ნასპერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნასპერი – პატარა ლამაზი სოფელი საქართველოში, ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ღვირიშის თემში. მდებარეობს ხვამლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარეების ცხენისწყლისა და რიონის წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან 920 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 10 კმ.

თავიანთი სოფლის სახელწოდების წარმოშობას ნასპერლები დასპერვას (მოსპობა, განადგურება, მუსრის გავლება) უკავშირებენ:

„თაბორლებს დიდი ბრძოლა ქონიათ, მარა მტერი ისე ბევრი ყოფილა, რომე თაბორლებს ეშმაკობა უხმარიაყე: მოკუნტული ჯოხებიზა ქეჩები გადოუფარებიათ. ეს ქეჩები თლა კაცებს დამგვანებია. მტერს უფიქრია, კაცებიაო და დაუცხია ტყვიები. დოუხარჯია მთელი ტყვია-წამალი. მერეთ გამოსულარიენ ციხიდან ჩვენები და თლა გოუწყვეტიაყე. მაშინ თქმულა: მტერი თლა დეისპერაო. დოუთქმევიათ იმ ადგილისათვი ნასპერი. (პ. ქარსელაძე, სოფ. თაბორი).

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული ვარაუდის მიხედვით ტოპონიმი ნასპერი სატომო სახელისაგან (სპერები, სასპერები) გვქონია მიღებული. ეს ტომები, როგორც სპეციალისტები მიუთითებენ, ადრინდელი საუკუნეებიდანვე სახლობდნენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთის პროვინციებში. ტოპონიმ ნასპერის ანალიზის საფუძველზე გამოითქვა ვარაუდი, რომლის მიხედვითაც სპერების სამოსახლოები შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებიდან თურმე ლეჩხუმის მიწებამდეც კი ვრცელდებოდა, რაკი სოფლის სახელი ნასპერი სპერების (სასპერების) ძველი საცხოვრისის აღმნიშვნელ სახელად იქნა გაგებული. აღნიშნული ვარაუდის თანახმად ნასპერი უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ეთნოტოპონიმი (ნა-სპერ-ი): „სოფელი, რომელშიც უძველეს ხანაში სპერების ტომს უცხოვრია“, ჩვენ, რა თქმა უნდა, შორსა ვართ იმ აზრისაგან, რომ სპერების (სასპერების) მიგრაცია დღევანდელი ლეჩხუმის ტერიტორიაზე წარმოუდგენელი იყოს, მაგრამ თვითონ ნასპერის ლინგვისტური (ენათმეცნიერული) ანალიზი ამ ფაქტს მხარს არ უჭერს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ტოპონიმი ნასპერი სრულიად სხვაგვარი ინფორმაციის შემცველი ერთეულია. პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს, რომ ეთნიკური წარმომავლობის ტოპონიმები მარტოოდენ ნა-თავსართით არასოდეს არ ფორმდებოდნენ და არც ამჟამად ფორმდებიან. როცა ტოპონიმში ამა თუ იმ ტომის ოდინდელი სახლობა არის აღნიშნული, მაშინ ქართული ენა საამისოდ ნა-არ-(|| ნა-ალ-), ნა-ევ- აფიქსებს იყენებს: ნა-კახ-არ-ი, ნა-თუშ-არ-ი, ნა-რუს-ალ-ი ნა-თათრ-ალ-ი, ნა–სომხ-არ-ი; ნა-სპარს-ევ-ი. შეუძლებელია ენაში გვქონოდა ასეთი წარმოების სახელები: ნა-კახ-ი, ნა-თუშ-ი, ნა-რუს-ი, ნა-თურქ-ი, ნა-სომხ-ი და მისთ. მაშასადამე, მოულოდნელია ენაში არსებულიყო ნა-სპერ-ი (ეთნონიმური გაგებით).

ჩვენი ვარაუდით ტოპონიმი ნასპერი სვანური ენის ფაქტია. ლეჩხუმის ტერიტორიაზე შენიშნულია მთელი წყება გეოგრაფიული სახელებისა, რომელთა შინაარსობრივი ახსნა მხოლოდ სვანურ ენაზეა შესაძლებელი. მათ რიგს უნდა მივაკუთვნოთ ნასპერიც. ეს ტოპონიმი შეიცავ, წინავითარების ნა- პრეფიქსს და სვანური ტოპონიმიისათვის ძალზე ნიშანდობლივ -ერ სუფიქსს (შდრ. ცაგ-ერ-ი, ისუნდ-ერ-ი, ცხუ-კუშ-ერ-ი, უცხ-ერ-ი, გვალდ-ერ-ი, ლადრ-ერ-ი, ლაშხრ-ერ-ი, ფხუტრ-ერ-ი, ლენჯ-ერ-ი, ცალ-ერ-ი და სხვ.). მაშასადამე, ნასპერ- სახელში ძირისეულ მასალად უნდა გამოიყოს -სპ- ელემენტი, რომელიც, როგორც ირკვევა, სვანური სიპ-უ სიტყვის შეკუმშული ფორმა ყოფილა. სიპ-უ სვანურად ბრუნვას, ტრიალს, გადაბრუნებას ნიშნავს. ბალსზემოურ კილოში მაგ. ლგ-სპ-ე მიწის გადაბრუნების, ყამირის გატეხის გაგებით დასტურდება (გიორგი ნიჟარაძის დამოწმებით). შდრ. ასევე უ-სპ-ა || ვი-სპაა „უ-ბრუნებ-ელ-“; „გადაუბრუნებლად გამომცხვარი პური“. (კლ. გაგუას ცნობით). ქა-ნა-სგპ („გადანაბრუნები“), ქა-ლი-სპ-ე „გადაბრუნება (ტანსაცმლისა) (ე. გაზდელიანის ცნობით). ყოველივე ამის შემდეგ ალბათ აღარ უნდა დაგვაეჭვოს ამ ფაქტმა, რომ ნასპერი (ნა-სპ-ერ-ი) არ შეიძლება ეთნონიმ სპერს, სასპერს უკავშირდებოდეს; იგი როგორც ვთქვით, სვანურია შინაარსობრივადაც და გაფორმების თვალსაზრისითაც. ნასპერი ნიშნავს: „ნაბრუნები მიწა, ადგილი“, „ახლადგადაბრუნებული, ახლადგატეხილი ყამირი“ (შდრ. ქართ. ნა-ტენს-ი).

ნასპერი რომ ეთნონიმ სპერებს (სასპერებს) არ უკავშირდება, იქიდანაც ჩანს, რომ ამ შინაარსის და გაფორმების მიკროტოპონიმები ლეჩხუმში სხვაგანაც გვხვდება. ასე, მაგალითად, სოფ. თაბორში, ადგილ „ციხისგვერდის“ ახლოს არის ვენახი და სახნავ-სათესი ნაკვეთი, რომელსაც ნასპერა ეწოდება. მართალია, ამ ტოპონიმის წარმოშობასაც ადგილობრივ მტრის „დასპერვას“ (გაჟლეტა, პირწმინდად დახოცვა) უკავშირებენ, მაგრამ მისი ნამდვილი შინაარსი ჩვენთვის უკვე ცნობილია სოფ. ლაჯანაში (ცაგერის რ.) ადგილის სახელად გვხვდება აგრეთვე ნასპერალა ღელე. ტოპონიმები ნასპერი, ნასპერა, ნასპერალა ღელე… კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ლეჩხუმის ტერიტორიაზე სვანურენოვანი მოსახლეობის ოდინდელი „სხდომის“ ფაქტზე. ეს კი, თავის მხრივ, გამოგვარიცხვინებს ტოპონიმ ნასპერის სპერების სატომო სახელის მიხედვით წარმომავლობას.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები