ნუმერაციის ანბანური სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნუმერაციის ანბანური სისტემა – თვლის არაპოზიციური სისტემების ყველაზე სრულყოფილ სახესხვაობას წარმოადგენს რიცხვის აღნიშვნის ანბანური სისტემა, ანუ ანბანური ნუმერაცია, რომელიც გაჩნდა ძვ. წ. V ს-ში. მას ჩვეულებრივ იონური სისტემა ეწოდება. ანბანური თვლის სისტემებია: იონური (ძველი საბერძნეთი), ებრაული, არაბული, ქართული, სომხური და სლავური.

სხვადასხვა ხალხის ანბანური ნუმერაცია

ანბანური თვლის სისტემასთან მიახლოებულ თვლის სისტემას წარმოადგენს ეგვიპტური იერატული სისტემა, რომელიც არსებობდა იეროგლიფურთან ერთად ძველ ეგვიპტეში 2000 წლის წინ ჩვენს ერამდე. იგი გამოიყენებოდა სამეურნეო და ოფიციალური დოკუმენტებში, აგრეთვე მათემატიკურ პაპირუსებში; ამის მაგალითებია ორი უძველესი პაპირუსი – მოსკოვის პაპირუსი (ინახება მოსკოვში, ა. პუშკინის სახ. სახვითი ხელოვნების მუზეუმში) და რინდის პაპირუსი (ინახება ბრიტანეთის მუზეუმში; რინდი – ინგლისელი ეგვიპტოლოგი, რომელიც ამ პაპირუსს შეისწავლიდა). ამ პაპირუსებში ჩანაწერები გაკეთებულია იერატული სისტემით. იერატული სისტემით დამწერლობა დასაწყისში წარმოიქმნა იეროგლიფებისაგან ცალკეული სიმბოლოების შერწყმისა და ჩქარი წერის შედეგად. იერატული სისტემა პრინციპულად განსხვავდებოდა იეროგლიფებისაგან იერატულ სისტემას შეიძლება ვუწოდოთ ციფრული სისტემა (ციფრული პრინციპი).

ეგვიპტელების მიერ მიერ შემოღებული ციფრული აღნიშვნის იდეა წარმოადგენს ერთგვარ წინ გადადგმულ ნაბიჯს ნუმერაციის განვითარებაში იეროგლიფურ ნუმერაციასთან შედარებით. ეგვიპტური იერატული ნუმერაციის ტიპს მიეკუთვნება სინგალეზური ნუმერაციაც. თვით ეგვიპტეში ძვ. წ. VI ს-ში გავრცელება ჰპოვა დემოტიურმა დამწერლობამ, რომელიც იერატულის შემდგომ სახესხვაობას წარმოადგენს.

ნუმერაციის ანბანური სისტემა, როგორც ჩანს, პირველად საბერძნეთში გამოიყენეს. ამას ადასტურებს უძველესი წარწერა, რომელიც ამ სისტემით იყო შესრულებული ძვ. წ. V ს-ის შუა წლებში გალიკარნასში (მცირე აზიაში). ყველა ანბანურ სისტემაში რიცხვები 1-დან 9-მდე, ყველა ათეული და ასეული აღნიშნულია ინდივიდუალური სიმბოლოებით ანბანის მიმდევრობითი ასოების საშუალებით.

ნუმერაციის ბერძნულ ანბანურ სისტემაში ყველა რიცხვი 999-მდე ჩაიწერებოდა ციფრებისათვის 27 ინდივიდუალური ასო-ნიშნის შეკრების პრინციპის საფუძველზე. რადგანაც, ჩვეულებრივ, ბერძნულ ანბანში მხოლოდ 24 ასოა, ამიტომ რიცხვების აღსანიშნავად გამოყენებული იყო კიდევ სამი ასო.

ნუმერაციის ანბანური სისტემის დიდი ნაკლი იყო ამ სისტემით დიდი რიცხვების ჩაწერის შეუძლებლობა.

ის, რომ ანბანური სისტემები გახდნენ ახალი, უფრო მაღალი ტიპის სისტემები, დაამტკიცა ისტორიული განვითარების მთელმა სვლამ.

რუსული ანბანური ნუმერაცია გადმოღებული იყო ბერძნულიდან.

საერთოდ, სლავური ანბანით რიცხვების აღნიშვნა X ს-ში შემოიღეს. ასეთი აღნიშვნის შემოღებას მიაწერენ სლავური ანბანის შემდგენელი კირილს (გარდაიცვალა 869 წ.). რიცხვების აღნიშვნის სისტემა აგებული იყო იონური სისტემის მსგავსად (ძველი საბერძნეთი), რომელსაც იყენებდნენ ბიზანტიაში; ამასთანავე, რიცხვითი მნიშვნელობა მიიღო მხოლოდ იმ ასოებმა, რომლებიც შეესაბამებოდა ბერძნული ანბანის ასოებს. ამ სლავურ სისტემას კირილიცას უწოდებდნენ. ტექსტში რიცხვის აღსანიშნავად ყოველ ასოს ან მთელი რიცხვის გამომსახველ ასოთა ჯგუფს ზემოდან უწერდნენ ~ ნიშანს (ტიტლოს). ათასის აღსანიშნავად კირილის ანბანში იყენებდნენ იმავე ასოებს, ოღონდაც მარცხნიდან ქვემოთ სვამდნენ ნიშანს.

რიცხვის აღნიშვნის მეორე სლავური ხერხი – გლაგოლიცა – აღარ ჰგავს იონური სისტემას; ამ ანბანური ნუმერაციის ასოთა მნიშვნელობა მკაცრად შეესაბამება მათ ანბანურ რიგს.

XVII ს-ის რუსულ მათემატიკურ ხელნაწერებში უკვე იყენებდნენ ნუმერაციის თანამედროვე სისტემას, რომელმაც განდევნა ანბანური ნუმერაცია.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ამ დროს და უფრო მოგვიანებითაც იყენებდნენ მხოლოდ რომაულ ნუმერაციას, რომელიც მიეკუთვნებოდა თვლის სისტემის უფრო დაბალ ტიპს.

პირველი წიგნი, რომლის გვერდებიც დანომრილი იყო რომაული ციფრებით, გამოვიდა 1471 წ-ს, კიოლნში.

ანბანური ნუმერაციის კვალი დღესაც შემორჩა. ჩვენ ხშირად ვნომრავთ ასოებით სხვადასხვა მოხსენების, რეზოლუციის და ამა თუ იმ ტექსტის „პუნქტებს“ და ა. შ., თუმცა ნუმერაციის ანბანური ხერხი შემოგვრჩა მხოლოდ რიგითი რიცხვების აღსანიშნავად. ჩვენ ანბანის ასოებით არასოდეს არ აღვნიშნავთ რაოდენობრივ რიცხვებს და, მით უმეტეს, არ ვახდენთ მოქმედებებს ანბანის სისტემით ჩაწერილ რიცხვებზე.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები