ეპილოგი (დრამატურგიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპილოგი – (ბერძნ. epilogos – ბოლოთქმა) მხატვრული ნაწარმოების დასკვნითი ნაწილი, რომელიც მასთან არ არის დაკავშირებული მოქმედების უწყვეტი განვითარებით.

ანტიკურ დრამაში ეპილოგი ერქვა მაყურებლისადმი განმარტებით მიმართვას წარმოდგენის სამოქმედო ნაწილის დასასრულს (მეტწილად, მცირე ჰეროიკული ლექსის ფორმით). ეპილოგი უშუალოდ დაღუპული გმირის გამოტირებას მოსდევდა და მსახიობებისა და ქოროს გასვლით (ექსოდი) ბოლოვდებოდა. ანტიკური კომედიის ეპილოგში შედიოდა მსახიობთა და ქოროს მიერ შესრულებული ცეკვები და სიმღერები.

ეპილოგის შინაარსი, სტილი და მნიშვნელობა თეატრის ისტორიული განვითარების მიხედვით იცვლებოდა. შექსპირის, ბენ ჯონსონის და აღორძინების ხანის სხვა დრამატურგების ქმნილებებში ეპილოგი, უფრო ხშირად, იყო მიმართვა მაყურებლისადმი მონოლოგის ფორმით და შეიცავდა მოვლენათა ავტორისეულ ხედვას. მე-17-18 საუკუნეებში ეპილოგი იყო დეკლამაციური ან სასიმღერო-საცეკვაო მიმართვა მაყურებლისადმი, რათა ისინი განეწყოთ კეთილმოსურნედ მსახიობებისა და ავტორის მიმართ. მე-19 ს. დრამატურგიაში ეპილოგი გამოყენებულ იქნა გმირის შემდგომი ბედის მოსათხრობად მე-20 ს. დასაწყისში ეპილოგი იყო ავტორის ლირიკული ბოლოსიტყვაობა, მე-20 ს. შუა წლებში კი, როცა უარყოფილ იქნა მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა, ეპილოგი გადატანილ იქნა მოქმედების დასაწყისში, ხოლო მოქმედების მსვლელობა გვიჩვენებს, თუ როგორ მივიდნენ გმირები მსგავს ფინალამდე. თანამედროვე დრამატულ თეატრში გამოყენებულია ეპილოგის ყველა ტრადიციული ფორმა და ხშირად იგი დისკურსის სახით უშუალოდ ჩართულია სიუჟეტურ ქარგაში.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები