კალმახი (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კალმახი

კალმახი - (Forelle).მსხლის ძველი გერმანული ჯიშია, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში იყო პომოლოგიურად აღწერილი. ხშირად მსხლის ჯიშს „კეთილ ლუიზას“ უწოდებენ კალმახს, რომელთანაც ბევრი მსგავსება აქვს გარეგნობით – შეფერვით.

საქართველოში კალმახი გვხვდება თითო-ოროლა ხის სახით ბაღის მოყვარულთა ხეხილის ნარგავებში.

ხე იზრდება საკმაოდ ძლიერად, ინვითარებს განიერ, ფხვიერ, მაღალი შენების ვარჯს. კარგად ჰგვარობს ღრმა და საკმაოდ ტენიან ნიადაგებში. ადრე შედის განაყოფიერებაში, ისხამს ყოველწლიურად, რეგულარულად. ხე ახალგაზრდობაში მგრძნობიარეა ყინვების მიმართ, რის გამოც მისი გაშენებისას საჭიროა მყუდრო და უქარო თბილი ადგილების შერჩევა. კომშზე საშუალოდ ჰგვარობს.

ნაყოფი საშუალო სიმსხოსია, ხშირად წვრილი. ნაყოფის სიმსხო დიდად დამოკიდებულია საძირეზე. ნაყოფის ფორმა ძლიერ სხვაობს გარემოპირობებზე დამოკიდებით: ხან ტიპიური მსხლის მოყვანილობისაა, ხან დეკანკის მსგავსი – კასრისებრი და ხან მომრგვალო, მაღალი შენების.

ნაყოფის ყუნწი გრძელია, თავბოლოში გასქელებული, ზის პატარა ღრუში.

ნაყოფის ჯამი ნახევრად დახურულია და ზის განიერ და საკმაოდ ღრმა ღრუში.

ნაყოფის კანი გლუა, მოყვითალო-მწვანე ფერის, მზის მხარეზე უჩნდება ლამაზი, ღია წითელი ფერის ლოყა, მოფენილი ლამაზი მოწითალო ფერის მსხვილი და უხვი წერტილებით, რის გამოც კალმახისებურად არის ხოლმე დაწინწკლული; აქედან წარმოსდგება მისი სახელწოდებაც.

ნაყოფის ხორცი თეთრია, ნაზი, ნახევრადმდნარი, საკმაოდ წვნიანი და ტკბილი, სასიამოვნო გემოთი და სურნელებით.

სიმწიფის დრო უდგება აგვისტოში, ოღონდ ნაყოფი ერთბაშად არ მწიფდება, ისე რომ ნაყოფის დამწიფება თითქმის ერთი თვე გრძელდება.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები