვებიან სხვადასხვა ისტორიებს და მანამ არ გაეცლებიან იქაურობას (განსაკუთრებით შეძლებულთა ოჯახებს) სანამ წყალობას არ მიიღებენ. მათთვის სცენაა ქუჩა, მოედანი, შენობები, ჩაიხანები ყველა ადგილი, სადაც კი ხალხის ყურადღების იქცევა შეუძლიათ.

გ. მამულაშვილი

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები