პირთა შერქმეული სახელები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირთა შერქმეული სახელები – მეტსახელები, ნაწარმოები სახელები, რომელთაც ძირითადად ეფუძნება ანთროპონიმული სისტემის ჩამოყალიბება-განვითარება ადრეულ (XV-XVI სს.) ეტაპებზე. ისინი თავისუფლად ითავსებენ ოფიციალურად მიჩნეული გვარების ფუნქციას. ინფორმაციული დატვირთულობის თვალსაზრისით აგნომენები, ანუ შერქმეული სახელ-გვარები უფრო ტევადია, ვიდრე მათ გვერდით არსებული მცირერიცხოვანი, „ოფიციალური“ გვარები, ბევრი აგნომენი გვარის გაფორმების ძირითად წყაროს წარმოადგენს, რამდენადაც აქედან იღებს სათავეს პირთა სადაურობა-წარმომავლობის, ხელობა-საქმიანობის, კონფესიურ-სარწმუნოებრივი კუთვნილებისა და მისტ. აღმნიშვნელი გვარები. აგნომენთა დიდი ნაწილი გვართა ამოსავალ ფუძეებად წარმოგვიდგება შემდეგ გვარებში:

მკერვალის შვილი გიორგი – შდრ. გვარი მკერვალიშვილი (|| კერვალიშვილი | კირვალიშვილი; კარდენახელი აპრილა – კარდენახლიშვილი, აპრილაშვილი; გიორგი, გამილაღდის შვილი – გამილაღდიშვილი; მეოთხძლე ბერი – ოთხმეზური (< ოთხმეძლური): ლურჯა გოგია – ლურჯიშვილი; მეცხვარე ჰაპუნა – მეცხვარიშვილი, მეცხვარიაშვილი: ფოცხვერა, ჭიანის ობოლი – ფოცხვერია, ფოცხვერაშვილი; გიორგი დანაჭრელას შვილი – დანაჭრელაშვილი; გიორგი ხაბაზი – ხაბაზიშვილი; შუშანა ხევსური – ხევსურიშვილი; ცოტა ჟანგირა – ცოტაძე, ცოტნიაშვილი; ქადისგული აყრილი – ქადიგულაშვილი; მეჭურჭლის შვილი იასე – მეჭურჭლიშვილი; ტაბარუკის შვილი დათუნა – ტაბარუკიშვილი; გიორგი ნაბიჭვარი – ნაბიჭვრიშვილი; ხაჭაპური დემეტრე – ხაჭაპურიძე: მეუნაგრის შვილი, პაპუნა – მეუნაგრია | მეუნარგია; თამაზა მეზვრე – მეზვრიშვილი… აგნომენთა გარკვეული ნაწილი გვარად არ გაფორმდა. მაგ., გველეშაპის შვილი, თავფაშვიანის შვილი…

ქართულ ანთროპონიმიაში დადასტურებულ აგნომენურ ერთეულებს შორის საკმაოდ ბევრია ისეთი წარმონაქმნები, რომლებშიც ნათლად მოჩანს პირთა უცხოენობრივი კუთვნილება: ავაგუმა – ავაგუმაშვილი; ავსაჯან – ავსაჯანაშვილი; ავღანი – ავღანიშვილი; ათაბეგი – ათაბეგაშვილი; ალთუნა – ალთუნაშვილი; ამბარღანი (ამბარ-დან-, მე-ამბრ-ე) – ამბარდანაშვილი, ამირგულა – ამირგულაშვილი, ასაბაღა – ასაბაღაშვილი; ამირხანა – ამირხანაშვილი…

გ. ბედოშვილი


ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ი. საქართველოს ეკონომიური ისტორიის ძეგლები, I – დემოგრაფიული ძეგლები. თბ., 1967;
  • ჭუმბურიძე ზ. დედაენა ქართული, თბ., 1987;
  • თოფჩიშვილი რ. როდის წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები, თბ. 1997.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები