ერგატიული წყობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერგატიული წყობა – სინტაქსური კონსტრუქცია, წინადადების ტიპი, რომელიც შედგება სამწევროვანი სინტაგმისაგან: – გარდამავალი ზმნა, პირდაპირი (უახლოესი) ობიექტი და რეალური სუბიექტი. გარდამავალ ზმნასთან პირდაპირი ობიექტი დაისმის სახელობით ან მიცემით ბრუნვაში, ხოლო რეალური სუბიექტი დგას სპეციფიკურ ბრუნვაში, რომელსაც ერგატივს (ბერძნ. „მოქმედი პირი“) ან აქტივს უწოდებენ (ქართულად – მოთხრობითი). დამახასიათებელია, რომ ერგატიული წყობის მქონე ენებს არა აქვთ ბრალდებითი ბრუნვა ანუ აკუზატივი, რომელიც ერგატიული ტიპოლოგიის ენებში სახელობითით ან მიცემითით გადმოიცემა, მაგ., ქართულში: კაცმა ააშენა სახლი, შდრ.: კაცი აშენებს სახლს. ქართველურ ენებში სუბიექტი და პირდაპირი ობიექტი ბრუნვის მიხედვით ცვალებადია და ეს ცვალებადობა გარდამავალი ზმნის დროზეა დამოკიდებული – ქართულსა და სვანურში ერგატიული წყობა გვაქვს მხოლოდ აორისტის სერიაში, ჭანურში – სამივე სერიაში, მეგრულში კი – ნამყო ძირითადის სერიაში, მაგრამ, ყველა (როგორც გარდამავალ, ისე გარდაუვალ) ზმნასთან. მთის იბერიულ-კავკასიურ ენებში გარდამავალი ზმნა ერგატიული წყობას ქმნის ყველა დროში. მისი ძირითადი მორფოლოგიური მახასიათებელია ერგატიული ბრუნვა. ეს კონსტრუქცია აღწერის თვალსაზრისით შეიძლება სხვადასხვა ანომალიური (დეფექტური) სისტემით იყოს წარმოდგენილი. ასევე ზოგ შემთხვევაში (და ზოგ ენაში) ერგატიული წყობა გამოყენებულია გარდაუვალ ზმნებთანაც. ყველა ამ გადახრას თავისი ახსნა და განმარტება აქვს. ერგატიული წყობა ყველა იბერიულ-კავკასიური ენისათვის ერთ-ერთი ძირითადი ნიშან-თვისებაა. მისი თავისებური სახეობები დასტურდება პალეო-აზიურ და ახალ ინდურ ენებში, ბასკურში (ეს უკანასკნელი ერგატიული ტიპოლოგიის თვალსაზრისითაც ახლოს დგას იბერიულ-კავკასიურ ენებთან).

იბერიულ-კავკასიურ ენებში ძირითადად ორი სახის ერგატივი განირჩევა: 1. თავისთავადი, დამოუკიდებელი ერგატივი, რომელიც მხოლოდ სუბიექტის ბრუნვაა და სხვა ფუნქცია მას არა აქვს (ასეა ქართველურ და რამდენიმე მთის იბერიული-კავკასიურ ენაში) და 2. საზიარო, ფუნქციათა შემთავსებელი ერგატივი, რომელიც სხვა ბრუნვის (მოქმ., ნათ., ადგილობითი ბრუნვის) ფუნქციასაც ითავსებს… საზიარო ერგატივი სხვადასხვა ვარიაციულობით დამახასიათებელია მთის იბერიულ- კავკასიურ ენათა დიდი უმრავლესობისათვის. ერგატივის ეს მრავალსახეობა არის სწორედ საფუძველი იმ ნაირგვარი, სხვადასხვა თეორიულ პოსტულატებზე დამყარებული თვალსაზრისებისა, რომლებიც არსებობს ერგატიული წყობის რაობისა და ბუნების შესახებ, კერძოდ, ამ კონსტრუქციის აქტივობა-პასიურობის პრობლემასთან დაკავშირებით. გარკვეულია, რომ ისტორიულად ერგატიული წყობა ნეიტრალური (ინდიფერენტული) ბუნებისა იყო და ბევრ მთის იბერიულ-კავკასიურ ენაში ეს ნეიტრალური ბუნება დღესაც დაცულია. თანამედროვე ქართულ და სხვა ქართველურ ენებში, სადაც ფუნქციონირებს დამოუკიდებელი ერგატივი, რომელიც არ არის საზიარო, ერგატიული წყობა ყოველთვის აქტიურია.

გ· თოფურია



ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. ერგატიული კონსტრუქციის პრობლემა იბერიულ-კავკასიურ ენებში, I ნომინატიური და ერგატიული კონსტრუქციების ისტორიული ურთიერთობა ძველი ქართული სალიტერატურო ენის მონაცემთა მიხედვით, თბ. 1948; II. ერგატიული კონსტრუქციის რაობის თეორიები, თბ. 1961.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები