დინამიკა (მექანიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დინამიკა (ბერძნ. dynamis – ძალა) – მექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ნივთიერ სხეულთა მოძრაობას მათზე მოდებული ძალების მოქმედებით; ეს ძალები იწვევენ ან ცვლიან ამ მოძრაობას.

დინამიკამ განვითარება დაიწყო XVII ს-ის დასაწყისში; დინამიკის ფუძემდებლად ითვლება გ. გალილეი, რომელმაც პირველმა შემოიღო მოძრავი სხეულის სიჩქარისა და აჩქარების ცნება არათანაბარი მოძრაობისას. მანვე განიხილა სხეულთა მოძრაობა სიმძიმის ძალის მოქმედებით და დაადგინა ინერციის კანონი. გალილეის შრომების გაგრძელებას წარმოადგენს ჰოლანდიელი მეცნიერის ჰიუგენსის გამოკვლევები, რომელმაც საათის გამოგონების პროცესში შექმნა ფიზიკური ქანქარის სრული თეორია, წერტილის მრუდწირული მოძრაობისათვის განაზოგადა გალილეის მიერ შემოღებული აჩქარების ცნება, დაადგინა ცენტრიდანული ძალის ცნება და სხვ.

გალილეის მიერ დაწყებული დინამიკის ძირითადი კანონების დადგენა განახორციელა ი. ნიუტონმა, რომელმაც მკაფიოდ ჩამოაყალიბა დინამიკის ძირითადი პრინციპები მექანიკის სამი ძირითადი კანონის და მათგან გამომდინარე შედეგების სახით. ამ კანონების შემდგომი განვითარება და სრულყოფა მოხდა ლ. ეილერის, ჟ. დალამბერის და ჟ. ლაგრანჟის შრომებში, სადაც მოცემული იყო დინამიკის ამოცანათა ამოხსნისათვის აუცილებელი ყველა განტოლება და თეორემა, ამასთანავე ამ განტოლებების შედგენისათვის საჭირო ზოგადი მეთოდები.

დინამიკის განტოლებათა კვლევის ანალიზური მეთოდებს საფუძველი ჩაუყარეს ჟ. ლაგრანჟმა, უ. ჰამილტონმა, კ. იაკობიმ. ამ მეთოდების შემდგომ განვითარებაზე მუშაობდნენ კ. გაუსი, მ. ოსტროგრადსკი, ა. პუანკარე, ს. ჩაპლიგინი და სხვ.

გალილეისა და ნიუტონის პრინციპებზე დაფუძნებულ დინამიკას კლასიკური დინამიკა ეწოდება. მას ხშირად ნიუტონის დინამიკასაც უწოდებენ.

კლასიკური დინამიკა შედგება მათემატიკური დასკვნების ერთობლიობისაგან, რომლებიც წარმოადგენენ გალილეის და ნიუტონის ძირითადი კანონების შედეგებს. მასში აქსიომატიკის ხერხით შემოაქვთ უძრავი სივრცის ცნება (ათვლის აბსოლუტურად უძრავი სისტემა, ანუ ინერციული სისტემა) და აბსოლუტური დრო, რომელიც სივრცის ყველა წერტილისათვის ერთნაირია. აბსოლუტურ სივრცეს მიეწერება ევკლიდეს სივრცის გეომეტრიული თვისებები. ნიუტონის კანონები ჩამოყალიბებულია აბსოლუტური სივრცის და აბსოლუტური დროის მიმართ. დინამიკის ძირითადი განტოლებები მართებულია მხოლოდ ათვლის ინერციული სისტემის მიმართ მოძრაობის შესწავლისას.

წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები