პოსტკოლონიური დისკურსი ხელოვნებაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შირინ ნეშათი. მეამბოხე სიჩუმე, 1994; შავ-თეთრი, ღჩ ბეჭდვა, მელანი ფისით დაფარულ ქაღალდზე დაბეჭდილ შავ-თეთრ ფოტოზე (ს. ფრესთონის ფოტო), 27.9X35.6 სმ. ბარბარა გლედსთოუნის გალერეა, ნიუ იორკი

პოსტკოლონიური დისკურსი ხელოვნებაში – სულ უფრო მზარდი მიგრაციის, გლობალური კომუნიკაციისა და ეკონიმიკის პირობებში, 1990-იან წლებში, პიროვნული, პოლიტიკური, კულტურული და ეროვნული იდენტობის საკითხები წამოიჭრა. პოსტკოლონიური ეპოქის არტისტებმა იდენტობის სადაო და პოსტკოლონიური ხალხების იდენტობისთვის ბრძოლის საკითხებს მიმართეს. მათ დაიწყეს იმ დისონანსის კვლევა, რომელიც კოლონიზატორებსა და კოლონიზაციას თავდაღწეულ ხალხებს შორის არსებულმა ტრანსნაციონალურმა გაუგებრობამ ან კომუნიკაციამ გამოიწვია. ამ არტისტთაგან მრავალის, მათ შორის შირინ ნეშათის და რაშიდ არაინის სამეტყველო ენა უჩვეულოა, თუმცა ის გულწრფელ და მნიშვნელოვან, ახალ შემოქმედებით ხმად გაისმა.

სარჩევი

შირინ ნეშათი

ნამუშევარში მეამბოხე სიჩუმე, რომელიც 1994 წელს შექმნილი ფოტო-სერიის ალაჰის ქალები ნაწილია, შირინ ნეშათი (Shirin Neshat, დ. 1957) დასავლეთში დამკვიდრებულ ირანელი ქალების სტერეოტიპს იკვლევს და ამტკიცებს, რომ ისლამური იდენტობა ბევრად უფრო მრავალფეროვანი და რთულია, ვიდრე მას აღიქვამენ. ნეშათის ალაჰის ქალის თითოეულ ფოტოზე აღბეჭდილია იარაღი და ირანელი ქალების სხეულის ნაწილები - ხელები, ტერფები, რომლებზეც ფარსიზე დაწერილი ტექსტია დატანილი. მეამბოხე სიჩუმეში ქალი ტრადიციული ჩადრითაა მოსილი, თუმცა მისი სახე გახსნილია, მას კალიგრაფიულად დაწერილი ტექსტი ფარავს, თოფის ლულა კი ორად ყოფს. წარწერაცა და თოფიც თითქოს მაყურებლისგან იცავს ქალს, მაგრამ ვერგაგებისა და უცხოობის შეგრძნება, რომელსაც ისინი ბადებს, გვაიძულებს ის გარკვეულ კატეგორიას მივაკუთვნოთ. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ქალი ჩადრს ატარებს, იგი ფოტოდან პირდაპირ მაყურებლისკენ იყურება გამომწვევად, ეგებება ჩვენს მზერას და გვიბრუნებს მას. ქალი გვიწვევს ვაღიაროთ ის პიროვნებად, ამ შემთხვევაში, ძლიერ, მშვენიერ ქალად, მაგრამ, რაც უნდა პარადოქსული იყოს, იმავდროულად გვაიძულებს მასში ჩადრიანი ირანელი ქალის სტერეოტიპი დავინახოთ. ნეშათი უპირისპირდება ჩვენს მიკერძოებულ წარმოდგენებს, ამასთან კი, თანამედროვე ირანში ქალების მდგომარეობის საკითხებს წამოჭრის.

რაშიდ არაინი

რაშიდ არაინი. მწვანე სურათი IV, 1985-1986; ხუთი ფერადი ფოტო, ურდუს ტექსტი და აკრილი წებოვანი ფირფიცრის ოთხ პანელზე, 1.75X2.08 მ. ხელოვანის კოლექცია

პაკისტანელი არტისტი, რაშიდ არაინი (Rasheed Araeen, d.1935) ლონდონში ცხოვრობს. 1978 წელს მან დააფუძნა ჟურნალი შავი ფენიქსი (1989 წლიდან მას მესამე ტექსტი ეწოდა), რომელიც პოსტკოლონიური ხელოვნების, კულტურისა და ეთნიკურობის საკითხებზე მომუშავე წამყვან გამოცემას წარმოად¬გენდა. არაინის 1985-1986 წლების ნამუშევარი მწვანე სურათი IV ცხრა, თანაბარი ზომის პანელისგან შედგება. ჯვრის ფორმის წარმომქმნელი, ხუთი ცენტრალური პანელი წარმოგვიდგენს ფოტოებს რიტუალური მსხვერპლთშეწირვისთვის გამზადებული ხარის თავისა, რომლის კისერს გირლანდები ამშვენებს. გამოსახულების ზედა და ქვედა ნაწილები ურდუზე დაწერილი ტექსტითაა მოჩარჩოებული. დანარჩენი ოთხი პანელი მწვანედაა დაფერილი. მწვანე - პაკისტანის დროშის ძირითადი ფერი და ძალზე მნიშვნელოვანი ფერი ისლამურ კულტურაში - რაშიდისთვის ახალგაზრდულ გამოუცდელობასთან და მწვანე ყლორტის მოქნილობასთან ასოცირდება. არაინი ამბობს, რომ მისი ნამუშევრები მხოლოდ დასავლური და პაკისტანური კულტურების შრეებისგან არ შედგება, რომ ისინი "ჭრისა და გაგლეჯვისკენ" არის მიმართული და იკვლევს პოსტკოლონიურ დისონანსებსა და გაუგებრობებს. იგი ამტკიცებს, რომ ბრიტანელი ან ამერიკელი მაყურებლები, მის ნამუშევრებში მაგალითად, ჯვრის ამოცნობისას, თითქმის ყოველთვის, ქრისტიანულ პრიზმაში კითხულობენ პაკისტანურ კულტურას და ამგვარად, ამრუდებენ, არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ და სტერეოტიპად აქცევენ "სხვას". არაინის ხელოვნება მოგვიწოდებს უფრო ნიუანსირებულად გავიაზროთ კულტურები და გავითვალისწინოთ მათი საკუთარი პირობები და საკუთარი ვიზუალური ენა.

ბერნი სეარლი

ბერნი სეარლი. უსათაურო, სერიიდან შემღებე, 1998; მაიქლ სთივენსონის გალერეა, ქეიფთაუნი © ბერნი სეარლი

ბერნი სეარლის (Berni Searle, დ.1964) ხელოვნება აპარტეიდის ფონზე ჩამოყალიბებულ, საკუთარ, სამხრეთაფრიკულ იდენტობას იკვლევს. სერიაში შემღებე ის ფოტოზე აღბეჭდავს ფხვიერი პიგმენტით დაფარულ საკუთარ თავს და სხეულს. პიგმენტი ფერს უცვლის მის კანს წითლიდან ყვითლამდე, ყავისფრამდე და თეთრამდე. სეარლი მოგვიწოდებს გავაცნობიეროთ, რომ ადამიანის რასა და იდენტობა არ არის ისეთი მარტივი, როგორც კანის პიგმენტაცია, რომ გარეგნული მხარე და ზედაპირული მახასიათებლები არ განსაზღვრავს პიროვნებას. პიგმენტაციის არამდგრადობა ხაზს უსვამს სტერეოტიპების არასტაბილურობას და რეალური იდენტობის სირთულეს.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები