დროგანას ყვითელი ბიგარო (ბლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროგანას ყვითელი ბიგარო

დროგანას ყვითელი ბიგარო - (Drogan’s gelb); სინონიმები: დროგანა ბალი, გოგრა ბალი, თეთრი სამურაბე ბალი.ბლის ძველი ჯიშია, წარმოშობილი პრუსიიდან, ფართოდ გავრცელებულია მთელ ევროპაში.

საქართველოს რაიონებში ბლის უცხო ჯიშებს შორის მეტი კუთრი წონა აქვს „დროგანა ყვითელს“, იგი ფართოდ გავრცელებულია გორის რაიონში, სადაც მასზე დიდი მოთხოვნილებაა, რადგანაც მისი ნაყოფი საუკეთესო მასალაა მურაბისა და კომპოტებისათვის. მსხვილი თეთრი ნაყოფი და უხვი მოსავლიანობა ამ ჯიშის დადებით მხარეს შეადგენ. ჯიში კარგად გვარობს აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რაიონში, დასავლეთ საქართველოს პირობებში კი ნაკლებად გავრცელდა, ვინაიდან ვერ ეგუება იქაურ ბუნებრივ პირობებს. ზედმეტი ტენის პირობებში ნაყოფი ადვილად სკდება ხეზე. ნაყოფს ძლიერ აზიანებს დასავლეთ საქართველოს პირობებში ალუბლის ბუზი.

დროგანის ყვითელის ნაყოფი ვერ იტანს ხანგრძლივ ტრანსპორტს, ვინაიდან ადვილად იბეჟება და ილაქება. ჯიში საგვიანოა, კრეფენ ივლისის პირველ რიცხვებში და ზოგან ივლისის გასულს.

ხე ძლიერი ზრდისაა, ლამაზი სწორი პირამიდული ვარჯით, ხშირად დატოტვილი. ფოთოლი მსხვილია, ფოთლის ყუნწზე ორი მსხვილი ყვითელი ჯირკვლით. ჰყვავის გვიან. ჯიში თვითსტერილია; მოითხოვს ჯვარედინ განაყოფიერებას.

ნაყოფი მსხვილია, მომრგვალო ფორმის, აქვს სუსტად გამოხატული ღარი. ნაყოფის კანი მოყვითალო თეთრი ფერისაა, სქელი, მკვრივი. ნაყოფის ხორცი თეთრია, მკვრივი. ტკბილი გემოსი, საკმაოდ წვნიანი; წვენი შეუფერავია. კურკას ხორცი არ სცილდება. საუკეთესო ჯიშია საკომპოტედ და სამურაბედაც.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები