პარამეტრი (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარამეტრი (ბერძნ. παραμετρεω ნიშნავს „ვზომავ ერთ ნივთს მეორეთი“, „ვზომავ რაიმეს, ვადარებ რაღაცას“.) παραμετρον – გადამზომი, შემფარდებელი.

1. განტოლებაში, განტოლებათა სისტემაში ან ინტეგრალში შემავალი ცვლადი ან მუდმივი სიდიდე, რომელიც არ განიხილება როგორც საძიებელი, პირიქით, ამონახსნა ან ინტეგრალი იძებნება ამ ცვლადზე დამოკიდებული.

2. მუდმივი სიდიდე, რომელიც ახასიათებს რაიმე მათემატიკურ ობიექტს.

3. დამხმარე ცვლადი, რომელიც შედის რომელიმე ფორმულაში, განტოლებაში ან გამოსახულებაში და რომელზეც დამოკიდებულნი არიან მათემატიკური ობიექტის განმსაზღვრელი სხვა სიდიდეები.

ჩვეულებრივ პარამეტრი წარმოადგენს სკალარულ სიდიდეს ან ნამდვილ რიცხვს. პარამეტრი აღინიშნება რომელიმე ალფაბეტის ასოთი. პარამეტრები ჩვეულებრივ შედის განტოლებათა კოეფიციენტებში; ისინი შეიძლება იყოს მუდმივი ან ცვლადი (დროზე ან სისტემის კოორდინატებზე დამოკიდებული). ხშირად, მოცემული ამოცანის პირობებში პარამეტრს იხილავენ, როგორც მუდმივ რიცხვს, მაგრამ სხვა ამოცანაში იგი განიხილება როგორც ცვლადი.

ტექნიკაში პარამეტრი არის სიდიდე, რომელიც ახასიათებს პროცესის, მოვლენის, სისტემის, ტექნიკური მოწყობილობის რომელიმე თვისებას. მაგალითად, მექანიკურ სისტემებში ასეთი სიდიდეებია: მასა, ხახუნის კოეფიციენტი, ინერციის მომენტი, დაჭიმულობა და ა.შ. განტოლებაში ax2+bx+c=0 კოეფიციენტები a,b,c არიან პარამეტრები; განტოლების ამოხსნისას იგულისხმება, რომ ისინი მუდმივი სიდიდეებია; x – ცვლადია.

პარამეტრმა შეიძლება გამოსახოს კუთხის სიდიდის მნიშვნელობა, წირის რკალის სიგრძე და სხვა სკალარული სიდიდეები.

კონუსურ კვეთათა თეორიაში ტერმინი „პარამეტრი“ შემოიღო მიდორჟმა (1631); მისი პარამეტრი იყო იმ ქორდის ტოლი, რომელიც გადის კონუსური კვეთის ფოკუსში ღერძის პერპენდიკულარულად.

ლაიბნიცი პარამეტრს უწოდებდა დიფერენციალური განტოლების ზოგად ამონახსნში შემავალ ნებისმიერ მუდმივს, ხოლო 1684 წლიდან – განტოლებაში შემავალ ნებისმიერ მუდმივ სიდიდეს.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები