კანადური რენეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კანადური რენეტი

კანადური რენეტი – (ქართული სინონიმი ანტონოვკა“), (Reinette du Canada, Holländische Reinette, Parisier). კანადური რენეტი წარმოშობა ზუსტად არ არის გამორკვეული. მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ: Reinette. R. d’Angieterre, R. d’Angieterre grosse. ყირიმში მოკლედ უწოდებენ „კანადას“, ჩვენში „ანტონოვკას“. მიუხედავად მისი სახელწოდებისა კანადური რენეტი არ უნდა იყოს ამერიკული წარმოშობის (Л.П. Симиренко. Крымское плодовотство. გვ. 368.).

კანადური რენეტი საქართველოში შემოტანილ უცხოურ ჯიშებს შორის ფართოდ გავრცელებული ჯიშია, ევროპულ ძველ ხეხილს შორის საგრძნობი ადგილი უკავია (25–30%). იგი გვხვდება საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, ცოტად თუ ბევრად გავრცელებული. სამრეწველო მნიშვნელობა კი მას აქვს მხოლოდ ქართლის მეხილეობის თითქმის ყველა მიკრო–რაიონში, ახალციხის მეხილეობის რაიონებში და კახეთშიაც. ვაშლის ჯიშებს შორის კახეთში ერთ–ერთ დიდად დაფასებულ, კახეთის ჰავისა და ნიადაგის პირობებს შედარებით კარგად შეგუებულ, ჯიშად კანადური რენეტი ითვლება. დასავლეთ საქართველოს რაიონებში თვით კანადური რენეტი ნაკლებად გავრცელებულია (ქვემო იმერეთში), მაგრამ უფრო მეტად გავრცელებულია მისი მუტანტური ვარიაცია, ეგრეთწოდებული რუხი კანადური რენეტი, რომელიც ჭარბტენიანი ჰავის პირობებს გაცილებით უკეთ ეგუება და სოკოვან დაავადებათა მიმართ მეტ გამძლეობას იჩენს, ვიდრე თვით კანადური რენეტი.

კანადური რენეტი

აჭარაში კანადური რენეტი მხოლოდ ხულო–ქედის რაიონში არის გავრცელებული, ისიც მცირე რაოდენობით. გვხვდება აფხაზეთშიც და იქაც მცირე რაოდენობით არის გაშენებული (თითო–ოროლა ხე).

საქართველოს მოსახლეობა დიდად აფასებს ამ რენეტს, როგორც საკმაოდ მაღალხარისხოვან საოჯახო ხილს.

ნაყოფი მსხვილია, ბრტყელი, მომრგვალო, ბოლოში უფრო შევიწროებული, მეტადრე ნაყოფის ჯამთან, ხუთწახნაგოვანი, სიმეტრიულად განვითარებული. ნაყოფის ფორმა და სიმსხო ძლიერ მერყეობს ხის ხნოვანებისა და გარემო პირობების მიხედვით, როგორც ფოთოლი, ისე ნაყოფი ქეცით, იშვიათად ავადდება, ისიც მცირედ. ნაყოფჭამია კი კანადის ნაყოფს მეტად ემტერება და საგრძნობლად აზიანებს. დაბლობ ადგილებში. ჭარბტენიან რაიონებში ნაყოფი გამოდის ფხვიერი შენების, ნაკლებად წვნიანი და მოკრეფის შემდეგ საწყობში შენახვისას უცბად გადამწიფდება ხოლმე, ნაყოფი ხდება ფაშარი, იღებს ფქვილისებრ სიმკვრივეს და ზოგჯერ ცომდება კიდეც. ძალიან ხშირად როგორც ხეზე, უფრო მეტად კი საწყობში, ნაყოფი იჩითება, რაც სამეურნეო ღირებულებას მთლად უკარგავს მას.

ნაყოფის ჯამი ღიაა ან ნახევრად ღია და მოთავსებულია განიერ და არაღრმა ღრუში. ნაყოფის ყუნწი ძლიერ მოკლეა და მსხვილი; იგი ღრმა, ვიწრო და დანაოჭებულ ღრუში ზის.

კანადური რენეტის ყვავილი

ნაყოფის კანი სქელია, ოდნავ უხეში, ხაოიანი. კანის ზედაპირი მშრალია და ცვილისებრი ფიფქი სულ არა აქვს. კანის ძირითადი შეფერვა მომწვანო–მოყვითალოა, სრულ სიმწიფისას მთლად ჩალისფერ–ყვითელი ხდება, მზის მხარეზე ზოგჯერ ლოყაწითელია. ნაყოფს გვერდს სიწითლე მცირედ ემჩნევა, ისიც მხოლოდ ოპტიმალური ტენიანობის პირობებსა და მზიან ადგილებში. კანის ზედაპირზე უხვად მოფენილია დიდრონი ჟანგისფერი ვარსკვლავისებრი წერტილები, ჟანგარო ზოლები და ხალები. ჯამის და ყუნწის ღრუც ხშირად დაფარულია ჟანგაროს საფენით.

ნაყოფის ხორცი სრული სიმწიფისას ფხვიერია, მოყვითალო–მოთეთრო ფერის, მარცვლოვანი შენების, მომჟავო მოტკბო გემოსი. გადამწიფების შემთხვევაში კი ხორცი ჰკარგავს მარცვლოვან სიმკვრივეს, ქაშდება და ფქვილდება, რაც ნაყოფის ღირსებას ძალზე სცემს. ნაყოფის ღირსებაა მისი შენახვის უნარიანობა, რაც ბევრად დამოკიდებულია ნაყოფის მოკრეფის დროზე. ურჩევდნენ კანადური რენეტის მოსავლის აღებას დაგვიანებით – ოქტომბერში, რაც ჩვენი აზრით, ნაყოფის შენახვის უნარიანობაზე უარყოფითად უნდა მოქმედებდეს.

ხე ძლიერი ზრდისაა. ინვითარებს ძლიერ განიერ და გადაშლილ ვარჯს, ხშირად ტოტები დაშვებულია. მოსხმა იცის თითქმის რეგულარული, თხელი, თითო–თითო ან ორ–ორი; გამოსავალი დიდი აქვს რადგანაც ნაყოფი მსხვილი იცის და დანაკარგები ამ ჯიშს, კარგი მოვლის პირობებში, დიდი არ ახასიათებს.

მაგრამ თუ უხვი მოსავლიანობისას ან წყალი შემოაკლდა, ან კვება არა აქვს სრული, ან ძლიერი ქარებისაგან არ არის დაცული და შეყარსული (ბიძგები არ აქვს შეყენებული), მაშინ მოსავალი ძლიერ უბარაქოვდება. ხე არ არის ძლიერ მომთხოვნი გარემო პირობებისადმი.

ყვავილობა გვიანი ხანგრძლივი იცის. ყვავილი თვითსტერილი აქვს და სხვა ჯიშების მიმართაც მცირე განაყოფიერების უნარი აქვს. ჯიში რთულ ჰეტეროზიგოტულ წარმოშობის უნდა იყოს მთელი თავისი ბიოლოგიური და ციტო–ემბრიოლოგიური ბუნების მიხედვით. მის საუკეთესო დამამტვრიანებლად ითვლება „შამპანური რენეტი“ და „ბელფლორი“.

კანადური რენეტი საქართველოს მეხილეობის პერსპექტიულ და სამრეწველო რაიონებში დღესაც შენდება 5–10%–ის რაოდენობით. სუსტ საძირეებზე კანადურის რენეტის ფორმის ხეებად გაზრდა მიზანშეუწონელია.

ზოლიანი კანადური რენეტი

არსებობს კანადური რენეტის კიდევ ერთი ჯიშური სახესხვაობა, ეგრეთწოდებული „ზოლიანი კანადური რენეტი (Reinette du Canad striee). იგი ჩვენში არ არის გავრცელებული, რუხი კანადური რენეტი კი გარდა საქართველოსი, თითო–ოროლა ხის სახით გვხვდება ქართლკახეთისა და ახალციხეშიაც.

რუხი კანადური განსხვავდება ნამდვილი კანადური რენეტისაგან იმით, რომ მისი ნაყოფი მონაცისფრო რუხი ფერისაა, წახნაგოვანი, მობრტყელო და განიერი შენების. ნაყოფის კანი უხეში და ხაოიანი აქვს. ნაყოფი მოხმარებით სიმწიფეს ზამთრის ბოლოს აღწევს. სრულ სიმწიფეში ნაყოფი გემოთი არ ჩამოუვარდება კანადური რენეტის ნაყოფს. რუხი კანადური რენეტი დასავლეთ საქართველოს ახალ ასორტიმენტში შესულია 2–3% რაოდენობით.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები