მუქიფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუქიფი - (არაბ. muqīf - ძღვენთ მნე). ცენტრალური აპარატის საშუალო რგოლის მოხელე.

ძღვენის მიღება-გაცემა, როგორც საკარო ცხოვრების განუყოფელი წესი, როგორც რიტუალურ ჩარჩოებში მოქცეული კომუნიკაციის ფორმა უცხოელ საპატიო სტუმრებთან თუ ადგილობრივ არისტოკრატიასთან, შუა საუკუნეების მონარქთა კარზე ცალკე სამსახურის არსებობას განაპირობებდა. ძღვენი შეიძლებოდა ყოფილიყო ძვირფასი ნივთები: ჭურჭელი, თვლები, ქსოვილები, ჯვარ-ხატები, ხელნაწერი წიგნები, საბრძოლო საჭურველი, ცხენის აღკაზმულობა და ა. შ., ასევე, „ცოცხალი“: ჯიშიანი ცხენები, ქორ-შევარდენი და სხვ.

XIV ს-ის ერთი საბუთის ცნობით, მეფემ სანადირო ფრინველის მჩუქებელ პირს გლეხები უბოძა: „ორბოძლელსა თეთრი ქორი მიუგვრია დიდის დავით მეფისათუის და მათ ხუედურეთს მცხეთისა გლეხნი ორბოძლელისათუის უბოძებია“. ძვირფასი ძღვენი, როგორც სამეფო ქონების ნაწილი, უნდა აღენუსხათ, შეეფასებინათ და საიმედოდ დაებინავებინათ. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, ასეთ სამსახურს ასრულებდნენ სამი სხვადასხვა უწყების მუქიფები. ესენი იყვნენ საგანმგეოს მუქიფი, საჭურჭლის მუქიფი და საღვინის მუქიფი; „ხელმწიფის კარის გარიგების“ ტექსტიდან ჩანს, რომ ცოცხალი ძღვენის მნე საგანმგეოს მუქიფი იყო („...ცოცხალი მუქიფის ხელით მიაბარონ“), საჭურჭლის მუქიფს კი ძვირფასეულობის მიღება-პატრონობა და მისი საჭურჭლეში დაცვა ებარა. მეღვინეთუხუცესის მუქიფს ევალებოდა, როგორც ჩანს, საძღვნე ღვინის გასავალ-შემოსავლის ანგარიში, რომელიც „საანგარიშოთა“ გოდორსა შინა ინახებოდა. მისი სარგო ყოფილა - „თითო უმცროსი ჭური ღვინო ზვართაგან“. ამრიგად, მუქიფის საქმიანობა სანახევროდ მცველის და სანხევროდ ფისკალურ-სამეურნეო საქმიანობას ითავსებდა. XVII-XVIII სს-ში მუქიფს თავლიდარი ჩაენაცვლა.


წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები