ნიუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიუკა

Arum albispathum Stev. ex Ledeb. [A. italicum Mill. subsp. albispathum (Stev. ex Ledeb.). Prime; A. italicum auct.] – მოთეთრო ნიუკა, ქალაკოდა მეგრულად – კურდღელიში ყუჯი, ღვინდ-ღუმუში ჯინჯი, ღვინი დო ღუმუ.

ეფემეროიდული გეოფიტია,მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე წაგრძელებული ფესურის მსგავსი, კვერცხისებრი ტუბერით. საყვავილე ღერო უფოთლოა, 20-40 სმ სიმაღლის, ფოთლის ყუნწზე უფრო გრძელი. ფოთლები ფესვთანურია, შუბისებრ-ისრისებრი, ბადენერვიანი ფირფიტითა და გრძელი, ქვემოთ ვაგინისებრ გაფართოებული ყუნწით. ყვავილები პატარა ზომისაა, მოყვითალო-მომწვანო შეფერილობის, შეკრებილია ტაროსებრ ყვავილედებად. ნაყოფი კენკრის მსგავსია, კაშკაშა წითელი ან ნარინჯისფერი, წვნიანი. თესლი სფერულია, მოყავისფრო-ყვითელი. ყვ. IV-V; ნაყ. V-VI. იზრდება ფოთლოვან (რცხილნარ, წიფლნარ-მუხნარებში) და მუქწიწვიან ტენიან ტყეებში, ბუჩქნარებში, მთის ქვედა და შუა სარტყელში, ზღვ. დ. 1400 მ სიმაღლემდე.

მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია, განსაკუთრებით მისი ნაყოფები — ნედლი კენკრა; მოხარშვის ან გაშრობის შემდეგ შხამიან თვისებებს კარგავს. სამკურნალო ნედლეულს ნედლი ტუბერები წარმოადგენს, რომლებსაც აგროვებენ ფოთლების განვითარებამდე. ტუბერები შეიცავს 70%-მდე სახამებელს, 0,5% ზეთებს, საპონინებსა და ალკალოიდების მსგავს აქროლად ნივთიერებას — არონინს 0,1% (Гаммерман, Гром, 1976).

ნიუკაში შემავალი საპონინები მოქმედებენ ლორწოვან გარსზე, რაც იწვევს ნერწყვდენის გაძლიერებას და პირღებინებას, ხოლო დიდი დოზით მიღებისას — ნერვული სისტემის დამბლას.

ქართულ ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენებოდა საჭმლის მომნელებელი სისტემის არანორმალური მუშაობის, რევმატორული ანთებისა და ნევრალგიის შემთხვევაში (შენგელია, 1985).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები