კვეიძე კირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კირა კვეიძე

კვეიძე კირა — (1931 - 1989), პოეტი, პუბლიცისტი, დრამატურგი. დაიბადა ქუთაისში. თსუ-ს ჟურნალისტიკის განყოფილების დამთავრების შემდეგ აქტიურად მოღვაწეობდა პრესაში, აქვეყნებდა ლექსებსაც. სიცოცხლეში დაბეჭდა რამდენიმე მონოგრაფია კულტურის მოღვაწეებზე. მისი გარდაცვალების შემდეგ, უმცროსმა დამ, მსახიობმა და მწერალმა ნესტან კვეიძემ, გამოსცა კირა კვეიძის ლექსების რამდენიმე კრებული: „იმედი” (1992), „ფრესკის კარედი” (1997), „მზის სიმღერა” (საბავშვო ლექსები, 1995), „ვარდის ფურცლები” (2001), „უბრალო კაცი ვარ” (პიერ ბერანჟეს ლექსების თარგმანი), „აბანთ-მეჯლისი” (2005) და სხვა. კირა კვეიძის პიესები იდგმებოდა ქუთაისის, რუსთავის, თბილისის თოჯინების თეატრებში. მის ლექსებზე შექმნილია კომპოზიტორების რუსუდან სებისკვერაძის, ალექსანდრე ბასილაიას, ჯუმბერ ჯანდიერის და სხვათა პოპულარული სიმღერები. გარდაიცვალა 9 აპრილის აქციაზე მოწამვლის შედეგად.

* * *
ჩემში ერთ-ერთ ქალს ლექსი აწვალებს,
ერთსაც მუსიკა, ერთს კიდევ – ცეკვა,
ერთს ფუნჯის მოსმა უნაბავს თვალებს
ერთს სიყვარული მიუძღვის მეკვლედ.
ჩემში ერთ-ერთი დიასახლისობს,
ერთ ქალთაგანს კი ღვინო სწყურია,
ერთს ფარი შვენის, ერთსაც სახნისი,
ერთს სურს დაი პყროს მთელი დუნია.
ერთი შვილის და ერთი ყრმის – დედა,
ჩემში ერთ-ერთი მხნეა, ფხიანი;
მე რამდენიმე ქალი ვარ ერთად
და რამდენიმე ადამიანი.
იცოდეს ღმერთმა, კაცმაც და ერმაც
მე დედაკაცი მიტომ მიწოდეს,
სადღაც კაცისაც დასადარი ვარ,
მიწა ვარ, ცა ვარ, მზეო, იცოდე;
სადღაც წვიმა ვარ, სადღაც ქარი ვარ,
სადღაც კლდეებად ჩამოვითლები
ერთი კი არა, ათი ქალი ვარ,
ათივე როგორ გარდავიცვლები?!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები