საშემოდგომო ხორბალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საშემოდგომო ხორბალი

საშემოდგომო ხორბალიხორბლის მარცვლის მსოფლიო წარმოებაში საშემოდგომო ხორბლის ხვედრითი წილი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი საგაზაფხულო ფორმებისა. საშემოდგომო ხორბალი უკეთესად იყენებს ნიადაგის ტენს, ივითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას, აქვს ბარტყობის მეტი უნარი, მარცვლის მომწიფებას რამდენიმე დღით ადრე ამთავრებს, პროდუქციის ხარისხიც მაღალია და მოსავალი უფრო სტაბილური. საშემოდგომო ხორბალი გრძელი დღის მცენარეა. მისი ყვავილობა ინტენსიურად მიმდინარეობს ხანგრძლივი განათების პირობებში. ყვავილობის ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი კვირაა. მარცვლის მომწიფება დამოკიდებულია ჯიშსა და კლიმატურ პირობებზე. მშრალ სიცხიან ამინდში ყვავილობაც და მარცვლის მომწიფებაც უფრო ადრე მთავრდება, ვიდრე გრილი ამინდის პირობებში. საშემოდგომო ხორბალი უფრო გვალვაგამძლეა, ვიდრე საგაზაფხულო. საშემოდგომო პურეულისათვის საქართველოს მიწათმოქმედების გარკვეულ ზონაში მინდორს ამუშავებენ თესვამდე რამდენიმე თვით ადრე. დამუშავების ამ წესს „ანეული“ ეწოდება. შედარებით მშრალსა და გვალვიან რაიონებში საშემოდგომო ხორბლის საუკეთესო წინამორბედად ითვლება სუფთა ანეული.

საშემოდგომო ხორბლის აგროტექნიკურ ღონისძიებათაგან გასათვალისწინებელია სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ საშემოდგომო ხორბლისათვის თესლბრუნვაში საუკეთესო წინამორბედად ითვლება სათოხნი კულტურები: სიმინდი, შაქრის ჭარხალი, კარტოფილი და სხვ. ამდენად, საქართველოს პირობებში საშემოდგომო ხორბალი ძირითადად ითესება სათოხნი კულტურებისაგან გათავისუფლებულ მინდორზე, რომელიც უნდა მოიხნას ადრე, აგვისტოს დამლევს, სექტემბრის დასაწყისამდე, 12-14 სმ სიღრმეზე, ბალახიანი მინდორი უფრო ღრმად იხვნება - 25-30 სმ-ზე. თესვის წინ 2-3 დღით ადრე აუცილებელია ნიადაგის გაფხვიერება 5-6 სმ სიღრმეზე. ვიწრო მწკრივებად თესვის შემთხვევაში მწკრივთაშორის მანძილი დაახლოებით 6-8 სმ-ია; ფართო მწკრივებად თესვის დროს, დაახლოებით 30-40 სმ-ია. აღსანიშნავია, რომ ჯვარედინად ან ვიწრო მწკრივებად თესვის შემთხვევაში, ნათესი უკეთ არის დაცული ქარებისაგან. თესლის ჩათესვის სიღრმე დაახლოებით 5-8 სმ-ია; აღმოცენება იწყება 3-4 O C პირობებში. გვიანი თესვის დროს მცენარე ვერ იღებს სითბოს საჭირო რაოდენობას. ნაადრევად თესვის დროს, თუ ნიადაგში საკმაოდ არის ტენი, მცენარე ადრე იწყებს აღმოცენებას და ბარტყობას, ნაბარტყიც უფრო ძლიერია. საშემოდგომო ხორბლის მოთხოვნილება ტენზე განსაკუთრებით იზრდება გაზაფხულზე. ფესვის ძირითადი მასა ნიადაგის სახნავ ფენაში 20-25 სმ სიღრმეზეა. საშემოდგომო ხორბალი კარგ მოსავალს იძლევა ჰუმუსიან შავმიწა ნიადაგზე. მოსავლიანობის გაზრდის საკმაოდ ეფექტური ღონისძიებაა მინერალური და ორგანული სასუქების გამოყენება. საშემოდგომო ხორბალი ძირითადად ითესება დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ლაგოდეხის, ყვარლის, გურჯაანის, თელავის, საგარეჯოს, გარდაბნის, მარნეულის რაიონებში. საშემოდგომო ხორბლის მოსავლიანობაზე დიდ გავლენას ახდენს ჯიშის რაობა და თესლის ხარისხი. საშემოდგომო ხორბლის თესვის ვადები საქართველოს სხვადასხვა რაიონში ერთი და იგივე არ არის, რადგან რაიონები თავისი კლიმატური ბუნებრივი პირობებით ერთმანეთისაგან მკვეთრადაა განსხვავებული. დაბლობ ზოლში, სადაც ზამთრის სიცივეები გვიან იწყება, თესვა უნდა ჩატარდეს უფრო მოგვიანებით - 1 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე. მაღალმთიან ზოლში, სადაც სიცივე ადრე იწყება, თესვა უნდა დაიწყოს 5-10 სექტემბრიდან და დამთავრდეს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის 5 რიცხვამდე; საშუალო ზოლში საშემოდგომო ხორბლის თესვისათვის საშუალო ვადები უნდა იქნეს შერჩეული (აბესაძე, 1955; ჩხენკელი, 1947, 1952; ბადრიშვილი, 1981; გოცაძე, მაისაია, 2015).


წყარო

საქართველოს აგრარული კულტურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები