მამალი ფუტკარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Mamali.PNG

მამალი ფუტკარი - გაუნაყოფიერებელი კვერცხიდან განვითარებული მამრობითი სქესის ინდივიდია, ოჯახში მაის-ივნისში ჩნდება. მამალი ფუტკრის სიგრძე 15-17 მმ-ია, მასა 250 მგ, მამალი ფუტკრის დანიშნულებაა ახალგაზრდა დედა ფუტკართან შეწყვილება. მამალი ფუტკარი სქესობრივად მომწიფებული ხდება კვერცხიდან გამოსვლის მე-8—14 დღის შემდეგ. ოჯახში ასობით მამალი ფუტკარია, იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა დედა ფუტკრის განაყოფიერებისათვის. ფუტკრის ოჯახის თვისებაა, გამოზარდოს დიდი რაოდენობით მამალიფუტკარი, უზრუნველყოს დედა ფუტკრის მამლებთან შეწყვილების საიმედოობა.

ღალის დამთავრების შემდეგ ოჯახში, სადაც ნორმალური ნაყოფიერი დედაა, მუშა ფუტკარი სპობს სამამდე ბარტყს და სკებიდან გარეთ ყრის მამალ ფუტკარს. მამალი ფუტკარი იზამთრებს მხოლოდ უდედო ან გაუნაყოფიერებელ დედიან ოჯახში. გამოზამთრებულ მამალ ფუტკარს შეწყვილების უნარი აქვს.

მამალ ფუტკარს, დედა ფუტკრის მსგავსად მომრგვალებული თავი აქვს. ყველა ფუტკარს აქვს ორი რთული და სამი მარტივი თვალი. მამალი ფუტკრის რთული, ანუ ფასეტიანი თვალი 7-8 000 ცალკეულ პატარა თვალს (ომატიდებს) შეიცავს. მარტივი თვალები შუბლზეა წამოწეული. მამალ ფუტკარს წინა ნაწილზე 12 დანაწევრებული ულვაში აქვს. ისინი შეერთებულია რბილი სიფრიფანებით. ულვაშებზე აქვთ ყნოსვისა და შეხების ორგანოები.

მკერდი ოთხი სეგმენტისაგან შედგება: წინა, უკანა და შუალედურიმკერდთან მიმაგრებულია სამი წყვილი ფეხი და ორი წყვილი ფრთა. მკერდის თითოეული სეგმენტი დაფარულია ზურგის ფარით — ტერტიტითა და მუცლის სტერნიტით. ფეხებით ხდება ყვავილის მტვრის შეგროვება-გადატანა, აგრეთვე ულვაშების გაწმენდა. ფეხი შედგება ხუთი ნაწილისაგან. ესენია: მენჯი, ტაბუხი, ბარძაყი, წვივი და თათი. სახსრებიანი თათი მთავრდება ორი ბრჭყალითა და - მათ შორის ბალიშით. წინა ფეხზე აქვს ულვაშების გასაწმენდი.

მუშა და დედა ფუტკრის მუცელი შედგება ექვსი სეგმენტისაგან, მამალი ფუტკრისა შვიდისაგან. მუცლის ნაწევრები თხელი ქიტინოვანი აპკით შეერთებული ზურგისა (თერგიტები) და მუცლის (სტერნიტები) ნახევარრგოლებია. თითოეული ნაწევარი წინას ფარავს. ასეთი შეერთების შედეგად მუცელს შეუძლია, გაიზარდოს სიგრძეში ვერტიკალური მიმართულებით.

ფუტკრის სხეულის საფარველი შედგება ბაზალური მემბრანის, ერთფენოვანი ეპითელიუმისა (ჰიპოდერმა) და ქიტინოვანი კუტიკულისაგან. ისინი წარმოადგენენ დამცავ ფენასა და გარე ჩონჩხს, რომლებსაც შიგნიდან მუსკულატურა ემაგრება. საფარვლის შეფერილობა პიგმენტზეა დამოკიდებული. ის არის ყვითელი და მუქი (მუქი რუხიდან მუქ ყავისფრამდე). მუცელი დაფარულია ბეწვით, რომელთაგან ერთი შეხების შეგრძნებას ემსახურება, სხვები სხეულს მტვრისაგან იცავენ.

წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები