კლასიციზმი და ადრეული რომანტიზმი ბრიტანეთში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლასიციზმი და ადრეული რომანტიზმი ბრიტანეთში – ადრეული კლასიციზმის მთავარი მიმდევრები და მხარდამჭერები იტალიაში მყოფი ბრიტანელი ტურისტები და მხატვრები იყვნენ, რაც, ნაწილობრივ, კლასიკის მიმართ მათ ქვეყანაში უკვე დამკვიდრებული ინტერესის შედეგი იყო. თუმცა, ბრიტანელთა და რომაელთა დამოკიდებულება კლასიკური ხელოვნების მიმართ განსხვავებული იყო. თუკი რომაული კლასიციზმი წარსულის მემკვიდრეობაში ზნეობრივ და მოქალაქეობრივ ფასეულობებს ეძებდა, XVIII საუკუნის მიწურულის ბრიტანელი მხატვრების შემოქმედებაში მოქალაქის ღირსების კონცეფტს პატრიოტიზმი ანაცვლებს, რაც ბრიტანელებისადმი მიძღვნილ რომანტიკული ხასიათის ნამუშევრებში ვლინდება. რომანტიზმის საწყისები სწორედ ბრიტანულ ხელოვნებასა და ლიტერატურაში იჩენს თავს.

კლასიციზმის მსგავსად, რომანტიზმი არა მხოლოდ სტილის, არამედ ზოგადი დამოკიდებულების აღმნიშვნელია: მისთვის ფასეულია ინდივიდუალური და სუბიექტური, მაშინ, როდესაც კლასიციზმი უნივერსალურსა და რაციონალურს აღიარებს. რომანტიზმის სახელწოდება და მისი ბევრი თემაც რომანულ ენებზე (ლათინური ძირის მქონე ენებზე) შექმნილი მოთხრობებიდან რაინდული რომანებიდან და პოემებიდან იღებს სათავეს. ტერმინი "რომანტიზმი", რაღაც ფანტასტიკურსა და შეთხზულს, შესაძლოა, შორეულ დროსა და სივრცეში მომხდარს, პოეტურ-მელანქოლიურს ან, სულაც, შემაძრწუნებელი განცდის აღმძვრელ რაიმეს აღნიშნავს.

ადრეული რომანტიზმის ერთ-ერთი საუკეთესო ლიტერატურული მაგალითი იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს (1749-1832) ახალგაზრდა ვერტერის ვნებანია (1774), რომელშიც მგრძნობიარე და საზოგადოებისგან გარიყული ახალგაზრდა მამაკაცი, წარუმატებელი სიყვარულის გამო, ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს. ეს ნაწარმოები გზააბნეულ მწუხარე ადამიანზეა; იგი სრულიად დაცილებულია ანტიკურ ღირებულებებს და მოკლებულია საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობას. XVIII ს-ის მიწურულსა და XIX ს-ის დასაწყისში სამყაროს ორი განსხვავებული ხედვა თანაარსებობდა კლასიციზმისა და რომანტიზმის სახით; თუმცა, ორივე იმდროინდელი საზოგადოების მისწრაფებებს გამოხატავდა. კლასიციზმი ხელოვნების უფრო საჯარო ფორმა იყო, რომანტიზმი კი - ინდივიდუალური და პირადი. კლასიციზმი ხანდახან რომანტიზმის წიაღშიც ავლენდა თავს. საზღვარი მათ შორის ყოველთვის მკვეთრი არ იყო.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები