ლებანიძე მურმან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მურმან ლებანიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მურმან ლებანიძე

ლებანიძე მურმან − (1922 − 2002), ქართველი მწერალი, პოეტი. დაიბადა აზერბაიჯანის დაბა აღსტაფაში. 1948 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მეორე მსოფლიო ომმა სწავლა გააწყვეტინა და 19 წლისამ ჯერ კავკასიის უღელტეხილზე წარმოებულ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ – ყუბანში. 1943 წელს მძიმე ჭრილობის გამო დაბრუნდა თბილისში. 1946 წლიდან მუშაობდა საყმაწვილო-სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. ლირიკული ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოაქვეყნა. ლებანიძის შემოქმედების წყარო სათავეს იღებს ქართული კლასიკური ლექსიდან და ხალხური ხელოვნებიდან. მის ლექსს ახასიათებს პოეტური ფრაზის მოქნილობა, სიტყვის ეფექტურობა და რითმის დინამიკურობა. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პატრიოტიზმის, სიცოცხლის, სიკეთისა და სილამაზის, დიდი სამამულო ომის, სიყვარულისა და მეგობრობის თემები. თარგმნილი აქვს არაერთი უცხოური პოეზიის ნიმუში, რომელთა შორის გამოირჩევა ძველეგვი პტური პოეზია, იაპონური პოეზია, რობერტ ბერნსის და ხოსე მარტის ლექსები, რუსული პოეზია და ა.შ.


* * *
ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა დავით-მეფე − აღმაშენებელი,
ყოფილან ოპიზრები − გასაშტერებელი;
ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი...
ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა ნიკოფსით დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული;
რტოებგაშლილი და გამოჩინებული,
ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული.
ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები!
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!
ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,
რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.
მაგრამ უცაბედად მადლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.
ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი.
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.
ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.
ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა.
ოთხ მეფეს სულ სისხლის ცრემლები უცრემლია,
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია,
− რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი! −
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი...
ამას მოჰყოლია: „ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“
ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები