კინკანები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კუმკვატები-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კინკანები - ნარინჯოვანთა ჯგუფის მარადმწვანე მცენარეები. კინკანები რამდენიმე სახისაა. 1915 წლამდე ცნობილი იყო როგორც Citrus japonica Tumb. 1915 წ. როგორც დამოუკიდებელი გვარი Foptunella ოთხი სახეობით. ტანაკამ აღმოაჩინა კიდევ ორი, დღეს არსებობს კინკანების, ანუ კუმკვატების, შემდეგი სახეობანი:

  • Fortunella japonica
  • Fortunella margarita
  • Fortunella crassifolia
  • Fortunella Hindsi
  • Fortunella obovata
  • Fortunella Swingle
კინკანი

კინკანები ევროპაში პირველად შემოტანილია რ. ფორტუნეს მიერ 1846 წ. და დღემდე როგორც ჩვენში, ისე სხვა ქვეყნებში, მას ნაკლები ყურადღება ექცევა. კინკანები წარმოადგენენ მეტად საინტერესო მცენარეებს. მათ ახასიათებთ შესვენების გარკვეული პერიოდი, დიდი ყინვაგამძლეობა, ნაყოფის ჩქარა დამწიფება. ნაყოფი გამოიყენება საშაქარლამო მრეწველობაში.

კინკანის ბუჩქი წარმოადგენს ლამაზ, უხვადმოყვავილე, ძლიერ არომატიან, ყვავილოვან დეკორატიულ მცენარეს. გამოიყენება სელექციაში, როგორც ჰიბრიდიზაციის ობიექტი. გარდა ამისა, საინტერესოა, როგორც ნაგალა საძირე სხვა ციტრუსებისათვის.

კინკანები ყვავილობენ ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე. ყვავილობას ხშირად აქვს ორმაგი ტალღისებრი ფაზები: ერთი ივლისის დამდეგს – შედარებით სუსტი და მეორე აგვისტოს დამდეგს – უფრო ძლიერი. ჩანასკვა და ნასკვების განვითარება ხდება შემოდგომაზე, მწიფდება იანვარ-თებერვალში.

ოვალური კინკანი

მცენარე წარმოადგენს პატარა კომპაქტურ ბუჩქს, უხვად შეფოთლილს, ვიწრო დანისებრი, ორივე ბოლოსკენ წამახვილებული ფოთლებით.

ოვალური კინკანი

ნორჩი ყლორტები წახნაგოვანია და გლუვი. დატოტვა სქელია, ხშირად ცოცხისმაგვარი.

ფოთლების ზედაპირი მუქი მწვანეა, ქვედა გაცილებით ღია ფერისაა, ფოთლის წვერი წაწვეტებულია, ოდნავ გაორებული.

ყვავილები ძლიერ პატარებია, უფრო ხშირად – თითოეულა, გვხვდება მცირეყვავილიანი მტევნებიც; ნაყოფი ოვალურია, მოგრძო-ოვალურ ან ბლაგვწვერიანი, კვერცხისებრი, სიმაღლე 2-2,5 სმ, დიამეტრი 2,5-3,0 სმ. კანი – ტკბილი, საკმაოდ სქელი, 3-4 მმ, ნარინჯისფერი, ჩამჯდარი მსხვილი ეთერზეთოვანი ჯირკვლებით. ნაყოფის ფუძე ცოტა ჩაწეულია, წვერი მომრგვალებულია, ხშირად დინგის სვეტშენარჩუნებული.

ხორცი 4-5 სეგმენტიანია, თითისტარა ფორმის, საწვნე უჯრედებით. ხორცი და წვენი ძლიერ მწკლარტე და მჟავეა. გულის სიღრმე სამკუთხაა, ამოვსებული.

თესლი 3-5-ია, საკმაოდ მსხვილია და ოვალური. საფარი ქალაძასთან ყავისფერია, ლებნები ღია მოყვითალოა, რაოდენობით 4-5, ჩანასახიც მწვანე-მოყვითალოა და რამდენიმე. ჩვენს ნარგავებში იშვიათად გვხვდება ამ კინკანის ერთი ფორმა „ომი კინკანის სახელწოდებით“, რომელსაც ახასიათებს უფრო მომრგვალო და ოვალურ კინკანზე გაცილებით მსხვილი, ლამაზი, მოოქროსფერო ნაყოფი.

მრგვალი კინკანი

მცენარე წარმოადგენს პატარა ბუჩქს, ჰაბიტუსით გავს ოვალურ კინკანს, უხვად შეფოთლილია პატარა, ორივე ბოლოსაკენ წაწვრილებული ფოთლებით.

ფოთლის ფირფიტა ვიწროა, მოკლე, ფუძე ოვალურია და ბლაგვი. ყუნწზე აქვს ძლიერ ვიწრო, თითქმის შეუმჩნეველი ფრთები. ყლორტებზე ასხია პატარა წვრილი ეკლები, ყვავილობს ივლის-აგვისტოში. ყვავილედი მტევანაა, ყვავილები პატარაა, არომატიანი.

მრგვალი კინკანი

მწიფდება ოვალურ კინკანზე ადრე – ნოემბრის შუა რიცხვებიდან იანვრამდე. ნაყოფი პატარაა, მრგვალი, ცოტა ბრტყელი, იშვიათად ოვალური. ზედაპირი – სავსებით გლუვია და მსხვილი, ღრმად ჩამჯდარი ეთერზეთოვანი ჯირკვლებით. ნაყოფის სიმაღლე – 3,2-3,5 სმ, დიამეტრი – 3,0-3,5 სმ. წონა – 15 გრ. წვერი დინგის სვეტის ნაშთით კვერცხისმაგვარადაა მომრგვალებული, ცოტა ჩაწეული, ფუძეც მომრგვალებულია.

ოქროსფერი, ყვითელი კანი 3 მმ. სისქისაა, ნაზი და რბილი კონსისტენციისა, იგი ტკბილია, მცირე სიმწკლარტით. გულის ღერძი პატარაა (0,5 სმ. დიამეტრში), ამოვსებული. სეგმენტები პატარა სამკუთხედია – 5-6, აპკები სქელია და უხეში. წვენი მეტად მჟავე აქვს, თესლი – 2-3-ია, პოლიმორფული. ქალაძას საფარი ყავისფერია, ლებნები მწვანეა – 6-8, ჩანასახი ღია მწვანეა.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები