პას-კრასანი (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პას–კრასანი

პას-კრასანი(Passe-Crassane; Edel Crassane, Neue Crassane).მსხლის ჯიში პას-კრასანი, წარმოშობით საფრანგეთიდან არის, მიღებულია, როგორც თესლნერგი, ბუანბიულის მიერ 1855 წ.

საქართველოში პას-კრასანი ცნობილია „თამრიკოს მსხლის“ სახელწოდებით. იგი ცოტად თუ ბევრად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მეხილეობის თითქმის ყველა რაიონში. უფრო მეტად ვხვდებით კახეთში, შედარებით ნაკლებად – ქართლის ქარიან ადგილებში, რადგანაც პას-კრასანს მეტად მაღალი მტვრევადი ტოტები აქვს და არა მარტო ნაყოფი სცვივა ქარისაგან, არამედ ტოტებიც მთლად ელეწება ისე, რომ მარტო ვარჯის შუა მთავარი ტოტრბი რჩება ხოლმე.

ნაყოფი მსხვილია, ზომით 90X90 მმ, წონით 300–600 გრ. ხან ამაზე უფრო მეტიც; მომრგვალო, ბირთვისებრი მოყვანილობისაა, გარეგნობით ესპერენ ბერგამოტის ნაყოფს წააგავს. ნაყოფი ხეზე კუნწულ-კუნწულ, იშვიათად თითო-თითოდ ვითარდება.

ჯამი დახურული ან ნახევრად დახურული აქვს და ზის განიერ და არაღრმა მონაოჭებულ ბორცვიან ღრუში.

ნაყოფის ყუნწი საშუალო სიგრძისაა, მსხვილი, სწორი ან ოდნავ მოხრილი, ოდნავ თავკომბალა, ზის პატარა, მრგვალ ღრუში.

ნაყოფის კანი თხელია, მკვრივი, ოდნავ ხაოიანი, მოკრეფისას მონაცრისფრო-მწვანე, სრულ სიმწიფისას კი ღებულობს ფორთოხლისებრ-ყვითელ ელფერს, ნაყოფის მთელ ზედაპირზე გაფანტულია ჟანგაროს წვრილი წერტილები. ყუნწის ღრუდან კი სხივებივით გამოდის ჟანგაროს ხალები. მზის მხარეზე იშვიათად მკრთალი სიწითლე დაჰკრავს. სრულ სიმწიფისას კანი თხელდება და ხახვის ფერფლივით თხელი ხდება.

ნაყოფის ხორცი მოყვითალო თეთრია, ძლიერ წვნიანი, მდნარი, ტკბილი, მცირე სასიამოვნო მჟავიანობით. და ოდნავ შესამჩნევი ტანიდით. ნაყოფი სრულ მოხმარებით სიმწიფეში შედის დეკემბერში. საწყობში ძლებს იანვარ-მარტამდე. თუ ნაადრევად დაიკრიფა საწყობში ჭკნება და იჭმუჭნება; თუ დაგვიანებით დაიკრიფა, მაშინ ერთბაშად მწიფდება და შენახვის პერიოდი ძლიერ უმოკლდება. მოკრეფის შემდგომ ნაყოფი არ უნდა იოფლებოდეს, არამედ პირდაპირ უნდა იგზავნებოდეს ცივ საწყობებში.

ხე საშუალო ზრდისაა, ინვითარებს ვიწრო პირამიდულ ვარჯს, შემოსილია უხვი, ხშირი და მუქი მწვანე ფოთლებით. ხე და არც ყვავილი არ არის ყინვაგამძლე. ყვავილობა გვიანი და ხანგრძლივი იცის. ყვავილი თვითსტერილია. მის კარგ გამანაყოფიერებლად ითვლება ბერე-ბოსკი. ახასიათებს პართენოკარპული ნაყოფის განვითარება. ნაყოფჭამია მეტის-მეტად ეტანება. ხე ადრე იწყებს მოსავლის მოცემას.

პას-კრასანი ეკუთვნის უხვმოსავლიან ჯიშებს, მაგრამ აშკარა მეწლეურია. სასაქონლო გამოსავალი დიდი აქვს, რადგანაც ნაყოფი თანაბარზომიერი აქვს და კარგი კვებისა და ხელსაყრელი ჰავის პირობებში დაწმენდილი მოსავალი იცის, ქეცით საშუალოდ ავადდება.

ნაყოფის მაღალი ხარისხი, უხვი და ადრეული მოსავლიანობა, ზამთრის პერიოდის მოხმარებითი სიმწიფე და კარგი ტრანსპორტაბელობა პას-კრასანს უსათუოდ სამრეწველო ღირებულების ჯიშად ხდის. საქართველოში ზოგიერთ რაიონისათვის შეტანილია სამრეწველო ასორტიმენტში (კახეთისათვის), იქ, სადაც მყუდრო, თბილი, უქარო ადგილებია, ზომიერტენიანი და ნოყიერი ნიადაგებია; მაგ.; ლაგოდეხის პას-კრასანი საუცხოვო საზამთრო სამრეწველო ჯიშად უნდა ჩაითვალოს. ნაგალა კულტურად მისი წარმოება აგრეთვე მიზანშეწონილია.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები