ნეოფუნქციონალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეოფუნქციონალიზმი – ევროპული ინტეგრაციის ამხსნელი პირველი თეორია ნეოფუნქციონალიზმი გახდა. ნეოფუნქციონალიზმის სკოლის მთავარი წარმომადგენლები ერნსტ ჰაასი (1958), ლეონ ლინდბერგი (1963; 1966) და ფილიპ შმიტერი (1970) არიან. ნეოფუნქციონალიზმი – საერთაშორისო პოლიტიკის პლურალისტურ თეორიას წარმოადგენს. ტრადიციუილი რეალისტური თეორიებისგან განსხვავებით, მას სახელმწიფო ერთიან, უნიტარულ აქტორად არ მიაჩნია. ასევე, მას არ მიჩნია, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მონაწილეები მხოლოდ ქვეყნები არიან.

ევროპული ინტეგრაციის საწყის პერიოდში, ნეოფუნქციონალიზმი ყველაზე პოპულარული და აღიარებული თეორიული მიდგომა იყო. ნეოფუნქციონალისტები ცდილობდნენ, აეხსნათ, თუ როგორ და რატომ ერთიანდებოდნენ მეზობელი სახელმწიფოები ერთმანეთთან სუვერენიტეტის ფაქტობრივი ატრიბუტების დაკარგვითა და მათ შორის კონფლიქტების გადაჭრის ახალი ინსტრუმენტების მიღების გზით. არსებობდა – ნეოფუნქციონალიზმის არგუმენტის ოთხი ძირითადი ნაწილი:

  • „სახელმწიფოს“ კონცეფციის გაგება უფრო რთულია, ვიდრე ამას რეალისტები აცხადებენ.
  • ინტერესთა ჯგუფებისა და ბიუროკრატიული აქტორების საქმიანობა მხოლოდ შიდა პოლიტიკური სივრცით არ არის შეზღუდული.
  • არასახელმწიფო, არასამთავრობო აქტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთაშორისო პოლიტიკაში.
  • ევროპული ინტეგრაციის განვითარება „გადაღვრის“ (spillover) მეთოდით მიმდინარეობს.

რეალისტებისგან განსხვავებით, ნეოფუნქციონალისტები ამტკიცებდნენ, რომ ქვეყნების საერთაშორისო ქმედებები შედეგი იყო იმ პლურალისტული პოლიტიკური პროცესებისა, რომლებშიც მთავრობების გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები და ბიუროკრატიული აქტორები. ასე რომ, თუ ექსპერტი/ანალიტიკოსი ზუსტად შეძლებდა სხვადასხვა გავლენის ჯგუფების სიძლიერისა და მიმართულების/ორიენტაციის დადგენას, იგი საერთაშორისო ურთიერთობებში მთავრობის სავარაუდო ქმედებებსაც წინასწარ განსაზღვრავდა.

ნეოფუნქციონალისტები ელოდნენ, რომ ეროვნულ დონეზე არსებული ინტერესთა ჯგუფები სხვა ქვეყნის მსგავს ჯგუფებს დაუკავშირდებოდნენ. მსგავსი ლოგიკითვე, სახელმწიფოს ორგანოები სხვა სახელმწიფოში მათივე კოლეგებთან (საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით) ურთიერთობებს გააღრმავებდნენ. მოგვიანებით, ამ ურთიერთობებს გლობალური ურთიერთდამოკიდებულების თეორიის დამფუძნებლებმა კოჰეინმა და ნაიმ „ტრანსნაციონალიზმი“ (ინტერესთა ჯგუფების შემთხვევაში) და „ტრანსგავერნმენტალიზმი“ (ბიუროკრატიული აქტორების შემთხვევაში) უწოდეს.

ნეოფუნქციონალიზმის სკოლის მიმდევრები ამტკიცებდნენ, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში არასახელმწიფო აქტორებსაც შეეძლოთ გავლენის მოხდენა. თავიანთი არგუმენტისთვის კი მოჰყავდათ მულტინაციონალური კორპორაციების აქტივობები. თუმცა, ნეოფუნქციონალისტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არასახელმწიფო საერთაშორისო აქტორი მაინც ევროპული კომისია იყო. მათი რწმენით, კომისიას უნიკალური პოზიცია ეკავა, ვინაიდან იგი ევროპული ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებისთვის მთავრობებზე ზეგავლენას ახორციელებდა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ეს საერთაშორისო ურთიერთობების ახსნის რეალისტურ მიდგომას ეწინააღმდეგებოდა, ვინაიდან ეს მოსაზრება ეჭვქვეშ აყენებდა რეალისტურ შეხედულებას საერთაშორისო არენაზე სახელმწიფოების ექსკლუზიურ უფლებებისა და როლის შესახებ.

ნეოფუნქციონალისტები იყენებდნენ გადაღვრის კონცეფციას იმის ასახსნელად, თუ როგორ ხდებოდა პროცესი დამოუკიდებლად სიცოცხლისუნარიანი და როგორ „ითრევდა“ იგი ამ პროცესში სახელმწიფოებს მას შემდეგ, რაც ისინი ინტეგრაციის გზაზე გადადგავდნენ პირველ, საწყის ნაბიჯებს. ლინდბერგის განმარტებით, გადაღვრა გულისხმობს სიტუაციას, რომლის დროსაც კონკრეტული ქმედება, რომელსაც კონკრეტული მიზანი გააჩნია, ქმნის დამატებით მდგომარეობას, სადაც საწყისი მიზნის მიღწევა მხოლოდ დამატებითი აქტივობების განხორციელებით არის შესაძლებელი. ეს დამატებითი აქტივობები, თავის მხრივ, შემდეგში ქმნის დამატებით სიტუაციას და სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელების საჭიროებას და ასე შემდეგ.

ძირითადად, გამოყოფენ ორი ტიპის გადაღვრას: ფუნქციურს და პოლიტიკურს. თუმცა, მოგვიანებით ლიტერატურაში ევროპული ინტეგრაციის გაღრმავების პროცესში კომისიის როლის ასახსნელად განვითარდა ე.წ. „კულტივირებული“ გადაღვრა (ავტორები, მაგალითად, ტრანჰოლმ-მიკელსენი). ასევე, 2000-იან წლებში გაფართოების ასახსნელად ჩამოყალიბდა ეგზოგენური გადაღვრის ცნებაც (ავტორი, მაგალითად, ნიიმანი).

  • ფუნქციური გადაღვრა – თანამედროვე ინდუსტრიული ეკონომიკები ერთმანეთთან დაკავშირებული ნაწილებისგან შედგებოდა. ამიტომ მათი ერთმანეთისგან იზოლაცია შეუძლებელი იყო. ამ ლოგიკით, ნეოფუნქციონალისტები ამტკიცებდნენ, რომ თუ წევრი ქვეყნები მოახდენდნენ ეკონომიკის ერთი კონკრეტული სფეროს ინტეგრაციას, ამ და სხვა სექტორებს შორის ურთიერთდამოკიდებულება სხვა სექტორებში გადაღვრას, ანუ სხვა სექტორების ინტეგრაციასაც გამოიწვევდა. სხვა სიტყვებით, ერთი სექტორის ინტეგრაცია წარმატებული იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ სხვა ფუნქციურად დაკავშირებული სფეროების ინტეგრაციაც განხორციელდებოდა.
  • პოლიტიკური გადაღვრა ფუნქციური გადაღვრის ზემოთ ხსენებულ ტექნიკურ ლოგიკას, ნეოფუნქციონალისტებმა პოლიტიკური გადაღვრის იდეაც დაუმატეს. იგი გულისხმობდა სახელმწიფოებს შორის ინტეგრაციის გაღმავების მხარდამჭერი პოლიტიკური წნეხის გაძლიერებას. მას შემდეგ, რაც მოხდებოდა ეკონომიკის ერთი სექტორის ინტეგრაცია, ამ სფეროში მოღვაწე ინტერესთა ჯგუფები თავიანთ წნეხს, გავლენას გაავრცელებდნენ სუპრანაციონალურ დონეზე იმ ინსტიტუტის მიმართ, რომელიც არეგულირებდა ამ სექტორს. ანუ ფოლადისა და ქვანახშირის ევროპული თანამეგობრობის შექმნა აიძულებდა ფოლადისა და ქვანახშირის ინდუსტრიებს ყველა წევრ ქვეყანაში, რომ ნაწილობრივ მაინც მიემართათ თავიანთი პოლიტიკური ლობი ეროვნული მთავრობებიდან ახლად შექმნილი სუპრანაციონალური სააგენტოსკენ – ფოლადისა და ქვანახშირის ევროპული თანამეგობრობის უმაღლესი ხელისუფლებისკენ. მსგავსადვე მოიქცეოდნენ შესაბამისი სავაჭრო კავშირები და მომხმარებელთა ჯგუფები.
  • ნეოფუნქციონალისტები ფიქრობდნენ, რომ მას შემდეგ, რაც ეს ინტერესთა ჯგუფები თავიანთი საქმიანობის ფოკუსს ევროპულ დონეზე გადაიტანდნენ, ისინი მალევე გააცნობიერებდნენ და დააფასებდნენ ამ სფეროში ინტეგრაციისგან მიღებულ მათთვის მომგებიან შედეგებს. ასევე, ისინი დაინახავდნენ იმ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიდნენ ამ მოგების სრულ რეალიზებას. იმ მიზეზით, რომ ეს ბარიერი იყო სხვა სექტორების ინტეგრაციის პროცესების გარეთ დატოვება (ანუ ერთი სექტორის ეფექტური ინტეგრაცია შეუძლებელი იყო სხვა სფეროების ინტეგრაციის გარეშე), ეს ინტერესთა ჯგუფები ნელნელა აქტიურად დაუჭერდნენ მხარს ინტეგრაციის გაღრმავებას და ამისათვის მოახდენდნენ ეროვნული მთავრობების ლობირებას. ურჩი ან სკეპტიკურად განწყობილი მთავრობების მიმართ კი ისინი წინააღმდეგობას გასწევდნენ და ყველანაირად შეეცდებოდნენ ინტეგრაციის გაღრმავებას და შემდეგში ინტეგრაციის ხარისხის (მინიმუმ) შენარჩუნებას. გარდა ამისა, მთავრობებზე დამატებითი წნეხი განხორციელდებოდა იმ ინტერესთა ჯგუფებიდანაც, რომლებიც დაინახავდნენ, რომ მათი კოლეგები ინტეგრირებული სფეროებიდან იღებდნენ დამატებით შემოსავლებს, პრივილეგიებს. შესაბამისად, მსგავსი უპირატესობების მიღების მიზნით, ისინიც დაუჭერდნენ მხარს საკუთარი სექტორების ინტეგრაციას.
  • ნეოფუნქციონალისტები ასევე ხედავდნენ, რომ გადაღვრის პროცესს აქტიურად უჭერდა მხარს და ანვითარებდა კომისია. იგი აძლიერებდა ევროპული თანამეგობრობის მასშტაბით არსებულ ინტერესეთა და გავლენის ჯგუფებს, ამყარებდა ეროვნული დონის ინტერესთა ჯგუფებთან და სამოქალაქო საჯარო სექტორის ბიუროკრატიულ აქტორებთან მჭიდრო ურთიერთობებს, რომლებიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენდნენ ეროვნულ მთავრობებზე. ამ პროცესს ზოგიერთმა მკვლევარმა კომისიის მიერ „კულტივირებული“, მხარდაჭერილი, წახალისებული გადაღვრა უწოდა.
  • 1958 წელს ერნსტ ჰაასმა პირველად გამოიყენა ტერმინი „გეოგრაფიული გადაღვრა“ იმისათვის, რომ ბრიტანეთზე ინტეგრაციის საგარეო გავლენები განეხილა. თუმცა, კონცეფციის სრულყოფილი განვითარება მხოლოდ 2006 წელს ნიიმანის მიერ მოხდა. მისი აზრით, ნეოფუნქციონალიზმი გაფართოების პროცესის ახსნისთვის/სიღრმისეული გაგებისთვის სათანადო ინსტრუმენტებს, არგუმენტებს იძლეოდა: ინტეგრაცია იწვევდა, ქმნიდა ისეთ წინააღმდეგობებსა და საჭიროებებს, რომლებიც ეფექტურად ვერ იქნებოდა გადაჭრილი, დაკმაყოფილებული ინტეგრაციის ხარისხის და ინტენსივობის გაზრდით ან პოლიტიკის სფეროებისა და შინაარსის სრულყოფით. მკვლევარის მტკიცებით, ამისათვის საჭირო იყო ტერიტორიული გაფართოება, ექსპანსია. სწორედ ამიტომ დაერქვა ამ პროცესს გეოგრაფიული, ეგზოგენური გადაღვრა.

1950-იან წლებში ნეოფუნქციონალიზმი წარმატებით ხსნიდა მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით, ფოლადისა და ქვანახშირის ევროპული თანამეგობრობიდან ევროპულ თანამეგობრობაზე ტრანზიციას, გადასვლას. თუმცა, 1960-იან წლებში მდგომარეობა შეიცვალა, დაიწყო ნეოფუნქციონალიზმის დასასრულის დასაწყისი. დე გოლმა ვეტოს გამოყენება დაიწყო, 1965-1966 წლებში კი „ცარიელი სკამის“ კრიზისმა იჩინა თავი, ეროვნულმა მთავრობებმა სრული ძალაუფლება დაიბრუნეს და შეეძლოთ ინტეგრაციის ბუნება და მიმართულება სურვილისამებრ შეეცვალათ და ეკონტროლებინათ. შესაბამისად, ნეოფუნქციონალიზმმა ამხსნელი ძალა მნიშვნელოვნად დაკარგა.

წყარო

ევროკვშირის ინსტიტუტები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები