პოსტმოდერნიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოსტმოდერნიზმი – ფართო კულტურული მიმდინარეობა, რომელიც გაიგივებულია „დაღლილ“, „ენტროპიულ“ (გაურკვეველ) ეპოქასთან, სადაც მეფობს ესქატოლოგიური (რელ. – „სამყაროს დასასრული“) განწყობილება. მას ახასიათებს ესთეტიკური მუტაცია, სტილების ეკლექტიკური შერევა. ავანგარდისტულ მიდრეკილებას სიახლისაკენ, აქ ერწყმის მისწრაფება, რომ თანამედროვე ხელოვნებაში შეტანილ იქნას მსოფლიო მხატვრული კულტურის გამოცდილება, თუნდაც ირონიული ციტირების გზით. მოდერნისტული კონცეფცია სამყაროს ქაოტურობის შესახებ, აქ იცვლება სურვილით, რომ ეს სამყარო გააზრებულ იქნას გათამაშების პოზიციიდან. პოსტმოდერნისტული ესთეტიკის სპეციფიკა ითვალისწინებს კლასიკური ტრადიციების არაკლასიკურ გააზრებას. იგი ემიჯნება კლასიკას, მაგრამ გაურბის მასთან კონფლიქტს და ცდილობს მოარგოს იგი ახალ თეორიულ საფუძვლებს. პოსტმოდერნისტული ესთეტიკა პრინციპულად ანტისისტემური, ადოგმატური, კონცეპტუალური სქემების გარე მდგომი მოვლენაა. მისი მთავარი სიმბოლოა ლაბირინთი. აქედან მომდინარეობს ორიენტაცია ასონანსზე, ასიმეტრიაზე. ამაღლებულს ცვლის საკვირველი, ტრაგიკულს – პარადოქსული. ცენტრალურ ადგილს იჭერს კომიკური თავის ირონიულ ჰიპოსტასში. მოზაიკურ პოსტმოდერნისტულ ხელოვნებაში ირონია აზრის წარმომთქმელი პრინციპია.

პოსტმოდერნიზმის მეორე თავისებურებაა ხელოვნების სრული გახსნილობა, ორიენტაცია შეუცნობელზე, გაურკვეველზე. მან მოდერნიზმისგან ისესხა მხატვრული და ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ხედვის ძირითადი პოსტულატები, რომელთაგან უმთავრესია ზედროულობა და ზენაციონალურობა. იგი ხაზგასმით გლობალური ხელოვნებაა. ამასთანავე, მოდერნიზმისგან განსხვავებით, პოსტმოდერნიზმი არ ცდილობს შექმნას ესთეტიკური დოქტრინები. მისი მიზანი მარტივია – გაამთლიანოს მსოფლიოს ხელოვნება, წაშალოს ზღვარი ელიტარულ და მასობრივ კულტურას შორის.

პოსტმოდერნიზმმა მოდერნიზმისგან ისესხა ფორმის პრიმატიც, ხელოვნების უნივერსალური ენისკენ სწრაფვა, რომლის შემწეობით ხელოვნების ნიმუში გასაგები უნდა გახდეს ყველა ადამიანისათვის, განურჩევლად მრწამსისა და ეთნიკური კუთვნილებისა.

პოსტმოდერნიზმი უგულებელჰყოფს ინტელექტუალურ კარჩაკეტილობას და თვითმიზნურ ექსპერიმენტებს. ხელოვნებისგან იგი მოითხოვს ემოციურობას, გრძნობებზე ზემოქმედების მძლავრი ბერკეტების გამონახვას. ამ მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი მისაღებია, მათ შორის ტექნიკური მიღწევების გამოყენებაც.

პოსტმოდერნიზმი შეეცადა მეცნიერული და მითოლოგიური აზროვნების მორიგებასაც. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ პოსტმოდერნისტულ ნაწარმოებებში მეცნიერული დასკვნები კი არ უპირისპირდება ეზოთერიკას, არამედ ნაყოფიერად თანამშრომლობს მასთან.

პოსტმოდერნიზმს დასაშვებად მიაჩნია ხელოვნების ნაწარმოებში კლასიკოსთა „ციტირება“ მათი სახელის მოხსენიების გარეშე. ხელოვნებას იგი წარმოებად თვლის და საუკეთესო პროდუქტის მისაღებად ყველა ხერხს მიმართავს. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ საშემსრულებლო ხელოვნებაში დასესხება არ ითვლება პლაგიატობად.

ინდივიდუალური შემოქმედების სანაცვლოდ, პოსტმოდერნიზმი ამკვიდრებს გუნდურ შემოქმედებას. აქაც გათვალისწინებულია წარმოების ყოვლისმომცველი პრინციპი. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ პოსტმოდერნიზმს გამოკვეთილი ლიდერები და ავტორიტეტები არ ჰყავს.

პოსტმოდერნიზმში წარმატების კოეფიციენტი განისაზღვრება ნაწარმოების კომერციული წარმატების მიხედვით. ამითაც აიხსნება ის ვითარება, რომ იგი, გარკვეულწილად, პირდაპირ კავშირში იმყოფება კერძო დამფინანსებლებთან. პოსტმოდერნიზმი უთუოდ გულისხმობს პირდაპირ ალიანსს კერძო კაპიტალთან.

პოლისტილისტიკამ, უნივერსალური მხატვრული ენისაკენ სწრაფვამ, ადამიანის კონცეფციისა და კონფლიქტებისადმი დისკურსიულმა მიდგომამ, ძირფესვიანად შეცვალა დრამატურგიის წამყვანი როლი და რეჟისორს სპექტაკლის შემომქმედის მისია დააკისრა. ახალი ამოცანების წინაშე დადგა მსახიობიც, რადგან სპექტაკლის პოლისტილისტიკამ მისგანაც მოითხოვა უნივერსალიზმი. XXI საუკუნეში პოსტმოდერნიზმმა საგრძნობლად იცვალა სახე და ტრანსმოდერნიზმთან ერთად წარმატებით შეეცადა საზოგადოებრივ პრობლემატიკასთან მიახლოებას. პოსტმოდერნიზმმა მოიპოვა ლიდერის პოზიციები თეატრალური პროცესების რთულ დინამიკაში.

მ. გეგია

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები