ინვერსია (ენათმეცნიერება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინვერსია – (ლათ. inversio – გადაადგილება, შებრუნება), მოცემული ენისათვის სიტყვის ან წინადადების ნაწილების ნორმად მიჩნეული რიგის, თანამიმდევრობის შეცვლა, შებრუნება. ინდოევროპულ ენათმეცნიერებაში აღნიშნავს წინადადებაში სიტყვათა რიგის, უფრო ხშირად, სუბიექტისა და პრედიკატის თანამიმდევრობის შეცვლას. ქართველოლოგიაში ინვერსია ძირითადად გამოიყენება ზმნაში პირის ნიშანთა რიგის შებრუნების აღსანიშნავად, გვხვდება სიტყვათა რიგის, კერძოდ, მსაზღვრელ-საზღვრულის წყობის შეცვლის მნიშვნელობითაც.

პირის ნიშანთა ინვერსია გულისხმობს სუბიექტური პირის გამოხატვას ობიექტური პირის ნიშნით და პირიქით. ინვერსიის მიზეზად მიჩნეულია ის გარემოება, რომ ობიექტი (ირიბი) ყოველთვის აღნიშნავს სულიერ (ან მასთან გათანაბრებულ) პირს და ამიტომ წარმოადგენს მოქმედ, განმცდელ, აღმქმელ პირს, მაშინ როდესაც სუბიექტი უფრო ხშირად გამოდის აღქმის საგნის როლში. ამის შედეგად იქმნება წინააღმდეგობა პირის ნიშნებსა და მათ მიერ აღნიშნული პირის ფუნქციებს შორის. ამ წინააღმდეგობის მოსახსნელად არნ. ჩიქობავამ შემოიტანა მორფოლ. სუბიექტის (რეალური ობიექტის) და რეალური სუბიექტის (მორფოლ. ობიექტის) ცნებები, რომელთაგან პირველი წარმოადგენს მეორის თავისებურ ენობრივ ასახვას.

ჭირის ნიშანთა ინვერსიის პრობლემასთან დამოკიდებულება ქართველოლოგიაში არაერთგვაროვანია. ერთი მხრივ, სპეციალისტთა ნაწილი ინვერსიის არსებობას უარყოფს (ა. ონიანი, გ. კლიმოვი), მეორე მხრივ, აზრთა სხვადასხვაობაა ინვერსიის მომხრეთა შორისაც ამა თუ იმ ტიპის ზმნათა ინვერსიულად მიჩნევის თაობაზე. ძირითადად ერთმანეთს უპირისპირდება ორი თვალსაზრისი: ა. შანიძის აზრით, ინვერსიულია გარდამავალი ზნის III სერიის ფორმები. არნ. ჩიქობავასათვის ინვერსიულია აგრეთვე მიყვარს, მაქვს ტიპისა და რამდენიმე ლაბილური ზმნა. დღეისათვის ინვერსიას უფრო ფართოდ განიხილავენ.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ქართულში მოხდა ინვერსიის გრამატიკალიზაცია, რაც მიცემით ბრუნვაში დასმული სახელის (რეალური სუბიექტის) მიერ ზმნის რიცხვში შეთანხმების უნარის მოპოვებით გამოიხატა (ბ. ჯორბენაძე, დ. მელიქიშვილი).

ნ. ლოლაძე


ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული (ენის) გრამატიკის საფუძვლები, I. მორფოლოგია, თბ. 1953 (1973);
  • მისივე, თხზ. ტ. 2, თბ., 1981;
  • ჩიქობავა ა. მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში, I, თბ., 1928 (1968);
  • მისივე, ქართული ენის ზოგადი დახასიათება. – ქეგლ, ტ. I, თბ., 1950;
  • ონიანი ა. ქართველურ ენათა ისტორიული მორფოლოგიის საკითხები, თბ. 1978;
  • მელიქიშვილი დ. ქართული ზმნის უღლების სისტემა, თბ., 2001.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები