მძორისმჭამელი ფრინველები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრავიჭამია (ბატკანძერი)
ფოტო გ. დარჩიაშვილი
ორბი
ფოტო ი. მაჭარაშვილი
ფასკუნჯი
ფოტო გ. დარჩიაშვილი

მძორისმჭამელი ფრინველები - მძორისმჭამელებს უწოდებენ დიდი ზომის მტაცებელ ფრინველებს, რომლებიც ძირითადად სპეციალიზირებულნი არიან მკვდარი ცხოველების ლეშით კვებაზე და თვითონ მსხვერპლს თითქმის არასოდეს კლავენ. გამონაკლისს ამ ჯგუფიდან წარმოადგენს მხოლოდ პალმის სვავი (Gyphobierax angolensis). რომელიც ერთ-ერთი სახეობის პალმის ნაყოფით იკვებება.

მძორისმჭამელები ყველა კონტინენტზე არიან გავრცელებულნი, ავსტრალიისა და ანტარქტიდის გარდა. ისინი ბუნებრივი თანასაზოგადოების მნიშვნელოვანი წევრები არიან და ჯანსაღი გარემოს კარგ ინდიკატორებად გვევლინებიან, ვინაიდან იმყოფებიან კვებითი ჯაჭვის ბოლოში.

მძორისმჭამელ ფრინველთა ჯგუფში გაერთიანებულია 22 სახეობა, რომელთაც ახალი სამყაროსა და ძველი სამყაროს მძორისმჭამელებად ყოფენ. მათგან პირველში გაერთიანებული 7 სახეობის ფრინველი რომლებიც ბინადრობენ ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში.

მათ რიცხვშია მსოფლიოში ყველაზე დიდი მტაცებელი ფრინველი-კონდორი, რომლის გაშლილი ფრთების სიგრძე 3 მეტრამდე აღწევს. მიუხედავად მტაცებლური იერისა, ევოლუციური წარმოშობით ეს ფრინველები ახლოს დგანან ყარყატებთან. აღსანიშნავია, რომ ფრინველთა სამყაროში მხოლოდ ახალი სამყაროს მძორისმჭამელებს აქვთ განვითარებული ყნოსვა, რაც მათ საკვების მოძებნაში ეხმარება.

ძველი სამყაროს მძორისმჭამელებს, მართალია, ყნოსვა არ გააჩნიათ, მაგრამ ძალზე კარგად აქვთ განვითარებული მხედველობა და მკვდარი ცხოველის გარჩევა დიდ მანძილზე შეუძლიათ. ამ ჯგუფში 15 სახეობის ფრინველია გაერთიანებული, რომლებიც ბინადრობენ ევრაზიის და აფრიკაში. მათი უმრავლესობა წარმოშობით ახლოს დგას არწივებთან.

სისტემატიკურად ძველი სამყაროს მძორისმჭამელებს მიმინოსებრთა (Accipitridae) ოჯახში აერთიანებენ, ხოლო ახალი სამყაროს მძორისმჭამელებს კატარტიდების (Cathartidae) ოჯახს მიაკუთვნებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ძველი და ახალი სამყაროს მძორისმჭამელებს განსხვავებული წინაპრები ჰყავდათ, მრავალი ნიშან-თვისებით და ცხოვრების ნირით ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანათს. როგორც ჩანს, ევოლუციური განვითარების გარკვეულ მომენტში საკვების მოპოვება გართულდა როგორც ერთი, ისე მეორე ჯგუფის ფრინველთათვის. მაშინ, როდესაც ლეშის მოძებნა არც ისე რთული იყო. იმისათვის, რომ გადარჩენილიყვნენ, მათ განიცადეს ადაპტაცია ლეშით კვებაზე, ხოლო დროთა განმავლობაში მთლიანად ამ საკვებზე დასპეციალიზებდნენ. ასე დაემსგავსა ერთმანეთს სრულიად განსხვავებული წარმოშობის ფრინველთა ორი ჯგუფი. ამ პროცესს კონვერგენტული ევოლუცია ეწოდება.

ყველა სახეობის მძორისმჭამელისათვის დამახასიათებელია სხეულის დიდი ზომა, ბუმბულის საფარველს მოკლებული თავი-კისერი (გამონაკლისს წარმოადგენს კრავიჭამია) და სხვა მტაცებელ ფრინველებთან შედარებით სუსტი ნისკარტი და კლანჭები. ეს უკანასკნელი განპირობებულია იმით, რომ მათ არ უხდებათ დიდი ზომის მსხვერპლის დაჭერა და მოკვლა.

მტაცებელ ფრინველთა შორის ისინი ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი პლანირებით ფრენაზე. თავიანთი უზარმაზარი ფრთების წყალობით მძორისმჭამელები იმ ქმნილებებს მიეკუთვნებიან, რომელთაც რამოდენიმე საათის განმავლობაში შეუსვენებლად პლანირების უნარი გააჩნიათ თერმალების (ჰაერის აღმავალი თბილი ნაკადების) გამოყენების ხარჯზე. ფრინველებს ენერგია მხოლოდ აფრენაში ეხარჯებათ, შემდეგ თერმალებს თვითონ აჰყავთ ისინი ზევით.

დღეისათვის, უმრავლესობის შეხედულებით, მძორისმჭამელი ფრინველები საზიზღარი, ბინძური, სიკვდილის მომასწავებელი არსებებია. ასეთი შეხედულება ამ ფრინველებზე მათი გარეგნობისა და ქცევის მანერების გამო და ჩამოყალიბდა. თუმცა ეს ყოველივე ამ ფრინველებისთვის ადაპტაციას წარმოადგენს. რაც საშუალებას აძლევს მათ გადარჩნენ თავიანთ საცხოვრებელ გარემოში ერთ-ერთი მთავარი გარეგნული ნიშანი, რომელიც მძორისმჭამელებისადმი ზიზღს იწვევს, არის მათი ბუმბულის საფარველს მოკლებული თავი, რაც ძალზე ხელსაყრელი საშუალებაა იმისათვის, რომ იკვებონ ხრწნის ნებისმიერ სტადიაზე მყოფი ლეშით, თავი შეყონ მასში გარედან მიუწვდომელი ხორცის თუ შიგნეული ნაწილების ამოსაღებად და ამავდროულად რაც შეიძლება ნაკლებად დაისვარონ. პათოგენურ მიკროორგანიზმებს, რომლებითაც მდიდარია გახრწნილი ლეში შეუბუმბლავი თავი არ აძლევს აქ დასახლების საშუალებას, რაც მათ ეპიდემიებისაგან იცავს.

ჭამის შემდეგ მძორისმჭამელები ხშირად სხდებიან შუაგულ მზეზე, რათა საკვების მცირეოდენი ნარჩენები, რაც მცირე რაოდენობით მაინც ეკვრება თავსა და ნისკარტზე, შეშრეს და ჩამოიფშვნას. მძორისმჭამელებიდან მხოლოდ ერთ სახეობას - კრავიჭამიას აქვს შებუმბლული თავი, რაც იმით არის განპირობებული, რომ მას არ უხდება თავის შეყოფა ლეშში, ის ძირითადად ძვლებით იკვებება, რომლებიც თითქმის მთლიანად არის ხორცისაგან გაწმენდილი და ამიტომ არ ესვრება ბუმბული ხრწნადი, პატოგენური მიკროორგანიზმებით მდიდარი მასით.

იკვებებიან რა ლეშით, ეს ფრინველები წმენდენ გარემოს ეპიდემიების გამომწვევი მიკროორგანიზმებისაგან. მათ აქვთ უნარი იკვებონ ხრწნის ნებისმიერ სტადიაზე მყოფი ლეშით. მათ საჭმლის მომნელებელ სისტემას შეუძლია გადაამუშაოს საკვები, რომელშიც ადამიანისათვის მომაკვდინებელ დოზაზე ასჯერ უფრო მეტი ტოქსინია.

მიუხედავად საკმაოდ დიდი ზომის ნისკარტებისა, მძორისმჭამელ ფრინველებს არ შეუძლიათ გახიონ მოზრდილი ძუძუმწოვრების სქელი ტყავი და დაიწყონ მისი ჭამა, ამიტომ იძულებულნი არიან, დაელოდონ სანამ იგი გარკვეულ დონემდე გაიხრწნება, ან სანამ მას სხვა მტაცებლები გახსნიან. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ შეჭამონ იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის ტყავი დაუზიანებელია, არის თვალები. თუმცა ამას როგორც წესი, მძორისმჭამელებზე ადრე ყორნები აკეთებენ, ვინაიდან მათთან შედარებით უფრო ადრე პოულობენ მკვდარ ცხოველს ან უბრალოდ მათზე გაბედულნი არიან და პირველები მიდიან ლეშთან. (როგორც ჩანს, სწორედ ამ ქცევამ განაპირობა ის, რომ ხალხი ასე ვერ იტანს ყორანს - ფრინველთა სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან წარმომადგენელს). საკმარისია მკვდარი ცხოველის ტყავი სადმე გაიხსნას და მძორისმჭამელებს ხელს აღარაფერი შეუშლის მის ბოლომდე შეჭმაში. მიუხედავად იმისა, რომ მძორისმჭამელებისათვის ძირითად საკვებს წარმოადგენენ ცხოველები, რომლებიც სხვადასხვა დაავადების ან ტრავმების გამო და ზვავებში იღუპებიან, ისინი ასევე პოულობენ მონადირეების მიერ დაჭრილ ცხოველებს, რომლებიც ახერხებენ თავი დააღწიონ მათ და მოგვიანებით იღუპებიან.

საქართველოში ძველი სამყაროს მძორისმჭამელების ოთხი წარმომადგენელი გვხვდება, რომელთაგანაც სამი: ორბი, სვავი და კრავიჭამია მობინადრე სახეობებს წარმოადგენენ, ანუ მთელი წლის განმავლობაში საქართველოში რჩებიან. ფასკუნჯი მხოლოდ ბუდობს, გამოსაზამთრებლად კი სამხრეთში მიფრინავს.

დედამიწაზე გავრცელებული მრავალი მძორისმჭამელი ფრინველის პოპულაცია, სხვადასხვა ანთროპოგენული მიზეზის გამო, დღეისთვის გადაშენების პირას არის მისული. მძორისმჭამელი ფრინველები ძალზე დაბალი რეპროდუქტიულობით გამოირჩევიან. მათი უმრავლესობა წელიწადში მხოლოდ ერთ კვერცხს დებს, ზოგიერთი კი ორ წელიწადში ერთხელ მრავლდება. ამასთან სქესმწიფე ასაკს ფრინველები გამოჩეკვიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ აღწევენ. მათ არ შეუძლიათ გაზარდონ რეპროდუქტიულობის დონე სიკვდილიანობის მომატების საპასუხოდ. ამდენად, სიკვდილიანობის ოდნავი მატებაც კი პოპულაციის გაქრობას იწვევს. მძორისმჭამელი ფრინველები იღუპებიან მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო.


წყარო

აფთარი, გიურზა და სხვები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები