სასწაული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასწაული - წმიდა მამათა განმარტებით, სასწაული არის საქმე, რომელიც ბუნებრივ წესრიგზე მაღლა დგას და თავისი უჩვეულობით განცვიფრებას იმსახურებს. ჭეშმარიტი სასწაული აღემატება კაცობრივ ძალას, მისი ქმნის უნარი აქვს მხოლოდ მას ვინც შემოქმედია და განმგებელი ყოველივესი, მოციქულთა სიტყვით რომ ვთქვათ, ვისაც უპყრია ყოველივე „სიტყვათა მით ძლიერთა მისისაითა“.

ნეტარი ავგუსტინეს სიტყვით რომ ვთქვათ: „სასწაული არის უჩვეულო გამოცხადება ღვთის ნებისა, სასწაულებრივ ძალას ფლობს სიტყვა წმიდა წერილისა მის ბაგეებში, ვინც თავისი არსებით დაუახლოვდა ღმერთს. მაცხოვარი გვასწავლის: გაქუნდეთ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ, ამინ გეტყვით თქუენ, ვითარმედ, რომელმან ჰრქუას მთასა ამას. აღიფხუერ და შთავარდი ზღუად! და არა შეორგულდეს გულსა თვისსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ რომელი თქუას, იქმნეს და იყოს ეგრე“,

ყოვლისშემოქმედმა აღასრულა სამი უმთავრესი სასწაული, საფუძველი ყველა სხვა სასწაულებისა:

I. მან არაარსისაგან შექმნა სამყარო;
II. თავის ხატად და მსგავსად შექმნა ადამიანი, მისცა მას თავისუფალი ნება და შემოქმედების ნიჭი;
III. როდესაც ცოდვით დაცემული ადამიანი სიკვდილის მონა შეიქმნა, უზენაესმა განახორციელა მესამე უმთავრესი სასწაული: კაცობრივი ხორცი შეიმოსა და ჭეშმარიტად განკაცდა ღმრთის მეორე იპოსტასი - ღმრთის ძე - იესო ქრისტე, რომელმაც შემუსრა ხრწნილება და სასწაულებრივად იშვა ყოვლადუბიწო ქალწულისაგან, იგი სიმდაბლით იქცეოდა კაცთა შორის, ვნება და შერურაცხყოფა დაითმინა თავის ქმნილებათა ხელიდან, იგვემა ჯვარზე, აღესრულა ვითარცა ჭეშმარიტი კაცი, აღდგა მესამე დღეს, ვითარცა ჭეშმარიტი ღმერთი, დათრგუნა სიკვდილი და ადამიანთა მომავალი აღდგომა მოასწავა, კაცობრივი ბუნებით ამაღლდა ზეცად და ღვთაებრივ წიაღში აღამაღლა ადამიანის განღმრთობილი არსება. საფუძველი ამ უდიდესი სასწაულისა იყო ღვთის ყოვლად უანგარო სიყვარული თავის ქმნილებისადმი. ეს სიყვარული რის თავი და თავი ყოველივესი, მიზეზი უფლის ყველა სასწაულისა, რომელიც ადამიანის ხსნას, მის სიკეთეს ემსახურება.


წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები