მელიქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მელიქი - (არაბ. mãlik - მეფე, ხელმწიფე, მმართველი) მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელე გვიანფეოდალურ საქართველოში.

კავკასიაში მელიქის ინსტიტუტმა თავდაპირველად ფეხი მოიკიდა დღევანდელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე სამელიქო ოლქი არსებობდა. ამ ოლქებში მელიქთა ძალაუფლება ირანის შაჰის მიერ მათთვის მინიჭებულ უფლებებს ემყარებოდა. საქართველოში სამელიქო ოლქად იქცა ქვემო ქართლის ნაწილი - ლორე და დებედას ხეობა, რომელიც შაჰ-აბასმა ქართლს ჩამოაჭრა (1601), ხოლო მის მმართველად ადგილობრივი გამაჰმადიანებული აზნაურთაგანი დანიშნა, რომელთა შთამომავლებმა შემდგომში მელიქიშვილების სათავადო სახლს დაუდეს საფუძველი.

რაც შეეხება მელიქს, როგორც ქალაქების სამოხელეო სისტემის რგოლს, იგი ქართლის ქალაქებში XVI ს-ის შუა ხანებში ჩნდება (პირველად იხსენიება 1552 წ-ის საბუთში) იმ პერიოდში, როდესაც თბილისი ყიზილბაშებს ეპყრათ. თავდაპირველად მელიქები ირანის შაჰის რეზიდენტის ფუნქციას ასრულებდნენ ეკონომიკის საკითხებში. მელიქის უმთავრესი ფუნქცია იყო სავაჭრო საქონელზე ნიხრის დაწესებაში მონაწილეობა (რაც მას ქართლის სამეფოს ეკონომიკურ სიტუაციაში ჩარევის საშუალებას აძლევდა) და, ზოგადად, ფასების რეგულაცია, ქალაქის მკვიდრთა შორის დადებული გარიგებების დამოწმება, მონაწილეობის მიღება მსუბუქი სამოქალაქო დავების გარჩევაში და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში კი, ევალებოდა ინფორმაციის მიწოდება ირანის შაჰისათვის. მელიქის სამოხელეო ფუნქციები არსებითად ემთხვეოდა თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების მამასახლისების ფუნქციებს.

როგორც ჩანს, მელიქის შემთხვევაშიც ისეთივე პროცესი განვითარდა, როგორიც სხვა ინსტიტუტების შემთხვევაში - ირანიდან შემოსული სამოხელეო ინსტიტუტები მანამდე არსებული ქართული ინსტიტუტის პარალელურად მკვიდრდებოდა და თანდათან მას ერწყმოდა. სხვადასხვა სახელწოდების, მაგრამ, ფაქტობრივ, ერთი და იმავე დანიშნულების ეს ორი სამოხელეო ინსტიტუტი (მამასახლისისა და მელიქის) ერთი და იმავე პირების, უპირატესად მელიქის ხელში ერთიანდებოდა, რამაც გამოიწვია გაორმაგებული ტერმინის, მელიქ-მამასახლისის წარმოქმნა. თბილისის უკანასკნელი მელიქის დარჩია ბებუთაშვილის გადმოცემით, „მამასახლისობა ქართველთ მეფეთაგან არის დაწესებული... და რაც სარგებლობა ტფილისის მელიქსა აქვს, აგრეთვე, ეგოდენი სარგებლობა ტფილისის მამასახლისსა აქვს, დ აგრეთვე, თანამდებობაცა. როდესაც უწინ მელიქი სხვა ყოფილა და მამასახლისი სხვა“. ქალაქის მელიქი მეფის მიერ დანიშნულ ქალაქის თავს, ანუ მოურავს ექვემდებარებოდა.

მელიქებდ ინიშნებოდნენ ვაჭარ-ხელოსანთა წრეებიდან გამოსული პირები, რომლებიც კონფესიურად, რიგ შემთხვევებში, გრიგორიანულ სარწმუნოებას მიეკუთვნებოდნენ, თუმცა, მათ თანაბრად ეკითხებოდა სხვადასხვა ეროვნების, სარწმუნოებისა და კონფესიის წარმომადგენელთა საქმეები. მელიქის თანამდებობაზე ერთდროულად შეიძლებოდა ორი და ზოგჯერ სამი პირი ყოფილიყო დანიშნული. გარდა მამასახლისისა, მელიქის სახელო შეიძლებოდა მიეღო ქალაქის ნაცვალს, ზარაფთუხუცესს და ა.შ.;

მელიქის თანამდებობაზე თბილისში რამდენიმე საგვარეულო ენაცვლებოდა ერთმანეთს: მირიმანიძე /მირიმანაშვილები, ივანგულაშვილები, შერგილაშვილები, ბეჰბუთაშვილები. ეს უკანასკნელები დიდ მემამულეებად გადაიქცნენ და 1783 წ. თვადობაც მიიღეს. თბილისის გარდა, მელიქები იყვნენ გორშიც, სადაც XVI ს-ის მეორე ნახევარში სამეფო რეზიდენცია იყო გადატანილი; ამასთანავე, გორის მ-ის მნიშვნელობას ზრდიდა ქალაქის სახელოსნო და სავაჭრო-სატრანზიტო ფუნქციები. გორის მელიქის თანამდებობა XVIII ს-ის 80-იანი წლებში გაუქმდა, მისი ადგილი კვლავ მამასახლისმა დაიბრუნა.

ქალაქის (თბილისის) მელიქები და მელიქ-მამასახლისები. XVI-XVIII სს.

  • მირიმან (I) - მელიქი 1573 წ.
  • ასლან [მირიმანაშვილი] - მირიმან (I)-ის შვილიშვილი; მელიქი და მამასახლისი 1590-იანი წწ.
  • მირიმანა (II) მირიმანაშვილი - ქალაქის მელიქი 1630-იანი წწ.
  • ენალა მირიმანაშვილი - ძმა მირიმან (II)-ისა; ქალაქის მელიქი 1640-1670-იანი წწ.
  • ასლამაზ (I) - ქალაქის მელიქ-მამასახლისი 1646 წ.
  • შერმაზან (I) ივანგულაშვილი - ქალაქის მელიქი 1660-იანი წწ.
  • ბეჰბუთა - მელიქი 1661 წ.
  • ყარახანა შერმაზანის ძე ივანგულაშვილი - ქალაქის მელიქი 1672-1679 წწ.
  • შერმაზან (II) ივანგულაშვილი - ყარახანის ძე, ქალაქის მელიქი 1680-იანი წწ.
  • ავთანდილ [მირიმანაშვილი] - ქალაქის მელიქი 1679-1696 წწ.
  • ქაიხოსრო მირიმანაშვილი - ენალას ძე, ქალაქის მელიქი 1683-1693 წწ.
  • მანდენაანთ ლომუა - ქალაქის მელიქ-მამასახლისი 1682-1692 წწ.
  • პაპუა - ქალაქის მელიქ-მამასახლისი 1689-1700 წწ.
  • მანუჩარ - ქალაქის მელიქი 1699 წ.
  • გიორგი - ქალაქის მელიქი 1699-1711 წწ.
  • ზურაბ - მელიქი გიორგის ძე. ქალაქის მელიქი 1712-1713 წწ.; მამასახლისი 1713-1728 წწ.
  • ასლამაზ (II) - ქალაქის მელიქი 1719-1721 წწ.
  • ოსეფა - ქალაქის მელიქი 1725 წ.
  • აშხარბეგ ბებუთაშვილი - ასლანის ძე, ქალაქის მელიქ-მამასახლისი 1712-1735 წწ.; მისი მელიქობის დროს განსაკუთრებულად გაიზარდა ბებუთაშვილების საგვარეულო ქონება.
  • აღა ბებუთაშვილი - აშხარბეგის ძე, ქალაქის მელიქ-მამასახლისი 1735-1747 წწ.; 1748 წ. ერეკლე II-მ შერისხა და მელიქობა ჩამოართვა. რამდენიმე წლის შემდეგ აღა მეფემ შეიწყალა და მიშქარბაშობა უბოძა. 1760 წ. დაიბრუნა მელიქ-მამასახლისობა და ქალაქის ნაცვლობა.
  • ანტონ - ქალაქის მელიქი 1746-1751 წწ.
  • საჰაკ შერგილაშვილი - ქალაქის მელიქი 1751-1760 წწ.
  • ავეტიქა აღას ძე ბებუთაშვილი - ქალაქის მელიქ-მამასახლისი 1768-1795 წწ.
  • დარჩია ავეტიქას ძე ბებუთაშვილი - ქალაქის მელიქ-მამასახლისი 1795-1801 წწ.
  • ალიბეგ - გორის მამასახლისი 1634-1640-იანი წწ.; გორის მელიქი 1646 წ.



წყაროები და ლიტერატურა

  • მესხია 1948: 95;
  • ქისკ 2016: 332, 333, 428, 315, 353, 381;
  • ბოშიშვილი 2013: 12-23, 53-58.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები