კახიძე მედეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მედეა კახიძე

კახიძე მედეა (1933 − 2015), იურისტი, პოეტი, ფილოლოგი. დაიბადა ახალსოფელში (ყვარელი). 1954 წელს დაამთავრა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო ერთი წლის შემდეგ — მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1950 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებაში”. 1955 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული — „სიყვარულის ასაკი”. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნა იუგოსლავიელი პოეტი ქალის დესანკა მაქსიმოვიჩის ლექსები `მიწის სურნელი~, კრებული — „იუგოსლავიელი პოეტები”, სომეხი პოეტის სევტქარადის ლექსები.


* * *
ყველას ვიღაცა გვიწოდებს ლამაზს,
ხან გარეული, ხან შინაური,
ყველა ადვილად მიხვდება განა,
ხუმრობაა თუ ქათინაური.
ვინმე ვინმესთვის გზა არის დიდი,
ვინმე ვინმესთვის არის იმედი,
განა ყოველთვის სიმღერით მიდის
სიჭაბუკიდან გზა სიბერემდი.
მე ვინც მგონია მკაცრი და ცუდი,
ჩემთვის ვინც არის კაცი უგულო,
არის სხვა ქალი − ვინც წლობით უცდის,
და საწუთროში მისით სულდგმულობს.
ზოგჯერ სიცოცხლეს დაუსვამ წერტილს,
სახეს ღრუბელით ჩამოიქუფრებ,
და მაინც სადმე სიყვარულს შენს წილს
იპოვი, როგორც გრემის სიტურფეს.
ხან დაბერდები კაცთან შემთხვევით,
მოკვდები, როგორც ზამთრის ცივი დღე,
ხან უცხოს სადმე შეეფეთები
და მთელ სიცოცხლეს ვეღარ ივიწყებ.
რადგან ბუნება არ გვრჩება ვალში
რაღაც სიკეთით ყველას მოგვმადლის,
იმედის ზღვაში თეთრი აფრებით
ვტივტივებთ, როგორც შორი ხომალდი.
ყველას ვიღაცა გვიწოდებს ლამაზს,
ხან გარეული, ხან შინაური,
ყველა ადვილად მიხვდება განა,
ხუმრობაა თუ ქათინაური.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები