კურბე გუსტავ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუსტავ კურბე – (Gustave Courbet, 1819-1877) ერთ-ერთი პირველი ხელოვანთაგანი იყო, ვინც საკუთარ თავს "ავანგარდისტი" ან "რეალისტი" უწოდა. მოუსვენარი და ხმაურიანი კურბე, როგორც თავად ამბობდა, "არა მხოლოდ სოციალისტი, არამედ დემოკრატი და რესპუბლიკელიც იყო - ერთი სიტყვით, რევოლუციის მხარდამჭერი". შვეიცარიის საზღვრის სიახლოვეს, ფრანგულ ქალაქ ორნანში დაბადებული და აღზრდილი, იგი პარიზში 1839 წელს გადადის. 1848 წლის პარიზის ქუჩის ბრძოლებმა მხატვრის რადიკალური განწყობილება განსაზღვრა და მისი ორი დიდი ფერწერული ტილოს შექმნას მისცა ბიძგი. კურბეს ეს სურათები რეალიზმის ნიმუშებად იქნა აღიარებული.

გუსტავ კურბე. ქვის მტეხველნი, 1849; ტილო, ზეთი, 1.6X2.59 მ. უწინდელი "გემალდგალერი", დრეზდენი. განადგურებული მეორე მსოფლიო ომის დროს

1849 წელს მან პირველად "ქვის მტეხველნი" შექმნა. თითქმის 2 მეტრის სიმაღლისა და 3 მეტრის სიგანის ტილო უმდაბლეს, კატორღულ შრომას ასახავს; აქ წარმოდგენილნი არიან ახალგაზრდა და ხნიერი მამაკაცები, რომლებიც ქვის ლოდებს ხრეშის დასამზადებლად ამტვრევენ. ამ უუფლებო ადამიანების შრომის ფასად იქმნება თანამედროვე საზოგადოების კეთილდღეობა. ახალგაზრდა მამაკაცი ქვებით დატვირთულ კალათას მთელი ძალით ეზიდება. მას დახეული პერანგი და შარვალი, ასევე, თანამედროვე ფეხსაცმელი აცვია. შრომისგან ქანცგაცლილი ხნიერი კაცი კი ჩამუხლული ამტვრევს ლოდს. მას გლეხის ტანსაცმელი მოსავს, ტრადიციული ხის საბოს ჩათვლით. ბიჭი დაუნდობელ, სასტიკ მომავალს განასახიერებს, კაცი კი ყავლგასულ რურალურ წარსულს. ორივე უცნობი უსახელო მუშაა. თავად კურბე აღწერს, თუ რამ შთააგონა მას ამ სცენის ასახვა: "მეზიერის ახლოს (ორნანის მიდამოებში) მე შევჩერდი, რომ დავკვირვებოდი ორ მამაკაცს, რომლებიც ქვებს ამტვრევდნენ შარაგზაზე. იშვიათად თუ შეხვდები სიღარიბის ასეთ აშკარა გამოხატულებას, ასე რომ, იდეა სურათისთვის ადგილზევე მომივიდა. მე შევუთანხმდი მათ მეორე დღეს ჩემს სტუდიაში შეხვედრაზე... ერთი მხრივ, ხნიერი მამაკაცი, სამოცდაათის... მეორე მხრივ, ახალგაზრდა ყმაწვილი... თავის ჭუჭყიან, დაძონძილ პერანგში... ეეჰ! ამგვარი შრომისას ადამიანის ცხოვრება ასე იწყება და ასევე მთავრდება."

ორი რამ არის ცხადი ამ აღწერიდან: კურბეს, როგორც ჩანს, პოლიტიკური განაცხადის გაკეთება ჰქონდა განზრახული და სტუდიაში მან ეს მამაკაცები იმისთვის მიიწვია, რომ, აკადემიური პრაქტიკის მიხედვით, მათზე გულდასმით დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონოდა.

დიდი ზომის მასშტაბურ ტილოზე უბრალო მშრომელი ადამიანების აღბეჭდვით (ტილოს ზომები 1.6X2.59 მეტრია) კურბე პროვოკაციას მიმართავს. ამგვარი ზომის ტილო აკადემიზმის ხელოვნებაში ჰეროიკული თემებისთვის გამოიყენებოდა. კურბემ კი ამ ნამუშევრით განაცხადა, რომ საზოგადოება ღატაკ მშრომელებს ისეთივე მოწიწებით უნდა ეპყრობოდეს, როგორც გმირებს. მხატვარმა უარი თქვა აკადემიზმის დახვეწილ სტილზე, ასევე, ამ სტილისათვის დამახასიათებელ ამაღლებულ თემაზე და უხეში ფართო მონასმებით, მუქი ფერებით, უჩვეულო კომპოზიციითა და ადამიანთა უხეში, მოუქნელი პოზებით ტილოზე თანამედროვე ცხოვრების სიმძიმე და სისასტიკე აღბეჭდა. სცენა აქ ასახულ ადამიანთა უმძიმეს დამამცირებელ მდგომარეობას რეალურად ასახავს. 1865 წელს კურბეს მეგობარმა, ანარქისტმა ფილოსოფოსმა პიერ ჟოზეფ პრუდონმა (Pierre-Joseph Proudhon, 1809-1865) მტეხველნი პირველ სოციალისტურ სურათად მიიჩნია, როგორც "ჩვენი ინდუსტრიული ცივილიზაციის ირონია, რომელიც გაუთავებლად იგონებს შრომის მწარმოებელ ყველანაირ მანქანებს.... და მაინც არ შეუძლია გაათავისუფლოს ადამიანი ყველაზე მძიმე შრომისაგან". თავად კურბე ამ ნამუშევარს უსამართლობის გამოხატულებად თვლიდა.

გუსტავ კურბე. დასაფლავება ორნანში, 1849; ტილო, ზეთი, 3.1X6.6 მ. დ’ორსეს მუზეუმი, პარიზი

დაასრულა თუ არა კურბემ ქვის მტეხველნი, მან ახალი დიდი ტილოს ხატვა დაიწყო. ეს იყო დასაფლავება ორნანში, რომელიც, ქვის მტეხველებთან ერთად, 1850-1851 წლების სალონში გამოფინა. ეს უზარმაზარი სურათი (დაახლოებით 3X6,5 მ) დაკრძალვის სცენას, ფაქტიურად, ნატურალური ზომით წარმოგვიდგენს. ჰორიზონტალურ რიგებად განლაგებული ხალხის მასა სურათის მთელ სიგანეზეა გაშლილი. ცენტრში გათხრილი სამარის წინ მუხლებზე მდგარ მესაფლავეს ვხედავთ. თხრილის თავსა და ბოლოში ძაღლი და ორი ბიჭია გამოსახული. მარცხენა მხარეს წარმოდგენილი წითელ სამოსში გამოწყობილი სამღვდელო პირები გულგრილნი და ერთგვარად გაღიზიანებულნიც კი ჩანან. მარჯვნივ შეჯგუფული სოფლის შაოსანი მოტირლები მწუხარებას სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. დასაფლავება ორნანში შთაგონებული იყო 1848 წელს მხატვრის დედის ბაბუის, 1789 წლის რევოლუციის ვეტერანის, ჟან ანტუან ოდოს დაკრძალვით. თუმცა, სურათი კონკრეტულად ამ პიროვნების დაკრძალვას არ ასახავს, რამდენადაც თავად ოდო, სურათის უკიდურეს მარცხენა მხარეს პროფილშია წარმოდგენილი. მისი გამოსახულება კურბემ ადრეული პორტრეტიდან გადმოიღო. გახსნილი საფლავიდან მარჯვნივ XVIII საუკუნის სამოსში (და არა თანამედროვე სამოსში) გამოწყობილი ორი მამაკაცია გამოსახული. ისინი ოდოს თაობის რევოლუციონერები არიან. საფლავთან მათი ახლოს დგომა მიანიშნებს, რომ ისინი თანამებრძოლის დაკრძალვას ესწრებიან. კურბეს სურათი, შესაძლებელია, საფრანგეთში დემოკრატიის გამარჯვებისთვის მომხდარ 1789 და 1848 წლების რევოლუციებს უკავშირდებოდეს.სურათი ისეთი მასშტაბურია, როგორიც სწორედ რომ გმირის დაკრძალვას შეეფერება, მაგრამ კურბეს ნამუშევარში აღარაფერია დარჩენილი ტრადიციული ისტორიულიმხატვრობისათვის დამახასიათებელი იდეალიზაციისგან. პირიქით, მხატვარი აქ ავლენს დასაფლავების რეალური რიტუალის მთელ ფორმალობას, ადამიანთა გულგრილობასა და სიცივეს. სურათი სალონში გამოფენისთანავე აგრესიული კრიტიკის ობიექტი გახდა; კრიტიკოსებს არ მოეწონათ, რომ კურბემ დასაფლავების ერთი ჩვეულებრივი სოფლის სცენა ისტორიული მხატვრობის მასშტაბამდე აყვანა, აკადემიური კომპოზიციის წესებისადმი უპატივცემულობა გამოიჩინა, უგულვებელყო ისინი და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელებაზე სურათში ერთი მინიშნებაც კი არ გააკეთა. კურბემ იცოდა, რომ მის ნამუშევარს მკაცრად გააკრიტიკებდნენ, მაგრამ ტილო სალონში მაინც წარადგინა. იგი გამიზნულად დაუპირისპირდა აკადემიური ფერწერის წინასწარ გაწერილ თემებს, სტილსა და ხერხებს, რათა დაემკვიდრებინა თავისი ავანგარდული პოზიცია და ნამუშევრების ირგვლივ დებატები გამოეწვია. 1854 წლის სალონის დახურვის შემდეგ, როდესაც მისი ნამუშევრები 1855 წლის საერთაშორისო გამოფენაზე არ წარადგინეს, კურბემ, ბაზრობის ხელოვნების პავილიონის მახლობლად ნაქირავებ მიწის ნაკვეთზე აგებულ დროებით შენობაში თავისი ნამუშევრების ჩვენება გამართა. გამოფენას მან "რეალიზმის პავილიონ" უწოდა და ამით მკაფიოდ გააცხადა სალონისგან თავისი დამოუკიდებლობა. მისი ეს ქმედება შემდგომში სხვა ხელოვანებმაც გაიმეორეს.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები