საწნახელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საწნახელი
საწნახელი
საწნახელი ქვის

საწნახელი - ყურძნის დასაჭყლეტ-დასაწური ჭურჭელი. არსებობს სამი ძირითადი ტიპი: ქვის, ქვიტკირით ნაშენი და ხის.

მეღვინეობაში ყურძნის დაწურვას ქვის საწნახელში უძველესი ისტორია აქვს. დღემდე მოღწეულია როგორც კლდეში ამოკვეთილი საწნახლები, ასევე კირ-ხსნარით აშენებული. ეთნოგრაფიულ ყოფაში დასტურდება ერთიან ლოდში ამოკვეთილი საწნახლები. (ქვის საწნახელების საუკეთესო ნიმუშები დასტურდება იმერეთში, განსაკუთრებით ქვის დამუშავებით განთქმულ ცენტრებში; ჭოგნარი, სეფარეთი). ქვის საწნახელები 2-დან 4 მეტრის სიგრძისაა, სიმაღლე - 40-60 სმ, მოყვანილია ხის საწნახელის მსგავსად. აქვს ზურგი, ტანი, გვერდები, წინპირი, ინდური, რომელიც გახვრეტილია ტკბილის გამოსვლისათვის. ქვის საწნახლისთვის საჭიროა საუკეთესო უტალო და უარტაშანო ქვა, რომელიც მოტყდება ურო-სოლის მეშვეობით. ითლება სათლელებით და სატეხებით. საწნახლის კეთება მიმდინარეობს 2-3 თვის განმავლობაში. თავისი მნიშვნელობის გამო იგი იშვიათ ნივთთა რიცხვში ექცევა და იმერეთში „საგანძურსაც“ უწოდებენ.

ტერმინ „საწნახელში“ ფაქტობრივად გამოხატულია მოქმედება, რომელიც ყურძნის ჭყლეტა-წნეხვას გულისხმობს. პრეისტორიულ ადამიანს ყურძენი ხელით უნდა დაეჭყლიტა და ეს პროცესი ალბათ გრძელდებოდა მანამ, ვიდრე კულტურული ვაზის მეურნეობა არ გაიჩინა. საგულისხმოა, რომ ძველ საქართველოში ყურძნის დაწურვა სცოდნიათ ტყავზე, გოდორში, ვარცლზე, სელის ტომრებში, მაგრამ განვითარებული მეღვინეობისა და მაღალი დონის მეურნეობის მაჩვენებელი საწნახელია, რომლის უძველესი, კლდეში ნაკვეთი ნიმუშები ამიერკავკასიაში IV ათასწლეულით თარიღდება. ასეთი, კლდეში ამოკვეთილი საწნახელები, საქართველოში ამჟამადაც არსებობს უფლისციხეში, ნეკრესში, ვარძიაში, გარეჯში. მათი დამუშავების ხელოვნება და გამოყენების პრაქტიკა, აშკარად მიგვანიშნებს, რომ ამ დროის საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობა მაღალ სამეურნეო დონეზეა ასული.

საწნახლის მეორე ტიპია - კირხსნარით აშენებული საწნახლები, გავრცელებული საქართველოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით კი ქართლსა და კახეთში. ასეთი საწნახლები ზოგჯერ გაყოფილი არიან ორად, შავი და თეთრი ყურძნისათვის და ორივეს ცალ-ცალკე გააჩნდა წვენის გადმოსასვლელი ინდური - ნახევრად ღია მილი. კირხსნარით აშენებული საწნახლები დიდი მასშტაბური სამეურნეო საქმიანობისათვის იყო განკუთვნილი.

ხის საწნახლისათვის საუკეთესო ხედ ითვლება ცაცხვი. სასაწნახლე ხეს წინასწარ შეიგულებენ, ზამთრის დამდეგს მოჭრიან, ერთ წლამდე ადგილზე დატოვებენ. მერე ნაჯახით გათლიან, გულს ამოუღებენ და საბოლოო დამუშავებისთვის სახლში მიიტანენ. საწნახელი მარანში იდგმება კედელთან, ხის ან ქვის სადგამებზე, ბოლო აწეული აქვს იმდენად, რომ ტკბილი იოლად დაეშვას ინდურისაკენ. საწნახელში ყურძენს დატკეპნიან თავგანიერი ხის უროთი. მწურავები შიშველი ფეხით ფრთხილად გადაუვლიან საწნახელში ჩაყრილ ყურძნის მასას. მერე ბოლოდან მოჰყვებიან და ნელი წნეხვით იწყებენ თანაბარ ჭყლეტას. როცა ყურძენი აითქვიფება, ნაჭყლეტ მასას მიყრიან საწნახლის უკან, შემდეგ გაუგდებენ ნიჩაბს და ზემოდან შედგებიან. რამდენიმე ასეთი პროცესის გამეორების შემდეგ ჭაჭას მთავარი წვენი გამოსული აქვს და გამზადებულია წბერში გასატარებლად. საწნახლებში ადრე სცოდნიათ წნელით დაწნული ჩელტების ჩადება, რასაც ზემოდან დააფენდნენ ჩადის, ჩადუნას ფოთლებს, იმ მიზნით, რომ ტკბილს არ გამოყოლოდა წიპწა და ჭაჭა. ჩადუნას ფოთლების მომეტება ზოგჯერ ღვინოს სპეციფიკურ გემოს აძლევდა და აქედან მოდის გამოთქმა „ჩადის გემო აქვსო“. დიდი და გამორჩეული საწნახელი ოჯახის ძლიერების სიმბოლოს წარმოადგენდა. დასავლეთ საქართველოს საახალწლო რიტუალში მარანი და საწნახელი იქცეოდა ერთ უმთავრეს ობიექტად, რომელთა ეშვეობითაც ადამიანები ღმერთს გამრავლებასა და ბარაქიანობას შესთხოვდნენ.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები